****                ****          ****

       პაოლოს უცხოეთში ყოფნა, ჩემი აზრით, უბრალო ბიოგრაფიული დეტალი არ არის, მისი ცხოვრების ქვაკუთხედია. მთავარი ის იყო, რომ უცხოეთში პაოლომ მოიხელთა კამერტონი, რომლის მეშვეობითაც ააწყო თავისი, როგორც ზოგადად არტისტული, ისე კონკრეტულად ლირიკულ-პოეტური ცხოვრება. პაოლოს იმპროვიზაციები ფართო აუდიტორიის წინაშე სრულდებოდა. პოლიტიკურ თუ სახელოვნებო თავყრილობებზე წარმოთქმული სიტყვები არამარტო პლასტიკურად გამომსახველი გახლდათ, არამედ ღრმააზროვანი. ისევ გერონტი ქიქოძე მოვიხმოთ: „ მისი სიტყვები შინაარსიანი და გონებამახვილური იყო ერთსა და იმავე

დროს“. სწორედ ამ მუდმივი აუდიტორიის წინაშე წარდგომის შუალედებში – განმარტოებისას – ქმნიდა ის თავის ლირიკულ ლექსებს. მის არტისტულ-საზოგადოებრივ და ლირიკულ-ინტიმურ ცხოვრებას შორის მუდმივმოქმედი დიალექტიკური ერთიანობა არსებობდა. ამ ორი მომენტის  წრებრუნვა ზნეობრივ კანონზე  ანუ თავისუფლებაზე იყო დაფუძნებული. საქართველოს სამწლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში განსაკუთრებით მკაფიოდ გამოვლინდა ეს თავისუფლება. ტოტალიტარულ გარემოში მოხვედრის შემდეგ კი შეფერხდა, რამაც საბოლოოდ, პოეტის ტრაგიკული ხვედრი განაპირობა.

    პაოლომ პარიზიდან ჩამოსვლისთანავე დაწერა ძალზე საინტერესო ლირიკული ლექსები. ახლა მას უკვე ურთიერთობა ჰქონდა დიდ და გამორჩეულ რუს პოეტებთან. ეს პოეტები იყვნენ ანდრეი ბელი, ვლადიმირ მაიაკოვსკი, სერგეი ესენინი, ალექსეი კრუჩიონიხი, ბორის პასტერნაკი, ოსიპ მანდელშტამი და სხვები. ვფიქრობ, ეს სახელები ეპითეტებს არ საჭიროებს. ამ პოეტებს პაოლო და ტიციანი უკვე თბილისში შინაურ გარემოში თავიანთ ჭერქვეშ მასპინძლობდნენ და თავის წილ ლუკმას უარყოფდნენ. მათ შორის სრული ურთიერთგაგება სუფევდა…

    რაკი პაოლოს უმნიშვნელოვანესი, საწყისი ცხოვრებისეული მონაკვეთი გავლიეთ, მინდა ჩემი ობიექტივი შემოვატრიალო და უშუალოდ პაოლოს შემოქმედებას შევეხო. მაინტერესებს, როგორია პაოლოს პოეზია დღევანდელი გადასახედიდან, რა არის მისი თავისებურება, დაბოლოს, როგორ გაგრძელდა მისი შემოქმედება საბჭოთა ხანაში.

                                                                    ***    ***    ***

       XX საუკუნის პოეტთაგან ალბათ არავის უთქვამს ასეთი რამ: „ გაცილებით უფრო მიზიდავს ქმნილებათა ფორმირებისა და ჩამოყალიბების პროცესი, ვიდრე საკუთრივ ქმნილებანი და ამიტომ ჩვევად თუ მანიად  მექცა, ისე ვაფასებდე მათ, როგორც მოქმედებებს.“ ბუნებრივია, ასეთი კაცისთვის თვითონ პოეზიაზე ფიქრი, „პოეზიის თეორია“ იყო ძალზე მნიშვნელოვანი. ეს პოლ ვალერის, ჩემ მიერ უკვე მოხსენიებულ ეპოქაში მოღვაწე პოეტის სიტყვებია, რომელმაც სხვა რამეც თქვა: „ მოვიდა დღე, როცა ხალხმა ისწავლა თვალებით კითხვა, უხმოდ და უსმენლად, რის შედეგადაც ლიტერატურა არნახულად შეიცვალა“.  ასეთი დამოკიდებულება მთლიანად გამორიცხავს დეკლამაციას, პლასტიკას, არტისტიზმს. არტისტიზმის ეპოქაში პოლ ვალერი არ იყო არტისტი.

