პაოლო იაშვილს არ შეეძლო არ წასულიყო ეპოქალური მღელვარებით სავსე პარიზში და პარიზს არ შეეძლო მთელი არსებით არ მიეღო მისი ღვიძლი პაოლო. რატომ? იმიტომ, რომ ამ ქალაქში ჩასული ჭაბუკი წარმოსახვაში არსებულ მხატვრებსა და პოეტებს ისე ეძებდა, როგორც ძველისძველ ნაცნობებს. ილია ერენბურგი იხსენებს: „ პაოლო იაშვილი გავიცანი პარიზის კაფე
„ როტონდაში“, ეს იყო 1914 წელს. პაოლო მაშინ იყო გამხდარი და მოძრავი ჭაბუკი. ის ოცი წლის გახლდათ. წარამარა მეკითხებოდა: „რომელ კაფეში იჯდა ვერლენი? როდის მოვა აქ პიკასო? მართალია, რომ თქვენ კაფეში წერთ ლექსებს?“
და აი, არცთუ ხანგრძლივი, მაგრამ უაღრესად საინტერესო ბოჰემური და ინტელექტუალური პარიზული ცხოვრების შემდეგ „იმპროვიზაციის ჯადოქარმა“ მიატოვა საფრანგეთის დედაქალაქი და შემოვლითი გზით შინისაკენ გამოეშურა.
*** *** ***
პაოლოს ორგვარ ეპოქაში მოუწია ცხოვრება: თავისუფლების ეპოქას სასტიკი ავტორიტარული რეჟიმი მოჰყვა, რაც 1937 წელს შემზარავი რეპრესიებით დასრულდა. 1924 წელს აჯანყებას შეეწირა პაოლოს ოცი წლის ძმა ვასილი (ჭუნია). გრიგოლ რობაქიძე იტყვის: „ საქართველოში დიდი აჯანყების დროს დახვრიტეს პაოლოს უმცროსი ძმა. დედას დაუმალეს ეს გამანადგურებელი ამბავი. იაშვილმა ითავა დაერწმუნებინა დედა, თითქოს მას შვილი ცოცხალი ჰყავს, ირანშია გადახვეწილი და იქ ცხოვრობს. წლების მანძილზე დახვრეტილი ძმის სახელით პაოლო იაშვილი წერილებს უგზავნიდა დედას“.
ტრაგიკულმა დრომ ტრაგიკული მისტიფიკაცია მოიტანა – პაოლო თავის დახვრეტილ ძმად გარდაისახა.
პაოლოზე დაწერილ მემუარულ ლიტერატურაში ის ხშირად რუსთაველის ავთანდილად არის სახელდებული. ამ ავთანდილობას ორი მოდუსი აქვს: პირველია მოქმედება; მართლაც, პაოლო არამხოლოდ ლირიკული რეფლექსიის, არამედ მოქმედების კაცი იყო. პოემაში ეს მოქმედება უმაღლესი ზნეობრივი კანონის აღსასრულებლად არის გამიზნული, რათა საბოლოოდ „ნამდვილ სინამდვილეს“ ეზიაროს ადამიანი:
არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა?!
მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.
– ამას ამბობს ავთანდილი თავის ანდერძში. არის მეორე მოდუსიც: ეს მოდუსი მოყვარეზე ზრუნვისა და ასევე მუდმივი მოქმედების აპოთეოზია, რაც მოყვრისთვის თავგანწირვის ნიშნით არის გამოხატული და ზედმიწევნით პაოლოსეულად იჩენს თავს:
მე იგი ვარ, ვინ სოფელსა არ ამოვკრეფ კიტრად ბერად,
ვის სიკვდილი მოყვრისათვის თამაშად და მიჩანს მღერად.
