***
უმთავრესად უნივერსიტეტის პირველ კორპუსში ვიყრიდით თავს. ამ კორპუსის ყოველი სართული, კუთხე და კუნჭული მიმზიდველი იყო ჩვენთვის. უზარმაზარ აუდიტორიებში ან ფართო დერეფნებში შემთხვევით გადავაწყდებოდით ერთმანეთს და მოულოდნელი სიხარულიც სხვაგვარ ელფერს სძენდა ურთიერთობას. ამ ძველი შენობის ინტერიერი მოწიწებას, კრძალვას და კიდევ ისეთ გრძნობას აღძრავდა, რომელიც გამოუთქმელი იყო. ეს იყო მუდმივი მოლოდინი რაღაც ჯერანანახის, მოულოდნელის და არაჩვეულებრივის. ასეთი გრძნობა მეუფლებოდა, როცა დილით პირველი კორპუსის ფართო კარში შევაბიჯებდი, ქვის კიბეს ავივლიდი და დერეფანს გავუყვებოდი. ირგვლივ სრული სიჩუმე იდგა, მხოლოდ ძლივსგასაგონი ხმები აღწევდა სავსე აუდიტორიებიდან და აი, ასეთ დროს არაერთხელ გადავყრივარ უზარმაზარ ფანჯარასთან დაყუდებულ თამაზ ბაძაღუას – ფართო რაფაზე იდაყვდაყრდნობილი, ოდნავ წახრილი, ფანჯრიდან ეზოში იყურებოდა. შუა ეზოში ერთი ხე იდგა და უნებლიეთ იქცევდა ყურადღებას, თამაზიც ამ ხეს მისჩერებოდა.
სამკითხველო დარბაზშიც ხშირად ვიჯექი. გაიღებოდა მძიმე კარი და თავისი დინჯი ნაბიჯით შემოაბიჯებდა, გადმოავლებდა თვალს დარბაზს, შემამჩნევდა, ჯერ ჩაიღიმებდა, მერე კი ჩაიცინებდა და რომელიმე მაგიდას მიუჯდებოდა. ასე ვისხედით და ვისხედით არამარტო სამკითხველოში, არამედ ლექციებზე, უნივერსიტეტის ბაღში, მერე პოეზიის საღამოზე ან რომელიმე წვეულებაზე, მივდიოდით და მოვდიოდით, და დრო გადიოდა, თუმც ეს დროის სვლაც არაფრად მიგვაჩნდა.
***
მარტვილში ვბრუნდებით. აქ კულტურის სახლის სცენაზე სრულდება თამაზ ბაძაღუას მონოსპექტაკლი „ღამე და თუთიყუში (დიმიტრი ხვთისიაშვილის დადგმა, მთავარ როლში – ნიკოლოზ ფაიქრიძე). რეჟისორის ნამუშევარი აშკარად ადექვატურად გადმოსცემს დრამატურგის ჩანაფიქრს. სპექტაკლის დინამიურობა და სიმძაფრე, მსახიობის ოსტატობა იპყრობს მაყურებელს და ბოლომდე იმორჩილებს.
თამაზის არაერთი და ორი პიესა დაიდგა ქართული თეატრის სცენებზე. ვფიქრობ, რომ ეს გზის მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან თუ პოეზიაში ძიება უფრო სპონტანურ ხასიათს ატარებდა, დრამატურგიის კანონიკა ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვდა ასათვისებლად. მიუხედავად ამისა, მის პიესებში მაინც გამოსჭვივის ინდივიდუალური მსოფლშეგრძნება, რომელიც თანდათან მოერგო დრამატურგიის „დაუწერელ კანონებს“. ამის შესახებვე წერს პიესების პირველი წიგნის (ორი კრებული გამოიცა) წინასიტყვაობაში ირაკლი სამსონაძე: „ეს გამოჩნდა კიდეც თამაზის ერთ-ერთ პიესაში „ღამე და თუთიყუში“. ხელობის თვალსაზრისით სწორედ ამ ნაწარმოებში იგრძნობოდა ოსტატობის ის დონე, რომელიც პიესიდან პიესაში, სავარაუდოდ, იმავე ხარისხში გააჟღერებდა დრამატურგ თამაზ ბაძაღუას, როგორც უკვე ჟღერდა პოეტ თამაზ ბაძაღუას სახელი“.
„ღამე და თუთიყუში“ მართლაც საინტერესო პიესაა. სხვა პიესებსაც გავიხსენებ და აქვე ვიტყვი: დრამატურგიის ჟანრშიც ისევე ბევრის მომლოდინენი ვიყავით თამაზისგან, როგორც პოეზიაში. ამის მიზეზი თვითონ ამ პიესებში იყო საძიებელი. რამდენად სცენურია ეს ნაწარმოებები, ალბათ დრამატურგებმა და სცენის ოსტატებმა უნდა განსაჯონ; რაც შეეხება ლიტერატურულ მხარეს, ვფიქრობ, აქ ყველაფერი კარგად არის შესრულებული. ყოველი ფრაზა ემოციური ტონალობითაა შეფერილი, სისხლსავსეა და მიზანმიმართული. ფრაზის სტილური მიმოქცევა მწერლის ენობრივ გაწაფულობაზე მეტყველებს. იგივე შეიძლება ითქვას სხვა მრავალ კომპონენტზე, რომელიც სცენურ-ვიზუალურ გადაწყვეტას უნდა დაექვემდებაროს.
