ყველაზე ადრე ის უნდა ითქვას, რომ ამ ციკლის ლექსები პოეზიაა, უაღრესად სახოვანი, მეტაფორული და, რაც მთავარია, მძაფრი ემოციურობით გაჟღენთილი. პოეზია ემოციური ზემოქმედების გარეშე წარმოუდგენელია. ეს ლექსები არაფრით არ ჰგავს დღევანდელი „პოეზიის“ სერიულ ნიმუშებს, – გაუთავებელ, გრძელ ლაყაფს, ჩიქორთული ქართული ენით დაწერილ ბიუროკრატიული ოქმის ან განცხადების მსგავს ტექსტებს, სადაც სკაბრეზულობა ე. წ. ეპატაჟის როლს ასრულებს. ასეთი ტექსტების უბედურება ისაა, რომ მათ მხატვრულს ვერ უწოდებ, აქ არ არის ქართული სიტყვის (არადა, ტექსტი ქართულ ენაზეა დაწერილი) ინტენსიობის შეგრძნება, რაც, უპირველეს ყოვლისა, მოეთხოვება პოეტს. სიტყვას თუ ვერ ფლობს, ავტორს ენობრივი რიტმის გრძნობაც არ ექნება, პოეზია კი, რა თქმა უნდა, რიტმული მეტყველებაა. სიტყვა, ენა პოეზიის მასალაა და უფრო მეტიც არის, ვიდრე მასალა; ენა ის სუბსტრატია, რომელიც თვითონვე ჰკარნახობს პოეტს სათქმელს. ვინც ვერ ფლობს ენას, ის კი შეძლებს ტექსტის შედგენას, მაგრამ ვერ შექმნის პოეზიას. განა შეიძლება კომპოზიციას თხზავდეს მუსიკალური სმენის უქონელი ადამიანი? შეიძლება კომპოზიტორი იყოს უსმენო? რა თქმა უნდა, არა. რაც შეეხება სკაბრეზს და ეპატაჟს, ეს ორი კომპონენტი, რომელიც ერთი ნიშნითაც შეიძლება გაერთიანდეს, მხატვრული ტექსტის მიღმა კი არ არსებობს, მხატვრულ ტექსტში უნდა იყოს ჩართული და მხატვრის მიერ უნდა იყოს შესრულებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მთავარი რეცეპტი კი არ არის, არამედ იმის დამზადებაა, რაც რეცეპტით არის ნაკარნახევი. ერთი და იმავე რეცეპტით შეიძლება გემრიელი კერძიც დამზადდეს და უგემურიც, მთავარი ისაა, ვინ ამზადებს მას. ჯეიმს ჯოისმა სკაბრეზი ლიტერატურად, პროზად აქცია (იქ ამის მსოფლმხედველობრივი აუცილებლობაც იყო), ტომას სტერნზ ელიოტმა კი ალუზიები და ციტატები მხატვრულობის რანგში აიყვანა.
სიტყვა გამექცა და ალბათ საუბრის თემას დავშორდი, მაგრამ ამ საკითხზე საუბარი არასოდეს იქნება ზედმეტი.
თამაზ ბაძაღუას ლირიკა თავისი შინაგანი პათოსითა და სიღრმისეულობით ექსისტენციურია. მისი გმირი მართლაც გადაგდებულია სამყაროში და დაწყევლილია თავისუფლებით. ის მარტოა, იბრძვის, ეძებს ზნეობრივ საყრდენებს, ეძებს ხსნას იმ სივრცეში, სადაც ტრადიციული ღირებულებები მორღვეულია. თითქმის აღარაფერი დარჩა ძველი სამყაროსგან, სრული ნიჰილიზმი გაბატონდა ირგვლივ. ურბანულ სივრცეში, მეგაპოლისში ადამიანი მარტოა. ეს არაკომუნიკაბელობის სივრცეა – მაღალ სახლებში ისიც და სხვებიც, როგორც კოლოფებში, ისე არიან გამომწყვდეულნი. ადამიანები ნირს არ იხდენენ, ისინი იმგვარად ცხოვრობენ, თითქოს ისევ ძველ სამყაროში იყვნენ და ძველი სამყაროს წესრიგით ნაკარნახევ წესებს ასრულებენ, არადა, ძველი იდეალი მოკვდა, ახალი კი ჯერაც არსად ჩანს. ლირიკული სუბიექტი და, ზოგადად, ადამიანი ნიადაგგამოცლილია, ჰაერშია გამოკიდებული, შფოთითა და უპერსპექტივობის გრძნობით არის შეპყრობილი. ამგვარი გრძნობა უკიდურესი სიმწვავით აჟღერდა თამაზის პოეზიაში და ყველაზე მძაფრად აღიბეჭდა არაჩვეულებრივ თავისუფალ ლექსში „ვინ, ვინ მაგემა მომავალი შიშის სურნელი“. ეს პიროვნებისეული ნიშნით აღბეჭდილი ექსისტენციური კრიზისის გამომხატველი ლირიკული ლექსია. აქ არის ამაო ძიება ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ღირებულებების, რომელმაც სრული დეგრადაცია განიცადა ტექნიზაციის ეპოქაში. ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ თამაზმა ყოველივე ეს უკიდურესად მძაფრად შეიგრძნო. ცხადია, ჩვენს გარემოში ძველ ღირებულებათა გაუფასურება იგრძნობოდა, მაგრამ განსაკუთრებული ინტუიციით და ძალზე მგრძნობიარე ბუნებით უნდა ყოფილიყო დაჯილდოებული შემოქმედი, რომ ამ ღირებულებათა განადგურება ეგრძნო. ეს ერთგვარი წინასწარმეტყველებაა, „მომავლის შიშია“, როგორც თვითონ თამაზი ამბობს, ეს არის ის კატასტროფა, –
რომელსაც გული წინასწარ გრძნობს,
როგორც პირუტყვი მიწისძვრას,
როგორც ზამთარს მერცხალი,
მაგრამ სად არის თბილი ქვეყანა, სად არის წყარო,
სად არის ჩრდილი, სად არის სიტყვა,
მინერალების შუქივით სუფთა და პირველქმნილი,
სად არის ის მზე – სიტყვასავით თბილი, სად არის,
მზესავით თბილი სახლი სად არის,
სახლივით თბილი პური სად არის,
პურივით თბილი ქალი სად არის,
– მე ფრინველი ვარ, საკუთარ ფრთას ჩამორჩენილი
და უიმედოდ ვებღაუჭები
იმ ძველ ფურცლებში ჩაყვითლებულ სიტყვებს: სიმშვიდე,
სიხარული, თანაგრძნობა, აღფრთოვანება….
