**** **** ***
XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ნეორომანტიზმის ხანა დადგა. არ შეიძლებოდა ეს ხანა მკვეთრი ინდივიდუალიზმის ნიშნით არ ყოფილიყო აღბეჭდილი. რა ნიშნები ახლდა ამ ინდივიუალიზმს? არტისტიზმი და სტიქიურობა. ეს პერიოდი თითქოს შორეული რენესანსის მიწურულის და რომანტიზმის ეპოქის გამოძახილად აღიქმებოდა. პაოლო მკაფიო პიროვნება გახლდათ, დეკადენტურ სამყაროში შეჭრილი ავთანდილი, რომელსაც ნიღბოსნების წრეში ყველასაგან განსხვავებული ნიღბოსნის იერი ჰქონდა. მაგრამ ეს მშვენიერი და პროვიდენციული ფორიაქით აღსავსე ჟამი მალე მიიწურა, დაიწყო შემზარავი პირველი მსოფლიო ომი და პაოლო შინისკენ გამოემართა. მანამდე კი სტიქიური და ბოჰემური არტისტიზმი ჯერ კიდევ ჭაბუკს თავის ფრთებზე აქანავებდა. მოგვიანებით გრიგოლ რობაქიძემ უცხოეთიდან თავის წუხილის გამომხატველ გამოსათხოვარ წერილში პაოლოს „მეფე და მათხოვარი“ უწოდა. ის მართლაც მეფე გახლდათ, ყველგან პირველი იყო, მაგრამ მისტიფიკაციის თავბრუდამხვევი ნიჭი წამიერად ქვედაზიდავდა და უპოვართა თანამოსაგრედ აქცევდა. ცხოვრება პაოლოსათვის კარნავალს ჰგავდა, სადაც ის, ღირსების კაცი, მწარედ განიცდიდა შეურაცხყოფილთა და დამცირებულთა ხვედრს. ამ თემას ეძღვნება მისი მშვენიერი მხატვრულ-დოკუმენტური მოთხრობა „ფერადი ბუშტები“. მოთხრობაში პაოლო ხატავს ნაცნობი მათხოვრის ლეონტი კაჩერგას და მისი ქალიშვილის ღირსებაშელახულ ყოფას. ამ ყოფამ შეიძლება დოსტოევსკის მარმელადოვების სახლეულობა მოგვაგონოს. ფინალი დაუვიწყარია: კაჩერგა მტკვარში გადახტება, თავს იხრჩობს და წერილს უტოვებს პაოლოს. „ქუჩები ხალხით იყო სავსე. შორიდან მოისმოდა ორკესტრის საგმირო მარში. სიცხე იდგა. ციციანოვის დაღმართზე ქალაქისაკენ მოდიოდა წითელწვერებიანი მალაკანი და მოჰქონდა წითელი, მწვანე და ცისფერი ბუშტები“.
მებადურები წყალში კაჩერგას გვამს დაეძებენ. დასრულდა ერთი უიღბლო კაცის მწარე ცხოვრება. დაღმართზე კი მოდის მალაკანი და ფერადი ბუშტები მოაქვს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კვლავაც რაღაცას ზეიმობენ.
ამ მოთხრობაში პაოლოსეული სინანული და თანაგრძნობის ნიჭი გამოსჭვივის. კაჩერგა პაოლომ პარიზში გაიცნო, ამიტომაც მერე უკვე თბილისში შემთხვევით რომ გადაეყრებოდა, სხვაგვარ სითბოს ამჟღავნებდა მის მიმართ. ფული თუ არ ჰქონდა, ცდილობდა მაშინვე ეშოვნა და ძველი ნაცნობი ხელცარიელი არ დაეტოვებინა. „ფერად ბუშტებში“ პაოლო იგონებს, სენას ხიდქვეშ თავშეყრილი მათხოვრები როგორ დაპატიჟეს კაფე „როტონდაში“: „ათი მათხოვარი მე, აპოლინერმა და ერენბურგმა წამოვიყვანეთ სავახშმოდ. „როტონდა“ ჩვენი მეგობრებით იყო სავსე და მათხოვრების დანახვამ აღტაცება გამოიწვია… როდესაც გათენდა, მე გამოვეთხოვე პარიზელ მეგობრებს და იმ დღესვე წამოვედი საქართველოში… დიდი ხანი არ არის მას შემდეგ, რაც შევხვდი ერთ რუს მათხოვარს, ლეონტი კაჩერგას სოლოლაკში. მან მომაგონა „როტონდის“ უკანასკნელი ღამე და სენის ხიდები“.