„ღამე და თუთიყუში“ ერთაქტიანი დრამაა. მთავარი გმირი გალოთებული კაცია, რომელსაც ცოლი გაექცა. ქმარი არ არის განურჩეველი ცოლის მიმართ, უზომოდ, რაღაც სასოწარკვეთილი სიყვარულით უყვარს ის. ყოველივე ამას ემატება ცოლის არა უბრალოდ გაქცევა, არამედ წასვლა სხვა კაცთან. ერთი მსახიობის თეატრისთვის დაწერილი კაცის წყვეტილი მონოლოგი სავსეა ტანჯვით, უიმედობით, რისხვითა და აგრესიით. აქა-იქ თითქოს სინანულიც გამოსჭვივის. კაცმა ეს-ესაა მოკლა ცოლის საყვარელი და ახლა სამართალდამცავების მოსვლას ელოდება. მისი აღსარება უკვე ფსიქიკურად შეძრული ადამიანის მონოლოგია. წყვეტილ აღსარებაში განფენილია თხრობა. რა მოხდა, როგორ მოხდა, რა ვითარებაში – ყოველივე ელვისუსწრაფესად გაირბენს პერსონაჟის მეხსიერებაში და მოკლე შტრიხებით აღიბეჭდება საუბარში. ის გრძნობს თავის დანაშაულს, მაგრამ გრძნობს იმასაც, რომ დანაშაული გარდაუვალი იყო.
პიესა „ღუზა ჩაუშვი, ანგელოზო!“ ზღვისპირა ქალაქის ცხოვრებას აგვიწერს. ამ პიესაში თითქოს რაღაც დახშული წრეა გარშემოწერილი. პერსონაჟები ცდილობენ ამ წრის გარღვევას, მაგრამ ვერ ახერხებენ. ზღვისპირა პროვინციაში მოწყენა სუფევს, გადაუღებლად წვიმს. ქართულის მასწავლებელი ბონდო ხელმოცარული, გალოთებული რომანტიკოსია. მისი ილუზიები უკვე დამსხვრეულია, ცხოვრებაში დამდგარა ჟამი განვლილის შეფასებისა. არცერთი მისი მოწაფე ფილოლოგი არ გამხდარა და ამის გამო ბონდო ფიქრობს, რომ ის ვერ შედგა, როგორც მასწავლებელი. თბილისიდან ჩამოსული ორი სტუდენტი ფილოლოგი ბიჭი ბონდოს ლიტერატურაზე ესაუბრება. მათი საუბრის თემა არა მხოლოდ პოეზიაა, არამედ სინამდვილისადმი გაუცხოების დამთრგუნველი გრძნობა. ერთ-ერთი მათგანი ზღვისპირა ქალაქის მასწავლებელს შესჩივის: „კიდევ კარგი, წამოვედი. მეტი აღარ შემეძლო, ალბათ შუა ქუჩაში ვიბღავლებდი და გული გამისკდებოდა“.
ბიჭები ბონდოს დახმარებით ქირაობენ ბინას და პერსონაჟების წრე იკვრება. აქ არიან გოგონებიც, ქალებიც, ბიჭებიც, ბონდოც. ყველას რაღაც აწუხებს, რაღაც გამოუვალობის განცდა. გოგონები და ბიჭები ვერ გარკვეულან თავიანთ გრძნობებში და საკუთარ თავებს აწყდებიან. იგივე ვითარებაა პიესაში „ძველი როიალი“. აქ აქცენტი მამა-შვილის ურთიერთობაზე კეთდება. მამა ძველი თაობის კაცია; როგორც თვითონ ამბობს, იმ თაობისა, რომელსაც რაღაცის რწმენა ჰქონდა. მისივე სიტყვით კი ახალი თაობა რწმენადაკარგული თაობაა. „გაბრაზებული ახალგაზრდები ქვეყანას ვერ ააშენებენ. თქვენ ცხოვრებას დაცინვით იწყებთ“, – ამბობს მამა, სახელად ნიკო და, ცხადია, რომ მის ნათქვამში ჭეშმარიტების მარცვალი მართლაც მოიძევება. შვილი კი, ზაზა, უპირისპირდება და აკრიტიკებს და ისიც თავისებურად მართალია. ზაზას აზრით, მამების რწმენა სიცარიელეზე იყო დაფუძნებული და ამ ფუტურო რწმენამ დაბადა ურწმუნობა.
„ძველ როიალში“ ყურადღებას იქცევს დიალოგების თავისებური წყობა. მათ შორის აზრობრივი კავშირი დარღვეულია, პერსონაჟებს შორის არ არის ნამდვილი, შინაგანი კავშირი, რაც დიალოგებშიც მჟღავნდება. ისინი საუბრობენ, მაგრამ ეს საუბარი „ურთიერთაცდენილია“. ერთი პერსონაჟი მიმართავს მეორეს, მაგრამ მათი საუბრების თემა და საგანი სრულიად განსხვავებულია. ამ ხერხს თამაზ ბაძაღუა ოსტატურად იყენებს. შეიძლება ისეთი აზრიც დაგებადოს, რომ ეს ერთგვარი „ცნობიერების ნაკადია“. ერთი პერსონაჟის „ცნობიერების ნაკადს“ კვეთს მეორის ასეთივე სპონტანური მეტყველება.