ამ პერიოდში „სამიზდატის“ გამოცემები უმთავრესად ავანგარდულ ლიტერატურას ეთმობოდა. ეს ავანგარდიზმი XX საუკუნის მეორე ნახევრის ევროპული, უფრო ამერიკელი და გერმანელი პოეტების მკრთალი ანარეკლი იყო. ეს იყო ფორმის ძიება და ხშირად უკვე არსებულის გამეორება. მკრთალი ანარეკლი ამ შემთხვევაში მწიგნობრულ ელფერს გულისხმობს. არც ეს იყო ცუდი, მაგრამ უფრო მეტად ბუნებრივი გარემოდან მცენარის გადმონერგვას ჰგავდა. პოეტი გარკვეულ დროსა და სივრცეში ცხოვრობს და მისი ლირიკის მკვებავი წყარო მისივე დრო და გარემოა. ის სისხლხორცეულად უნდ იყოს დაკავშირებული თავის გარემოსთან, ცხოვრებასთან და, უპირველეს ყოვლისა, თავის ენასთან. თუ ეს ასე არ არის, მაშინ პოეტი ამოვარდნილია კონტექსტიდან და მის შემოქმედებას ცხოველმყოფელობა აკლია. შინაარსი ბუნებრივად უნდა ბადებდეს ფორმას.
XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართულ პოეზიაში გალაკტიონ ტაბიძემ გამართა თავისი შემოქმედება მსოფლიო რადიუსით. ის წერდა, მსოფლიო ნგრევათა კვლავ მოწმე გავხდებითო, მისივე სიტყვებია: „დაისერა მსოფლიო გამოუცნობ წყლულებით“. მისი ხედვის თვალსაწიერი მთელ მსოფლიოს იტევს, ჩვენ კი დღეს, მიუხედავად იმისა, რომ კულტურულ სამყაროსთან, ევროპასთან ინტეგრაციას მივესწრაფვით, მაინც ამოვარდნილები ვართ მსოფლიო სატკივართა თუ საფიქრალთა გლობალური კონტექსტიდან. ეს ამოვარდნა არამხოლოდ ოთხმოცდაათიანი წლებიდან, უფრო ადრეული პერიოდიდან იწყება.
ოთხმოცდაათიანი წლები და მომდევნო პერიოდიც, როგორც უკვე ვთქვით, ფორმალურ ძიებებს ეთმობოდა. ამაში ცუდი არაფერია. ესეც ითქვა, მაგრამ არის კი წარმატებული ცდები? უფრო ზუსტად: მოერგო კი ფორმა შინაარსს? ამგვარ ძიებათა სფერო ინდივიდუალურია, მაგრამ ამ ძიებათათვის მეტნაკლებად შემზადებული ნიადაგი – გარკვეული ტრადიცია და მსოფლმხედველობა უნდა არსებულიყო. არსებობდა?
ადამიანი კულტურის შემოქმედი სუბიექტია. ის ამ კულტურის „შიგნით“ ცხოვრობს და ამავე კულტურის კვალად იცვლება. ლირიკა ადამიანის შინაგანი სამყაროს პროექციაა. მაღალმხატვრული ლირიკაც რენტგენის სხივებივით ამჟღავნებს ადამიანის შინაგან სამყაროს. XX საუკუნის პირველი ნახევრის ევროპელი ადამიანისგან ბევრწილად განსხვავებული აღმოჩნდა ამავე საუკუნის მეორე ნახევრის ადამიანი. რაინერ მარია რილკეს ლირიკული სუბიექტისაგან განსხვავებულია პაულ ცელანის ლირიკული სუბიექტი, განსხვავებულია ის სტილისტიკაც, რომელიც ამ სუბიექტის შინაგან სამყაროს გადმოგვცემს. XX საუკუნის დასაწყისში არსებობდნენ ისეთი პოეტები, რომელთა გაგება მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში გახდა შესაძლებელი. იმავე პაულ ცელანმა გერმანულ ენაზე თარგმნა და ევროპელ მკითხველს გააცნო რეპრესირებული და ფაქტობრივად მიჩქმალული, დაუფასებელი პოეტი ოსიპ მანდელშტამი. ეს ფაქტი უზარმაზარი აღმოჩენის ტოლფასი გახლდათ, რამაც ახალი სული შთაბერა რუსულენოვანი პოეტის შემოქმედებას.
ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ოთხმოცდაათიანი წლები უფრო ფორმალური ძიებებით იყო აღბეჭდილი. სიღრმისეულ, შინაარსის მომცველ ძიებებზე საუბრისას კი დავსვით შეკითხვა: არსებობდა კი საამისო ტრადიცია და მსოფლმხედველობა? დიახ, არსებობდა. ქართული ხელოვნება, მხატვრობა, მუსიკა, თეატრი, კინო სამოცდაათიან და ოთხმოციან წლებში სწორედაც ევროპული რადიუსით იყო გამართული. იგივე შეიძლება ითქვას ლირიკაზეც; ოთარ ჭილაძისა და ბესიკ ხარანაულის ლირიკაში ჩანდა კონკრეტული დრო და სივრცეც, ჩანდა ადამიანი – რთული განცდებისა და ფსიქიკის მქონე. ამ პოეტების ხელწერა მკვეთრი პიროვნული ნიშნით იყო აღბეჭდილი. მათი ლექსების მიღმა ჩანდა ცოცხალი ადამიანის სუნთქვა, მოძრაობა, სწრაფვა, ტანჯვა და სიხარული. ეს ადამიანი სწორედაც XX საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა და მისი ადგილსამყოფელი უკვე მილიონიანი ქალაქი თბილისი იყო.
კულტურის კრიზისზე XX საუკუნის ოციანი წლებიდან საუბრობდნენ არა მხოლოდ მოაზროვნეები, არამედ თვითონ მწერლები და ხელოვანები. დღეს, ამდენი ხნის შემდეგ ყოველივე ეს ჩვენს გარემოში ხელშესახებ რეალობად იქცა. გიუნტერ აიხის გროტესკული და პაულ ცელანის აპოკალიფსური პოეზია, ცხადია, XXI საუკუნის კულტურაზეც ახდენს გავლენას. იოსიფ ბროდსკი გასული საუკუნის ბოლოს გარდაიცვალა. ემიგრანტი რუსი პოეტები ძალზე მაღალ შეფასებას ანიჭებენ მის შემოქმედებას. მისი რითმიანი ლექსი და ზოგადად მისი მეტრიკა და სტროფიკა კონვენციური ლექსის პაროდირებად აღიქმება. ეს არის ირონიაც და თვითირონიაც პოეზიაში, რაც საყრდენს აცლის არა მხოლოდ პოეტური მეტყველების ტრადიციულობას, არამედ, საერთოდ, სხვა ღირებულებებსაც ეჭვქვეშ აყენებს. ამიტომაც საკვლევია ევროპული ლირიკის დონე და დიაპაზონი, მისი რაგვარობა. საინტერესოა, რას ნიშნავს დღეს „მსოფლიო რადიუსი“.