1913  წელს პაოლო იაშვილის პარიზში გამგზავრებამ სწავლის გასაგრძელებლად მთელი მისი შემდგომი ცხოვრება განსაზღვრა. ის იყო მკაფიოდ გამოკვეთილი არტისტული ნატურა და ამას თვითონვე გრძნობდა. დელფოს სამისნოზე აღბეჭდილი წარწერა „შეიცან თავი შენი“ ოცი წლის პაოლომ ღრმად გაიცნობიერა და შესატყვისი გადაწყვეტილებაც მიიღო – მიხვდა, არტისტი იყო და არტისტულ გარემოში უნდა მიეღო სულიერი საზრდო. როცა მისმა მეგობრებმა ასევე სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგის და მოსკოვის უნივერსიტეტებს მიაშურეს, მან კი პარიზისკენ აიღო გეზი. პაოლო მაქსიმალისტი იყო, უკიდურესად გამძაფრებული ჰქონდა თავისუფლებისა და ღირსების გრძნობა, ამიტომაც თავისი პირველი და უკანასკნელი არჩევანი უცდომლად გააკეთა. შეიძლება გაგვახსენდეს აღორძინების ხანის დიდი მოაზროვნის პიკო  დელა მირანდოლას სიტყვა, სადაც ნათქვამია, რომ ადამიანს ღირსებას თავისუფალი ნების კარნახით გაკეთებული არჩევანი  სძენს, ის ან ღვთაებრივ სფეროებს ეზიარება, ან კიდევ  მხეცის დონემდე დამდაბლდება. ასე რომ, პაოლომ არამარტო ესთეტიკური არჩევანი გააკეთა, არამედ ეთიკურიც. მას სურდა კონკრეტული საქმიანობით ქვეყანას შეხიდებოდა. თავდაპირველად მხატვრობას აპირებდა, პარიზში ერთი წელი ლუვრთან არსებულ სამხატვრო სასწავლებელში სწავლობდა, მაგრამ პარიზშივე შეიცვალა აზრი და სამშობლოში ჩამოსვლისთანავე პოეტური შემოქმედება განაგრძო, ლექსებს ხომ ადრევე წერდა.
რატომ პარიზი და არა რუსეთი?     XX  საუკუნის დასაწყისიდანვე დასავლეთში ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროში უჩვეულო აღორძინება დაიწყო. დასაბამი დაედო მოდერნიზმის ხანას, რომელიც საკმაოდ მრავალფეროვანი გამოდგა. მოდერნიზმი წმინდა წყლის ევროპული მოვლენა იყო, ამიტომაც, ვთქვათ, რუსული ახალი კულტურა მთლიანად ორიენტირებული იყო ევროპულზე, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ საბოლოოდ, რუსული სიმბოლიზმი თვითმყოფად მოვლენად ჩამოყალიბდა. 1913 წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე პაოლოს „სიამის ტყუპი“ ტიციან ტაბიძე და ამავე პერიოდს ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა მის ცხოვრებაში. ახალი კულტურა რუსეთშიც აღორძინების ნიშნით წარიმართა და შესატყვისი სახელიც ეწოდა – „ვერცხლის საუკუნე“.
და მაინც, პაოლოს სწორედ პარიზში ყოფნას შეუნაცვლებელი მნიშვნელობა გააჩნდა, რადგან ყველაფრის პირველსათავე იქ იყო და დროის მაჯისცემაც იქ უფრო იგრძნობოდა, იგრძნობოდა და ჩანდა არტისტიზმი არა მარტო ხელოვნებისა და ლიტერატურის სფეროში, არამედ შემოქმედთა ცხოვრების წესში. პაოლოც ხომ ამგვარი შემოქმედი იყო. უპრიანი იქნება აქ გერონტი ქიქოძე ვახსენოთ, რომელმაც პაოლო პარიზშივე გაიცნო. ვნახოთ, რას წერს გერონტი: „ მისი პოეტური ნიჭის დაფასება არ შეიძლება მარტოოდენ დაბეჭდილი ლექსების მიხედვით, ეს იყო იმპროვიზაციის ჯადოქარი, რომელიც, უწინარეს ყოვლისა, სმენას ხიბლავდა… აქ ის თითქოს თავისთავს სჭარბობდა.“ დიახაც, ასე იყო. ჩემი ღრმა რწმენით, პაოლო  ძალიან ჰგავდა თავის ეპოქას. ეს გახლდათ არამარტო პოეზიის, არამედ ზოგადად, არტისტიზმისა და, კერძოდ, პოეტური დეკლამაციის ეპოქაც. აუდიტორია  პოეტისაგან მოითხოვდა არამარტო ლექსებს, არამედ ამ ლექსების არტისტულად წაკითხვას, იმპროვიზაციას და ხშირად მისტიფიკაციასაც. პაოლო პოეტიც იყო და არტისტიც. ეს ორი ნიჭი იშვიათად ეძლევა ადამიანს. პაოლოს კი ორივე უხვად ჰქონდა მომადლებული და ამით ჰგავდა თავის ეპოქას, თუმცა იყო კიდევ ერთი შინაარსობრივი ნიშანი, რომელიც თვით ამ ეპოქის არტისტიზმს გააჩნდა: ეს გახლდათ მღელვარება, ბოჰემა, აპოკალიფსური ხილვები, პროვიდენციული ფორიაქი, ქვეყნიერების აღსასრულის შეგრძნება. პაოლოს ესეც ჰქონდა. მისი არტისტული სწრაფვა თანდათან დრამატულ და ტრაგიკულ ელფერს იძენდა. აპოკალიფსიც მალე დადგა: პირველი მსოფლიო ომი 1914 წელს დაიწყო.

        ოცი წლის ჭაბუკი ლუვრთან არსებულ სასწავლებელში სწავლობდა, ერთი წლის შემდეგ კი პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო სამშობლოსკენ გამოეშურა. მან მიატოვა კაფე „როტონდა“ და საამაყო ნაცნობ-მეგობრები – გიიომ აპოლინერი, ამედეო მოდილიანი, ესპანელი მხატვარი რიბეირა, ძმები ზდანევიჩები, ილია ერენბურგი, ფრანსის კარკო და სხვები. ეს უკანასკნელი პაოლოს ასე იხსენებდა: „ბევრი მინახავს ამ კაფეში, მრავალი მათგანი აღარ მახსოვს, იმ ქართველი მომხიბვლელი გარეგნობის ახალგაზრდის დავიწყება კი არ შემიძლია. ის აქ კითხულობდა თავის და თავისი მეგობრების  ლექსებს. შინაარსს ვერ ვიგებდი,მაგრამ მის ხმაში და მის საოცარ თვალებში გამოსჭვიოდა ჭეშმარიტი პოეზია. ჰო, ის პოეტი იყო, ჭეშმარიტი პოეტი!“

 

 

1 2 3 4