80 – იან წლებში უკვე იგრძნობოდა ზნეობრივ და სულიერ ღირებულებათა კვდომა, მაგრამ არც ისე თვალსაჩინოდ, რომ ლექსებში აღბეჭდილიყო. თამაზმა ეს იგრძნო და აღბეჭდა. მეტის თქმაც შეიძლება: ციკლი „ქვასა და სიტყვებს შორის“ ღირებულებათა კვდომის ამ დისონანსურ ტალღაზე აეწყო.
თამაზს თავისი გარემო და მსოფლმხედველობრივი გზა ჰქონდა, მაგრამ ის ამავე დროს ეძებდა გამოხატვის თანამედროვე ფორმებს. იტალიური ე.წ. ჰერმეტული პოეზია მისთვის მნიშვნელოვანი მიგნება იყო. მან ამ პოეზიისგან მრავალი კომპონენტი შეითვისა, ცხადია, ფორმისმიერიც და შინაარსობრივიც. სხვაგვარად წარმოუდგენელი გახლდათ, ვინაიდან ერთის ათვისება მეორის მიღებასაც ნიშნავდა. აქ გარკვეული დიალექტიკა არსებობდა: ფორმა განაპირობებდა შინაარსს და შინაარსი ფორმას (როგორც არის ყოველთვის). პირველად ფორმა ვახსენე, რადგან XX საუკუნის ლირიკის მკვლევარი ჰუგო ფრიდრიხი ამბობს, რომ გარკვეულწილად მაინც არსებობდა ფორმის პრიორიტეტი, რაც განსაზღვრავდა კიდეც შინაარსს. მაგრამ არიან მკვლევარები, რომლებიც ამბობენ, რომ ფორმის რადიკალური ტრანსფორმაცია იმთავითვე განსაზღვრულია ნაგულისხმევი შინაარსით.
იტალიელი პოეტების თარგმნა თამაზისთვის ამავე დროს პოეტური კულტურის ათვისების გარკვეული ფაზა იყო და აქ მას იზიდავდა არა მხოლოდ ფორმა, – ხშირად განზრახ შექმნილი ფორმისმიერი სირთულე, არამედ ამ ფორმასთან დაკავშირებული თანამედროვე ადამიანის რთული ფსიქიკა. ყოველივე ეს კარგად ჩანს იტალიური ლირიკისადმი დამოკიდებულებაში. აქ არის თავისუფალი ლექსის შიგნით ისეთი რიტმული რხევები, ისეთი ინტონაციური დინებები, რომელიც თამაზის სათქმელს კარგად მოერგო.
***
თამაზმა საკუთარი თავისადმი გაუცხოება ასე გამოხატა: „მე ფრინველი ვარ, საკუთარ ფრთას ჩამორჩენილი“. შთამბეჭდავი სახეა, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ ამ ერთ ფრაზაში მთელი მისი პიროვნული არსებაა გაცხადებული, ეს მისი ავტოპორტრეტია. აქ არის ნაჩვენები მისი მუდმივი სიყვარული სიმაღლის, თავისუფლების, სურვილი ტრანსცენდირების და, ამავე დროს, შეფერხება, ქვედაზიდვა, მისივე არსებიდან ამოზრდილი ბედისწერული ძალის მისდამი მტრული დაპირისპირება. აქვეა ამავე სათქმელში ჩაწერილი ტრაგიკული სახე: „ბრმა ფრინველივით რომ ეხეთქება საკუთარ ფრთებს სინათლის ცაში“. ეს საკუთარ ფრთებს შეხეთქებული თუ საკუთარ ფრთას ჩამორჩენილი ფრინველი ცვალებადია და სხვადასხვანაირად წარმოჩნდება თამაზის შემოქმედებაში. ეს არის არსება, რომელსაც სურს ფრენა გაშლილ სივრცეში და ამის ნაცვლად საკუთარ ფრთებს ეხეთქება. შთამბეჭდავია მეტაფორა, რომელიც მიგვანიშნებს, რომ ტრადიციული მეტაფიზიკური სამყაროსკენ ლტოლვა კრახით სრულდება.