„თამაში და მღერა“ ანუ ძნელბედობის ჟამს სილაღე უეჭველად პაოლოს ნიშანდობლივი შტრიხია. ამის დასტურად მრავალი ჩვეულებრივი ცხოვრებისეული შემთხვევის გახსენება შეიძლება. აბასთუმნიდან მომავალი ტიციანის მეუღლე ნინო ტაბიძე გაძარცვეს. ის სასოწარკვეთილი იჯდა რომელიღაც სადგურში და ტიროდა. „ვზივარ სადგურში და ვტირი. აღარ ვიცი, რა ვქნა. უცებ თვალი მოვკარი ვიღაც ახოვან ოფიცერს, მოდის გაბრდღვიალებული, თითქოს მზე თან მოჰყვებაო, მოდის და შორიდანვე მიცინის – დავაკვირდი, ეს ხომ პაოლოა, საიდან სადაო, ან მუნდირი რა ამბავია – ვეკითხები, და ის კი რაღაცას ხუმრობს. მან ჩამომაცილა თბილისში და აქედან თელავში წამიყვანა.“
ესეც მისტიფიკაციაა, პაოლო გარდაისახა კეთიშობილ ოფიცრად და მხსნელად მოევლინა ნინო ტაბიძეს.
საბჭოთა ავტორიტარულ გარემოში პაოლოს არტისტიზმი არ გამქრალა. ის სხვაგვარ ტრაგიკულ ტალღაზე გადაეწყო. არტისტიზმი მისი ბუნების განუყოფელი ნაწილი იყო და, თუ პაოლო ადრეულ წლებში შთაგონების კარნახით მართავდა წარმოდგენებს და სადღესასწაულო იმპროვიზაციულ სიტყვებს წარმოთქვამდა, უკვე ბოლშევიკური დიქტატის ხანაში ოფოციოზის მარწუხებში მოუხდა მჭევრმეტყველება. ეს, რა თქმა უნდა, იძულებითი იყო, მაგრამ პაოლო ამ იძულებით სივრცეშიც ცდილობდა თავისუფლების დამკვიდრებას. 1934 წელს საბჭოთა მწერლების პირველ ყრილობაზე პაოლო ისააკ ბაბელის შემდეგ დადგა ტრიბუნაზე. მას ჩვეულებისამებრ, ლაღად ეჭირა თავი. ის დასძენდა, ქვეყნის გაჩენიდან ჯერ არავის სმენია ამდენი სხვადასხვაენოვანი მწერალი ერთად ასე შეძრული და გახარებული ყოფილიყოსო. ეს ხატოვანი და მახვილგონივრული ნათქვამი ხელისუფლებმა მოიწონეს. ბელადმა საგანგებო მიღება მოუწყო და წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვა. ტრაგიკული წლის მაისის თვეში კი „რესპუბლიკის ხელმძღვანელმა“ ლავრენტი ბერიამ „უმაღლესი ტრიბუნიდან“ განაცხადა, დროა გონს მოეგოს უკვე ორმოც წელს გადაცილებული პაოლო იაშვილიო. ქვეყნის „უმაღლეს დონეზე“ შექებას „რესპუბლიკის დონეზე“ გაკიცხვა შეენაცვლა. აქ ნამდვილად არავითარი ლოგიკა არ იკითხება, რაც ტოტალიტარული რეჟიმის მუდმივი ნიშანია. პაოლოს ტრაგიკული მცდელობა, შეძლებისდაგვარად ნაწილობრივ მაინც მიეზღო თავისი ახალი იდეოლოგიისთვის, თანდათან შეფერხდა.
ამ წლებში გააფრთხილა პაოლო მამამისმა ჯიბომ, – მეტისმეტად ხმაურობ, შვილო, მეშინია, ცუდად არ დამთავრდეს შენი ხმაურიო. ეს, რა თქმა უნდა, ბრძნული ნათქვამი იყო, მაგრამ შეეძლო პაოლოს უხმაურო ცხოვრება? მისი ცხოვრების პირველი პერიოდი ულამაზესი ფეიერვერკული ხმაურით იყო აღბეჭდილი, მეორე – ბოლშევიზმის პერიოდში კი ვერ წარმოიდგინა, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა თავისუფლებისკენ მიმსწრაფ ასევე კეთილისმყოფელ ხმაურს – არამზადა ხელისუფალთა მძვინვარება. თუმცა პაოლო ვერც ამ მძვინვარებამ შეაჩერა, მისი ცხოვრების უკანასკნელი აკორდიც ხმაურიანი გამოდგა. სანადირო თოფის გამაყრუებელმა ხმამ წყეული 1937 წლის შინსახკომელთა ჯურღმულებშიც ჩააღწია.