საქართველოში სიმბოლიზმი, ერთი მხრივ, უშუალოდ ევროპული გამოცდილებიდან იღებდა დასაბამს და, მეორე მხრივ, რუსულენოვანი ლიტერატურული სამყაროდან, სადაც ამ კულტურამ თუ მიმართულებამ სრულიად თვითმყოფადი სახე მიიღო. გრიგოლ რობაქიძემ ლაიფციგში დაამთავრა ფილოსოფიური ფაკულტეტი, სამშობლოში დაბრუნდა და ლექციებს კითხულობდა ევროპელი მწერლებისა და მოაზროვნეების შემოქმედებაზე. სწორედ მან გააცნო ფრიდრიხ ნიცშეს ნააზრევი ჩვენს საზოგადოებას. ნიცშეს ნააზრევმა განსაკუთრებული როლი ითამაშა სიმბოლიზმის ჩამოყალიბებაში. ქართველმა სიმბოლისტებმა მკვეთრად შეცვალეს ეროვნული ღირებულებების სკალა. ამ მიმართულებით მათი ძიებანი გასცდა ლიტერატურის ფარგლებს და მთელი კულტურის სფერო შემოწერა. მაგრამ ყველაფერი მაინც პოეზიით დაიწყო და პოეზიითვე დამთავრდა. „გავმართოთ ქართული პოეზია მსოფლიო რადიუსით“ – ასეთი იყო ათიანი წლებიდან მოყოლებული ტიციან ტაბიძის მოწოდება. ეს მოწოდება XX საუკუნის პირველ ნახევარში თვითონ ქართველმა სიმბოლისტებმა, „ცისფერყანწელებმა“ , გალაკტიონ ტაბიძემ და მათმა მიმდევრებმა აღასრულეს. მომდევნო პერიოდში ეს უწყვეტი პროცესი სამოციანელებმა და სამოცდაათიანელებმა განაგრძეს. ცალკე კვლევის თემაა ოთხმოციანელების წვლილი ამ საქმეში. ოთხმოცდაათიანი წლების კოლაფსური მდგომარეობა, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა, ცხადია, პოეზიის ევროპული რადიუსით გამართვას ხელს ვერ შეუწყობდა. როცა ქვემეხები ქუხან, მაშინ მუზები სდუმან. ისიც უნდა ითქვს, რომ დროის ამ მონაკვეთში საქართველო არამარტო პოლიტიკურ იზოლაციაში აღმოჩნდა, არამედ ექსისტენციურ კრიზისში ჩავარდა. ეს ვითარება კი პოეტებისთვის განსჯის საგნად უნდა ქცეულიყო.
დამთავრდა XX და დაიწყო XXI საუკუნე. წლეულს, 2016 წელს 100 წელი შესრულდა ქართველი სიმბოლისტების მთავარი ორგანოს „ცისფერი ყანწების“ დაარსებიდან. „ევროპული რადიუსის“ პრობლემა დღეს უკვე არამხოლოდ ქვეყნის კულტურაში, არამედ პოლიტიკურ ცხოვრებაში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. და რადგან ამჟამად პოეზიაა ჩვენთვის მთავარი, საინტერესოა, დღეს რა ვითარებაა ქართულ პოეზიაში, არის თუ არა სწრაფვა „მსოფლიო რადიუსისკენ“ და რა ნიშნით ვლინდება ეს. პოეზია ერთი, თუმცა უმნიშვნელოვანესი სეგმენტია მთლიანი კულტურისა, რომელიც მსოფლიო პროცესებში ჩართვას უნდა მიესწრაფვოდეს.
დღეს თვალშისაცემია მცირერიცხოვნება იმ პოეტებისა, რომლებიც თანამედროვე ფორმითა და შინაარსით პასუხობენ ცხოვრებისეულ გამოწვევებს. ეს პოეტები მცირერიცხოვნების გამო ვერ ქმნიან ამინდს და თუნდაც ზოგად, გამოკვეთილ ტენდეციას დღევანდელ პოეზიაში. ვფიქრობ, კრიზისი ოთხმოცდაათიანი წლებიდან დაიწყო. ამ წლებში რეალობა ძალზე მკაცრი აღმოჩნდა, ამიტომაც გაუწბილდათ იმედი ფსევდოპატრიოტულ-ეპიგონური პოეზიის ადეპტებს. თითქოს დინამიურმა და ცვალებადმა ცხოვრებამ გაკვეთილი ჩაუტარა და შეახსენა მათ, რომ პატრიოტიზმი პრიმიტიული გრძნობა არ არის და დროში ისიც უნდა იცვლებოდეს ფორმასთან ერთად. პატრიოტული თემატიკით იმიტომ დავიწყე, რომ საბჭოთა იმპერიის რღვევის შემდეგ დამოუკიდებლობის მაძიებელ ქვეყანაში მოსალოდნელი იყო ამგვარი მოტივების აღზევება, მაგრამ არაორდინარული ვითარება პოეზიაშიც არაორდინარულ ხერხებს მოითხოვდა. ამიტომაც გამოიდევნა სტერეოტიპი და ფსევდოპატრიოტული ტრივიალობა. ამგვარი მოტივები და მისი თანამდევი პათოსი არათუ ვერ პასუხობდა რეალობას, არამედ მასთან სრულ შეუსაბამობას წარმოადგენდა. ეს უფროსი თაობის მწერლებმაც იგრძნეს და, ვისაც გემოვნებასთან ერთად გამახვილებული ინტუიციაც ჰქონდა, მან პუბლიცისტურ ლირიკას მიმართა, ყოველ შემთხვევაში, ვითარების შერბილების თუ შელამაზების ცდა, რომელიც საბჭოთა ცენზურული პირობებისთვის იყო დამახასიათებელი, უკვალოდ გაქრა. ცხადი გახდა, როგორც ერთი მოაზროვნე ამბობდა, რომ გულისკენ მიმავალ გზას გონებაზე უნდა გაევლო, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, პოეზიაშიც აუცილებელი იყო თვითრეფლექსია. ლირიკული პოეზია ისედაც თვითრეფლექსიაა, საკუთარი თავის, საკუთარი ბედისწერის შეცნობაა და, მითუმეტეს, ოთხმოცდაათიანი წლების თბილისში, ამ ექსისტენციურ სიცარიელეში, მოხვედრილი ადამიანის ხვედრის განცდა და გაცნობიერება აუცილებლობას წარმოადგენდა. ურბანისტული გარემო, რა თქმა უნდა, მანამდეც არსებობდა ჩვენ ირგვლივ, მაგრამ ყოვლისმომცველი სიბნელე და სიღატაკე ექსისტენციური გზადაკარგულობის განცდას აღძრავდა. ევროპული ექსისტენციალიზმი, რომელიც წიგნებიდან და კინოფილმებიდან იყო ცნობილი, რეალობად იქცა. გავიხსენოთ თუნდაც ალბერ კამიუს რომანი „შავი ჭირი“. ასეთი ვითარება წლების მანძილზე გაგრძელდა. მწერალს, რომელსაც სანთელი ენთო და სანთლის შუქზე წერდა თავის ნაწარმოებს, ბუნებრივია, იმაზეც უნდა ეფიქრა, ვინ ვართ ჩვენ, ქართველები, საიდან მოვედით და საით მივდივართ. მაგრამ ძიებათა სფერო უფრო შემოსაზღვრული აღმოჩნდა და მეტწილად ფორმათმაძიებლობას შეეხო, ვიდრე შინაარსს.