ამ ლექსებში თამაზის მშობლებისეული პატარა ოდა-სახლის გარემომცველი პეიზაჟია ჩაწერილი. აქ არ არის კონკრეტიკა, არის სივრცე, დროის მიჯნების გადალახვა, ხანიერება, განთავისუფლება ყოფითობისგან, ყოველდღიურობისგან. ეს სიტყვები იმ კაცის წარმოთქმულია, ვისაც სიკვდილის მოლოდინი ადამიანური ტანჯვისგან, ვნებებისგან ათავისუფლებს და შვებას ჰგვრის, მარადისობის წარმოსახულ სივრცეში გადაჰყავს: „და წყნარად, წყნარად მეც ვმაღლდები დაკარგული სიხარულისკენ.“  ამ ლექსის ლირიკული გმირი სხვა განზომილებაში იმყოფება,  „სიკვდილის წყლებით“  არის გაჟღენთილი, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არსებულ სივრცეში დგას და მისი საუბრის ინტონაციაც იმიტომ არის განსხვავებული – ამქვეყნიურიცაა და, ამავე დროს, არაამქვეყნიურიც. ამ ციკლის ლექსები რილკეს  „დუინური ელეგიების“  მსგავსად თითქოს ამქვეყნიურის და იმქვეყნიურის შეერთების ცდაა. ამ ლექსებში სიცოცხლის მძაფრი შეგრძნებაცაა და სიკვდილისაც; თითქოს ერთი გადაედინება მეორეში და ეს შეხვედრა თუ შენაცვლება ადამიანში ხდება. ადამიანში მიმდინარეობს ორი სხვადასხვა ურთიერთგამსჭვალავი საწყისის ფარული მორიგების პროცესი:

როგორ გაუძლებ ამდენ შეცდომას,
ძველი წვიმების სიმკვრივეს შენს ნაფეხურებში,
ვნების დამქანცავ იძულებას როგორ გაუძლებ,
როგორ გაუძლებ სიკვდილის სუნს მთელი სიცოცხლე…
რომ თან იმღერო, თან ნიჩაბი გეჭიროს ხელში….

თამაზი ორი შეურიგებელი საწყისის მორიგებას ცდილობს, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე იმთავითვე, დაბადებითვე გულისხმობს სიკვდილს, მაგრამ რაც უფრო უღრმავდება ლირიკული სუბიექტი ამ აზრს და რაც უფრო მეტად ცდილობს მასთან შერიგებას, მით უფრო მეტი მღელვარება, შეურიგებლობა, განხეთქილება, დრამატიზმი იჩენს თავს. არადა, ლექსის ინტონაცია შემრიგებლურია, სინანულნარევი, მოჩვენებითი ჰარმონიის დამამკვიდრებელი; მოჩვენებითია იმიტომ, რომ აუმღვრეველ პეიზაჟს, ფერადოვნებით აღბეჭდილ ბუნების სურათს მოულოდნელად მკვეთრი დისონანსი, ერთი მძაფრი ფრაზა გასერავს:

მე კი რა მიჭირს, ძველ ჭალაში გავისეირნებ,
ძველი მდინარის ტალღებს ჩავხედავ
ბავშვივით წყნარად და უდარდელად
და როცა შენი ხმა გამაღვიძებს,
იმ გაზაფხულებს ნაპირ-ნაპირ ავედევნები.
ჯერ ნუ დამიტირებ, სიყვარულო!

აქვე არის ლექსები, რომლებიც თავიდანვე ტრაგიკულ და მკვეთრ დისონანსურ ფრაზებზე, სახეებსა და მეტაფორებზეა აწყობილი. აქ სინანულის ინტონაციას ყვირილი ენაცვლება, სინანული ჩურჩულით შეიძლება გამოიხატოს, ედუარდ მუნკის „ყვირილი“ კი მხატვრობაში მოდერნისტული ხელოვნების  სიმბოლოდ იქცა. ასე რომ, თამაზს აქვს „ყვირილით“  წარმოთქმული ლექსებიც:

მკვდრები ყვიროდნენ:
აი, ჩვენი სისხლი და ძვლები,
ჩვენი თვალები – ღია და მუნჯი;
მკვდრები ყვიროდნენ, –
აი, ჩვენი დროშების შუქი,
ჩვენი ძახილის თამამი ექო,
დაუძლეველი სისხლის ჩუხჩუხი,
მდინარეებად და ღრუბლებად აღმა წასული,
მკვდრები ყვიროდნენ
მაშინ,
როცა ცოცხლები დუმდნენ.

