დასავლეთ ევროპელი ლიტერატორები  XX საუკუნის პირველსავე ნახევარში საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ  ამავე საუკუნეში სულ მალე აღარ იარსებებდნენ ისეთი ფაქიზი ლირიკოსები, როგორებიც იყვნენ ჰოგო ფონ ჰოფმანსტალი ან რაინერ მარია რილკე, ფედერიკო გარსია ლორკა თუ ანტონიო მაჩადო, სალვადორე ქვაზიმოდო თუ ეუჯენიო მონტალე. წინასწარმეტყველნი არ გაწბილებულან. საუკუნის მანძილზე ლირიზმის ხარისხმა მართლაც მკვეთრად იკლო. ორი ტოტალიტარული მონსტრის – ფაშიზმისა და ბოლშევიზმის- ექსპანსია ლირიკის ადგილს უფრო ავიწროვებდა, ვიდრე აფართოვებდა. დასავლური ლირიკის მკვლევარმა ჰუგო ფრიდრიხმა იმდროინდელ პოეზიას „დეპოეტიზირებული ლირიკა“უწოდა. ორი იდეოლოგიური ბანაკის შეჯახებამ და მსოფლიო კატასტროფამ სამყაროს სახე უცვალა. ამ შეცვლილი  სახის მეტ-ნაკლებად ტრადიციული ან უკვე არსებული სიტყვიერი ხელოვნების ჟანრული სახესხვაობების მეშვეობით გადმოცემა თითქმის შეუძლებელი შეიქნა. როგორც დასავლელი მოაზროვნენი ამბობდნენ, ოსვენციმისა და მაიდენაკის შემდეგ მხოლოდ აბსურდული ლექსების წერა თუ იყო შესაძლებელი. მეტამორფოზა მხოლოდ ლირიკას არ შეხებია, რომანსაც შეეხო. აკი დასავლეთგერმანელმა რომანისტმა ჰილდესჰაიმერმა თქვა – ოსვენციმის შემდეგ რომანების წერა შეუძლებელიაო. აქ, ცხადია, ის არამხოლოდ ტრადიციულ მწერლობას გულისხმობდა, არამედ, ზოგადად, იმ ლიტერატურას, რომელიც მოჩვენებითი რეალიზმის ვიწრო საზღვრებში იყო მოქეული. „ ნამდვილი რეალობა არარეალისტურია“ – ეს ნათქვამი კი უკვე ფრანც კაფკას ეკუთვნის. და მართლაც: XX საუკუნის პირველი ნახევარი ის რეალობაა, რომელიც თვითონვე წარმოჩნდა გროტესკული და ფანტასმაგორიული ნიშნით. გროტესკი შეიჭრა თვით ლირიკაშიც და გაჩნდა ცნება – გროტესკული ლირიკა. რაინერ მარია რილკე ამბობდა, ირონია საგნების სიღრმეში ვერ შეაღწევსო, მაგრამ XX საუკუნის მეორე ნახევარში შეაღწია. ირონია და პაროდია ლირიკის  თანამდევ ნიშნებად იქცა. ბოდლერისგან დაწყებულმა ტენდენციებმა, კერძოდ, იმპერსონალურობამ ელიოტის ლირიკაში უკვე სრულიად გამოკვეთილი სახე მიიღო. ელიოტი წერილში „ტრადიცია და ინდივიდუალური ტალანტი“ გამოთქვამდა დაახლოებით ასეთ აზრს, რომ წარსულში მოღვაწე პოეტებიც სხვადასხვა მნიშვნელობას შეიძენდნენ დღევანდელი გადასახედიდან.
XX საუკუნის მეორე ნახევრიდან წინა პლანზე წამოიწია ანტირომანტიკულმა, ხაზგასმულად პოსტსიმბოლისტურმა პოეზიამ. ევროპაში ეს პროცესი  უფრო ადრე მოხდა, ჩვენში კი უფრო გვიან.  XIX საუკუნის ბოლოს ფრიდრიხ ნიცშემ გააუქმა მეტაფიზიკურ სამყაროში გასვლის პერსპექტივა. ტრასცენდენციის ვერშეძლების გამო სიტყვა, პოეტური ენა სიმბოლოდ და მინიშნებათა სისტემად იქცა. სწორედ ეს იყო სიმბოლიზმი. ამავე პერიოდში, რეალიზმისა და ნატურალიზმის შემდეგ, პოზიტივიზმის მომძლავრების მიუხედავად, მაინც არ განელებულა ტრანსცენდენტურში, მარადისობაში  „გაჭრის“ წყურვილი. სიმბოლიზმი გავრცელდა ევროპაში, რუსეთში, საქართველოში.

1 2 3