საგები ისე დავიფარე, რომ ცალი ძუძუ და ბარძაყი მოვიშიშვლე, ვწევარ, ველოდები, არ ჩანს. ჩამთვლიმა. ხმა ჩამესმა. თვალი გავახილე. კედელთან იდგა, ანძრევდა; მიცქერდა- ანძრევდა და მის საოხრეს მივაცქერდი და თავად ვიგრძენი, ონანის დანთხეულმა თესლმა მზერა რომ გამიცხელა და მივხვდი, რადგან ჩემზე ანძრევდა, მიზნამდე სულ ცოტაღა მაკლდა. საგები გადავიძვრე, – მოდი – მეთქი, მოდი, მომიწექი! ღრმად სუნთქავდა, სკამზე ჩამოჯდა. ის -სკამზე, მე სრულიად შიშველი – სარეცელზე. გამომხედა, – აი, ჩემი გულწრფელობით გეჩვენეო, – მითხრა. – ჩემთან მოდი, აქ ვლაპარაკოთ – ვეუბნები. წამოდგა. სარეცელზე ტანსაცმლიანად წამოწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო, ჭერს მიაცქერდა. – გაიხადე, – ვეუბნები, – შენც გაშიშვლდი, თავს უკეთ ვიგრძნობთ, – ვეუბნები და ვუჩოჩდები, ვეტმასნები, მაგრამ ყურადღებას არ მაქცევს, მერე მეუბნება: – იმ სიზმარში სხვანაირი იყავიო. – რა სიზმარში – მეთქი? – სიზმარში, საიდანაც შემიყვარდიო, – თქვა, თან ჭერს უცქერს, მერე ამბობს, – ჩემი სიზმარი ალბათ ოცნება იყო, ოცნება და სინამდვილე განსხვავდება, მე ოცნების კაცი ვარ, ამის გაგება შეგიძლიაო? – და გამომხედა. – ჰო-მეთქი, ჰო, როგორ არ შემიძლია, ცოლი იმისაა, ქმარს გაუგოს, – ვეუბნები. – ძალიან მოსალოდნელი სიტყვები თქვიო, – ჩაიცინა. – აბა, რა უნდა მეთქვა? – ვეკითხები, -სიმართლეო, – და ისევ ჭერს მიაცქერდა. – სიმართლე გითხარი, – ვეუბნები, – უცნაური კაცი ხარ და მართლა გულით მინდა გაგიგო – მეთქი. სიტყვა არ დაუძრავს, ჭერს მიშტერებოდა. – შენი სიმართლე რაშია – მეთქი? – ჩავეძიე. – ჩემი სიმართლე იმაშია, რომ ველზე, აბზინდას ბუჩქთან, ჩემს ოცნებაზე ვანძრევო. – რატომ – მეთქი, რატომ? მოდი, მექმრე, ეს ღამე ჩვენი სიყვარულის ღამედ ვაქციოთ, – და ისევ მივეტმასნე, მაგრამ ამირიდა. წამოჯდა, ზურგი მომაქცია, ერთხანს იყუჩა, მერე თქვა: – და ჩვენი სიყვარულის ღამიდან ვისი ნაყოფი გაჩნდებაო? სწორად მივხვდი, – ვფიქრობ, – ცეფერის თესლის აღდგენა არ უნდა, რადგან ვუყვარვარ, – ვფიქრობ; აზრმა გამიელვა, ვეუბნები: – შენს ახალ რჯულზე ლაპარაკობდი, სინამდვილეში კი მამაჩემის რჯულით სჯი; ცეფერი რა შუაშია? ასე თუ გიყვარვარ, მეც მზად ვარ, მხოლოდ შენ მიყვარდე – მეთქი. შემობრუნდა, მომაცქერდა. მის მზერას გავუძელი, თვალი არ ამირიდებია. საჩვენებელი თითი შუბლზე მიიბჯინა, მეუბნება. – ცეფერი თუ გულიდან გიყვარდა, მე აქედან უნდა შემიყვარო, მერე გექმრობიო, – თანაც თითს შუბლზე იტრიალებს და გამომცდელად მიცქერს. – ტვინიდან შეყვარება რას ნიშნავს – მეთქი, ამიხსენი! – როცა ჩემს რჯულში გაერკვევი, თავად მიხვდებიო, – თქვა, ისევ შებრუნდა, ზურგი მაჩვენა და თქვა: – თემი დავაარსე; ბევრნი არ ვართ, მაგრამ, რაც მთავარია, გულწრფელობა გვაერთიანებსო. – თემის წინამძღოლი ხარ-მეთქი? – ჰოო, – გამომხედა, – ველზე ვიკრიბებით, იმ ადგილს ხვალ განახებ, აქედან