ეს ინტონაციური ცვალებადობა, თავისუფალი ლექსების ეს ლირიკული გრადაცია რელიეფურობას და გამომსახველობას ანიჭებს ერთად თავმოყრილ ნაწარმოებებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს თანმიმდევრობას, ვინაიდან ციკლის ლაიტმოტივი ლექსიდან ლექსში უნდა გადავიდეს არა თვალსაჩინოდ, არამედ ფარულად. თანამედროვე გაგებით, პოეტური ციკლი სწორედ ამას ნიშნავს,  – ლექსების თანმიმდევრობით გამოხატულ ერთიანობას.

 

***

სოფლის კარ-მიდამოს ვიხსენებ. აქ არაერთხელ ვარ ნამყოფი. თითქოს ჩაქრა აქაურობა, ჩაქრა და მიინავლა. დუმილი გამეფდა ეზოში და ცაცხვის ხესაც შეახმა ტოტები. თენდება და ღამდება, გამოკეტილ და ცარიელ ოთახებში იღვენთება და იწრიტება სინათლე. თითქოს ეს სახლიც მარადისობის მკვიდრი გახდა. სახლის წინ ფართო ჭაა, თავდახურული და შეფუთული. ოდესღაც ამ ჭის წყალს ვეწაფებოდით და დასიცხულები წყურვილს ვიკლავდით.

თამაზის ჭერქვეშ ნაუცბათევი სუფრა იშლება. ეს მისი სახლია, ამ სიტყვის ყველაზე ღრმა, პირველქმნილი და სუფთა გაგებით. ეს ის გარემოა, რომელსაც თამაზი შორდებოდა, მაგრამ ქვეცნობიერად არასდროს არ ტოვებდა, არც შეეძლო დატოვება, ვინაიდან აქაურობა სიზმრებში ინაცვლებდა ადგილს. ეს ლექსებიც სიზმრებია, სიზმრისა და რეალობის ნაფლეთებია; ზოგჯერ ვერ არკვევ, სად იწყება სიზმარი და სად გადადის რეალობაში, ანდა პირიქით.

მაინც რა არის  მნიშვნელოვანი ამ ციკლის ყველაზე გამოკვეთილ ლექსებში, რომელსაც თამაზმა უწოდა  „ქვასა და სიტყვებს შორის“?

ეს ლექსები, ჩემი აზრით, უაღრესად თანამედროვე იყო და არის დღესაც. უპირველეს ყოვლისა, ჩამოვთვლი ამ ლექსებს: „ქარით გიყურებ და ყველაზე ჩუმი ვარსკვლავით გისმენ“, „ვარსკვლავო, ჩემო წინასწარმეტყველო“, „სიტვების ძველი რელიეფი“,  „ჩემი ცრემლები ამ თვალების იქით გრძელდება“, „ილაპარაკე ჩუმად, ჩუმად ილაპარაკე“, „არა მთვარეზე და ვარსკვლავებზე“, „ბებერო ცაცხვო“, „სადაც არასდროს არ ვიქნები…“ „ჩვენ მივდივართ ვიწრო აღმართით“, „შენი მზერიდან მე ვიწყებ ღამეს“,  „ვინ, ვინ მაგემა მომავალი შიშის სურნელი“,  „მე ვარ მგელი“,  „რა უნდა გითხრა, ხმელო ფოთოლო“, „ნუღარ დამეძებ, ქარიშხალო“,  „როგორ გაუძლებ ამდენ შეცდომას“,  „მკვდრები ყვიროდნენ“, „რად მწუხარე ხარ, ჩემო ფასკუნჯო“,  „ჯერ ნუ დამიტირებ, სიყვარულო“,  „ისიც ჩასწერე, სანამ ბოლო წერტილს დასვამდე“,  „ძველი სიტყვები…“,  „რატომ დაეძებს სექტემბერი…“, „მე დამეკარგა ჩემი სიკვდილი“,  „სასაფლაოზე’,  „რას დაიტოვებ ჩემგან, ბალახო“,  „ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე“…

 

1 2 3 4 5 6 7