ნაცემი პიტნა

 

აი, უხეირო თებერვალი, თოვლს მოშიებული,

მოჭრილი კუდით.

 

ირგვლივ შეყვარებულები,

ხორცით ჰედონისტები.

 

ჭადრაკის ცხენივით მოხრილები,

მაგიდის დაფაზე დაფენილები ტკბილი კვერივით.

მოსწონთ მათ ბლუზზე ჟიმაობა.

 

ჩაით სავსე ლამბაქი და

მასში დამბალი ნაცემი პიტნა უმზერს კოვზის ცახცახს.

 

და კარის ზღურბლთან ჩვილივით მოგდებული ქარის ღნავილი…

 

შემოდგება მარტი, ცრუ მოვალესავით ენაგრძელი,

გაწელავს ნასესხებ წვიმებს.

 

და მცირე ნუგეში – მიწიდან ჯუჯა ქორჩიოტების ნათება,

ისეთი ჩახჩახა,

როგორც ღამის ტყეში მგლის თვალები.

 

წელს ასე მორჩეს, აღარ გათოვდეს,

აღარც უერთმანეთოდ შეგვცივდება.

 

ვლუღლუღებთ ყურმილებში:

ერთი უდრის ნახევარს, ორი უდრის მთელს.

 

და ასე ვაგრძელებთ ველურ არითმეტიკას დილის 07:02-მდე.

 

გპირდები,

ჩავალ, ერთ დღესაც, ხიხვით სავსე აღმოსავლეთში,

შემოდგომისპირს ჩავძახებ ჭურებს:

 

ჰეი, ბნელებო,

მიყვარს ჩვენი ღმერთი,

 

ასე რომ მანებივრებს, თქვენს ზემოთ,

არა მარტო როგორც ქალს, როგორც – არა ქალს,

არამედ, როგორც პოეტსაც.

 

 

1 2 3 4