      პოლ ვალერი უფრო პოსტსიმბოლისტურ პერიოდს ეკუთვნის და მისი პოეზია იმპერსონალურია. ამის შესახებ საუბრობს ანტონიო მაჩადო: „მათთან პრიორიტეტულია არა გრძნობა, არამედ იდეა. სცადეთ და გადაიკითხეთ ფრანგი პოლ ვალერის ან ესპანელი ხორხე გილიენის  ლექსები, ცოცხალი, ხალასი გრძნობისგან წარმოქმნილ მელოდიას იქ ვერსად მოიძევთ. ამგვარი სიცივე არამხოლოდ გაშფოთებს, არამედ განგიზიდავს კიდეც“. შემდეგ მაჩადო განაგრძობს: „ ეს არის უპიროვნო და უდროო, უადამიანო პოეზია – ამას უწოდა ორტეგა-ი-გასეტმა დეჰუმანიზაცია, რომელიც უფრო ლოგიკურის სფეროში მოღვაწეობის შედეგია, ვიდრე ესთეტიკურის“. იქვე დასძენს:“ ვალერი ცდილობს სახეები იდეების სიმბოლოებად აქციოს“. მაჩადო ახალი პოეზიის თვისობრივ ნიშანს უსვამს ხაზს, თუმცა ვალერისადმი გარკვეულ ანტიპათიასსაც ამჟღავნებს.

     კი, ბატონო. ყოველივე ეს გასაგებია, მაგრამ პაოლო? პაოლო მაინც არტისტი იყო და დეკლამატორი, რაც ხმამაღლა წაკითხული ტექსტის პიროვნულ-ემოციურ მუხტს წარმოაჩენს. პაოლოს ლექსების ლირიზმი და ევფონიურობა ლირიკული სუბიექტის ემოციის გამტარია და არ არის იმპერსონალური. ისიც უნდა ითქვას, რომ ჰუგო ფრიდრიხის სიტყვით, იმპერსონალურობა უფრო პოსტსიმბოლისტური პერიოდის ნიშანია, ამიტომაა დამახასიათებელი პოლ ვალერისთვის, პაოლო კი მეტწილად სიმბოლისტური ესთეტიკის რკალში ტრიალებს. მხოლოდ აქ არის ერთი ნიშანდობლივი მომენტი: მისი არტისტული ხასიათი, ჩემი აზრით, ზემოქმედებდა მისივე ქმნილებების „ფორმირებაზე და ჩამოყალიბებაზე“. აქედან გამომდინარე, მის ფრაზას დამოუკიდებელი, განკერძოებული არტისტიზმი გააჩნდა, თვით პაოლოს კი არტისტის მარტოობა ჰქონდა, რომლის წიაღშიც იბადებოდა პოეზია. პოეტი თითქოს საამისოდ ვერ იცლიდა, მაგრამ შთაგონების „ის წუთი“ მაინც აკითხავდა. გიორგი ლეონიძე წერს: „ ის „ჩუმი წუთი“ შემოქმედებისა, თავის თავთან გასაუბრებისა პაოლოს მეტად მცირე ჰქონდა ცხოვრებაში“. იგივე პოლ ვალერი ამბობს: „ …პოეტის ენა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სტატისტიკური უთავბოლობიდან ნასესხები ელემენტებით სარგებლობს, პირიქით, მარტოსულის ძალისხმევის შედეგად გვევლინება“.

    როგორი იყო პაოლოს მარტოობა, რა შთაბეჭდილებას აღძრავს მისი პოეზია დღევანდელი გადასახედიდან?

     პაოლო მხოლოდ ლიტერატურის ისტორიას არ ეკუთვნის, ფაქტია, რომ ის დღესაც ძლიერად აღელვებს მკითხველს და ეს არის მთავარი. როგორც უკვე ვთქვით, პოეტმა უცხოეთიდან სამშობლოში ჩამოსვლისთანავე შექმნა ძალზე მნიშვნელოვანი ლექსები.