პაოლო საქართველოში წამოვიდა. პარიზული კაფე-ბარების ხმაურს კიდევ უფრო დიდი ხმაური მოჰყვა – პირველი მსოფლიო ომი. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ შეიქმნა უტოპიური სახელმწიფო, რომელიც სულ მალე სასაკლაოდ გადაიქცა. ომმა კი არ წარმოშვა ნიჰილიზმი, არამედ თვითონ იყო ნიჰილიზმის კანონზომიერი შედეგი. ევროპული საზოგადოების კრიზისი მრავალი ნიშნით გამოიხატა, რამაც შეძრა მთელი ცივილიზებული სამყარო. მოვლენათა ამ ეპიცენტრში მოხვედრილი პაოლოსათვის სამშობლოში დაბრუნება მშვიდ ნავსაყუდელში დაბრუნების ტოლფასი გახლდათ, თუმცა არც აქ იყო ნანატრი სიმშვიდე. სამართლიანად წერს ერთი „ცისფერყანწელი“, რომ „პაოლოს პოეტურ ფანტაზიას არ ასვენებდა პარიზში მიღებული კოშმარული ჩვენებები, მათხოვრები, რომლებიც სენის ხიდებქვეშ „მარსელიოზით“ ხვდებოდნენ დილას, არ ასვენებდა „ევროპის ქაოსი“, „სისხლი“, დანგრეული რეიმსი“, „რეინის ირგვლივ თაობათა გადაშენება“, რომელთაც ის გამოექცა და აქ დაიტირა „სოფლის სიწმინდე“, „მართალი ბათმანი“.
„ცისფერყანწელთა“ გახმაურებული დევიზი – „გავმართოთ ქართული პოეზია მსოფლიო რადიუსით“ – თავდაპირველად სწორედ პაოლომ განახორციელა, სწორედ პაოლოს ყურთასმენა იჭერდა დროის იმ ბობოქარ მუსიკას, რომელიც ცხოვლად დააჩნდა მის სულს და მერეც აღარ განელებია. ამ მუსიკამ უკარნახა მას აპოლინერის პოეტიკით აღბეჭდილი გამოსათხოვარი ლექსი „ევროპა“. ამ თავისუფალი ლექსის ნერვიული ვიბრირება, წყვეტილი რიტმი, მოვლენათა კატალოგი, რიტმული ფაქტოგრაფია ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. ლირიკული ტონალობა აღმავალი ხაზით ვითარდება და ფინალურ მონაკვეთში კულმინაციას აღწევს… ევროპა ძალიან მალე უზარმაზარ სასაკლაოდ გადაიქცა:
გამოვექეცი ევროპის ქაოსს,
სისხლს,
დანგრეულ რეიმსის ტაძარს,
უზარმაზარ ტანკების ქშენას.
რეინის ირგვლივ თაობათა გადაშენებას.
ვიგონებ მართლა ჟრუანტელით
ლამანშის სრუტეს,
იქ ჩალაგებულ ატლანტიკის ანთებულ გემებს.
შოტლანდიაში
ვნახე თეთრი ძროხების ჯოგი
და გავიღიმე, ვით ნახევრად გაგიჟებულმა…
გამოვექეცი ევროპის წარღვნას,
…………………………………………………..
პარიზში დამრჩა ერთი საფლავი:
ლეგიონის ორდენის წევრი,
აღმოსავლეთში განთქმული გმირი
და ქუთაისში გადამტანი რევოლუციის
(1905)
მკვდარი მარნასთან
პერლაშეზზე განსვენებული:
ბუჭუტა აბაშიძე
აქ აღწერილი მოვლენების კონტრასტული თანმიმდევრობა თითქოს თანდათან ქმნის ქაოსის შთაბეჭდილებას, ეს სურათები შავ-თეთრი კინოკადრებივით მონაცვლეობს და, როცა უკვე ლექსში მკვეთრი პროზაული შტრიხი იჭრება და ავტორი შოტლანდიაში თეთრი ძროხების ჯოგს ხედავს, იქვე დასძენს, რომ ნახევრადგაგიჟებულმა გაიღიმა და ევროპის წარღვნა უკან მოიტოვა. ეს იყო მთელი ევროპა და არა რუსეთი და ამას პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა. ეს ლექსი ქართულ ენაზე დაწერილ იმ იშვიათ ლექსთაგანია, რომელშიც მსოფლიო საზოგადოების და, ზოგადად, კულტურის კრიზისი ევროპასთან უშუალო შეხების გზით აღიბეჭდა. ამ კრიზისზე საუბრობს ოსვალდ შპენგლერი 1918 წელს დაწერილ წიგნში „ევროპის აღსასრული“. ნიცშესეული ნიჰილიზმი ღირებულებათა გადაფასების ნიშნით გამჟღავნდა. შპენგლერისთვის კი ნიჰილიზმს ყოველი მაღალი ღირებულებისადმი გაუცხოება გამოხატავს. კულტურას ენაცვლება ცივილიზაცია, როგორც სიბერის გამოვლენა, როგორც ბოლო და მომაკვდინებელი საფეხური: ამ საფეხურისთვის დამახასიათებელია ხელოვნებისეული, რელიგიური, სახელმწიფოებრივი ფასეულობების რღვევა. ცივილიზაცია ნიჰილიზმის ღრმა ფაზაა, რომელიც თანდათან უფრო ღრმავდება და, ალბერტ შვაიცერის თანახმად, სწორედ ეს მორალურ-ზნეობრივი სნეულებაა, ნიცშესეული ნიჰილიზმია პირველი მსოფლიო ომის წარმომშობი მიზეზი.
ბუჭუტა აბაშიძის საფლავი კი დარჩა პერლაშეზის სასაფლაოზე, როგორც ევროპის ქაოსში ჩაძირული ერთი პაწაწინა წერტილი.