დავიწყოთ ჩვენი ცოლ-ქმრობა, ახლა დაიძინეო, – გადმოიხარა, თვალები დამიკოცნა, შუბლზეც მეამბორა, საგები გადამაფარა, წამოდგა, შინიდან გააბიჯა. ძალიან უცნაური ვინმეა ეს ონანი, – ვფიქრობ , – მის ამბორში დიდი გრძნობა იყო, – ვფიქრობ, – ავყვები, ავყვები და მერე აქეთ ავიყოლიებ, ჩემსას მივაღწევ, რადგან მართლა ვუყვარვარ, – ვფიქრობ; გამახსენდა, რომ იატაკზე თესლი დაღვარა. წამოვდექი, ჩვარი ავიღე, სანთელი იატაკს დავანათე, თესლი ავწმინდე და ჩვარს დავაცქერდი. – ონანის თესლი იატაკიდან ავწმინდე, – ვფიქრობ, – ონანის თესლი იატაკიდან ავწმინდე, – ვფიქრობ და თვალი ჩვარზე მიშტერდება. არ მახსოვს, რამდენ ხანს ვიდექი ასე და ვფიქრობდი და ვფიქრობდი, – ონანის თესლი იატაკიდან ავწმინდე, ონანის თესლი ახლა ჩვარზეა; ონანის თესლი იატაკიდან ავწმინდე, ონანის თესლი ახლა ჩვარზეა. პერანგი გადავიცვი, წყლიანი თუნგი ეზოში გავიყოლე, ჩვარს ვრეცხავ და ვფიქრობ: – ონანის თესლიან ჩვარს ვრეცხავ ეზოში, ონანის თესლიან ჩვარს ვრეცხავ ეზოში. ჩვარი გავწურე, შინ შევბრუნდი, ჩავწექი, თვალები მივლულე და ვფიქრობ: – ძალიან უცნაური ვინმეა ეს ონანი; მის ამბორში დიდი გრძნობა იყო; ავყვები, ავყვები და მერე აქეთ ავიყოლიებ, ჩემსას მივაღწევ, რადგან მართლა ვუყვარვარ ონანს, – ვფიქრობ და ჩემს ჭინკებს სიამოვნებთ, ონანს რომ მართლა ვუყვარვარ, ჩემი ჭინკები ბაგეს მიხსნიან და – ვნახოთ, ვინ ვის? – ვფიქრობ, – ვნახოთ, ვინ ვის? – ვფიქრობ. ამ ფიქრში ჩავიძინე. დილით მესმის – ცეფერ! ცეფერ! კაბა გადავიცვი, ეზოში გავედი. ვაციკს ეთამაშებოდა. – ძალიან საყვარლად ეთამაშები ცეფერს, – ვეუბნები და ვუღიმი. გამომცდელად მომაცქერდა. – ასე პირქუშად რატომ მიცქერ? – ვეკითხები ღიმილით. – რამე მაჭამეო, – პასუხს თავი აარიდა. – მობრძანდი, ბატონო, – ვეუბნები. შინ შევბრუნდით, ვაციკი აედევნა, სახლში შემობაკუნდა. სუფრა გავუწყვე, მის გვერდით ჩამოვჯექი, ვაციკს თეთრ შუბლზე ხელი გადავუსვი, – ცეფერ, ცეფერ, საყვარელო პატარა ცეფერ, – მოვეფერე. ვისაუზმეთ. – ველზე წამიყვან? – ვეკითხები. ჰო, – მპასუხობს. წავედით. ვაციკი ხან ჩამოგვრჩება, ხან გადაგვისწრებს; – კარგი ვაციკია, – ვეუბნები გზად. – კარგი ცეფერია, – ამბობს. – ჰო, – ვეთანხმები, – კარგი ცეფერია. ველზე გავედით. აბზინდას ბუჩქთან გაჩერდა, ბუჩქს დააცქერდა, – აი, ის ადგილი, ჩემი თემი აქ იკრიბებაო, – მითხრა, მერე პალმებისკენ გაიხედა. – მაინცდამაინც აქ რატომ იკრიბებით – მეთქი? – ყველაზე ღირსახსოვარ შეგრძნებას აქ ვეზიარე და იმიტომო, – თქვა და ბუჩქთან ფეხმორთხმით ჩაჯდა. – მოდი, მომიჯექიო!, მივუჯექი, პალმებს უცქერდა, გამომხედა, თან მიღიმოდა, თანაც თვალებში ცრემლი უკიაფებდა. რა უცნაური მზერა აქვს, – ვფიქრობ, – რა უცნაური ვინმეა ეს ონანი, – ვფიქრობ; თვალს არ ვაშორებ, მზერით ვეფერები, თვალი თვითონ ამარიდა, ისევ პალმებს მიაცქერდა, – თემის წევრები მალე გამოჩნდებიანო, – ჩაილაპარაკა.

1 2