   პაოლო ნატიფი ლირიკოსია, მისი პოეზია, მისი ლირიკული შტრიხები უაღრესად ფაქიზია, სიტყვათა უჩვეულო თანაწყობა ასეთსავე უჩვეულო ტონალობას,  მელოდიას, ხმადაბალ ჟღერადობას, ჩუმ და უხილავ, მაგრამ ძალზე მძაფრ მღელვარებას, ნერვიულ თრთოლვას გადმოსცემს. შეიძლება იფიქრო, რომ პოეტის გარეგნული წარჩინების ნიშნები, გარეგანი არტისტიზმი უეცრად გარდაისახა, შინაგან სამყაროში გადავიდა, ინტროსპექციულ საბურველში გაეხვა,  ლირიკულ დინებად გარდაიქმნა და სულ სხვაგვარი ხმა გამოსცა. აქაც არის არტისტიზმი, ესთეტიზმი და არის მისგან წარმოქმნილი ევფონიური უჩვეულო ნახაზი – კარდიოგრამის ტეხილი ხაზების მსგავსი. ლექსში აზრიც თანამონაწილეობს ევფონიურ ზიგზაგებთან და მრუდე ხაზებთან, მაგრამ ის მაინც მთლიანადაა დამოკიდებული ბგერწერაზე, ფრაზის ჟღერადობაზე. ვერლენისეული მუსიკის პრიორიტეტი აქ ორგანულია და თვალსაჩინო. პაოლოსთან აზრიც მოქნილად და წყვეტილად გადმოსცემს განწყობას. შეიძლება იფიქრო, რომ სიცოცხლის ასეთი ჟინითა და ვნებით ანთებული კაცი, რომელიც ხმაურიან წარმოდგენებს აწყობდა, ამავე დროს ხანგამოშვებით დიდ მარტოობას ეძლეოდა და თავისი სულის მოძრაობას უსმენდა. აი, აქ იბადება ლირიკა, როგორც დიდი მარტოობის მინორული ან მაჟორული მანიფესტაცია. მინორულია, ვთქვათ, დარიანული ლექსები, მაჟორულია „მაგიდა-ჩემი პარნასი“, რომელიც „თვალითაც“, „უხმოდაც“ არაჩვეულებრივად იკითხება, პაოლოს მიერ ბრწყინვალედ წაკითხული კი დეკლამაციის თავდაპირველ მნიშვნელობას და პირველსაწყისებს გაზიარებს. აქ ისმის პოეტის ხმა, რომელიც განუყოფელია ტექსტისაგან:

                                               თითქოს უბრალოდ მე ვწერდე წერილს,

                                               ქაღალდზე მარდად დაქრიან თითები,

                                               და როგორც შუქზე მოფრენა მწერის,

                                               ისე მსუბუქად მოფრინდნენ რითმები.

     გერონტი ქიქოძე წერს: „ეს ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ჭაღებით განათებული დარბაზები, ტაშით ახმაურებული აუდიტორია, ბრწყინვალე ბანკეტები და არტისტული ყავახანები უყვარდა, თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წელს ძალიან განმარტოვდა. 1937 წლის ზაფხულში ის ხშირად თავისი ბინის ლოჯიაში ჯდებოდა ჯაფარიძის ქუჩაზე და სევდიანად გასცქეროდა მახათას მთას“.

        1937 წელს პაოლო განმარტოვდა, რადგან მას აბსურდული განაჩენი ფაქტობრივად უკვე გამოტანილი ჰქონდა, მაგრამ ვფიქრობ, ბზარი უფრო ადრე გაჩნდა. ისე კი პაოლოს ცხოვრება ნამდვილად ორსახოვანი იყო; ეს ადამიანი ხმაურიან წარმოდგენებსაც აწყობდა და  თავის მეტყველ მარტოობაშიც იძირებოდა. არტისტული ყავახანები და ბრწყინვალე ბანკეტები თავისთავად ბადებდა მის მარტოობასაც. დიდი ხმაურის შემდეგ მის არსებაში დიდი სიჩუმე ისადგურებდა და ასეთ დროს იბადებოდა ლირიკა.

 

 

 

 

1 2 3 4