/გაგრძელება/

 

ლაჰიმა

 

შავი, თეთრშუბლა ვაციკი მაჩუქა, – რას დაარქმევო? – ვაციკს ვაციკუნას დავარქმევ – მეთქი. ამომხედა, მაგრამ თვალი უმალ ამარიდა, – ვაციკი და ვაციკუნა რამ გაჰყო, ადამიანის სახელი დაარქვი, ასე უფრო სახალისოაო. „სახალისოო, სახალისოო“, – ამ უჟმურმა.-რამეს მოვიფიქრებ-მეთქი. – ცეფერი დაარქვიო, – მიწას ჩასჩერებოდა, ამომხედა და მზერა ისევ მომარიდა. ტლუ, ტლუ, ეს ხეპრე! გავტრიალდი, ბოსელში შევედი, მიწაზე ჩავჯექი, ავტირდი. შემოვიდა, თავზე დამადგა. – ვერ წარმოიდგენ, როგორ მიყვარხარო! – წადი-მეთქი, წადი! – სად წავიდე, რჯულის წესით დღეიდან ჩემი ცოლი ხარო. – მოდი-მეთქი, მაშინ მოდი და სადაც შენმა ძმამ სული დალია, იქ მექმრე – მეთქი! ჩემს გვერდით ჩაჯდა. – რჯულის წესი მეც არ მომწონსო, – მითხრა. – ეგ მე არ მითქვამს – მეთქი, არა!- სწორედ ეგ თქვიო. გავხედე.მიცქერდა. მზერა არ აურიდებია. -ახალ რჯულზე ვფიქრობ, აგიხსნიდი, მაგრამ ჯერ მზად არ ხარო. „რას ბოდავს?“ – ვფიქრობ, – „რას ბოდავს?“ – ვფიქრობ, თვალი მოვარიდე. უეცრად მესმის: – იცი, რომ სიზმრიდან შემიყვარდიო? ისევ გავხედე. თვალებში ცრემლი უკიაფებდა. – რას ნიშნავს სიზმრიდან შეგიყვარდი – მეთქი? წამოდგა, ბოსლიდან გააბიჯა. გავყევი, – ამიხსენი – მეთქი, ამიხსენი! – ცეფერს რომ გადაიგლოვებ, აგიხსნიო, – თქვა და წავიდა. – სად მიდიხარ? – გავძახე. – ველზეო! -ჩემკენ არ გამოუხედავს. ღამით არ მოსულა. მასზე ვფიქრობდი და საბრალო ცეფერზე და რჯულის წესზე ვფიქრობდი, რამაც ჩემი ცხოვრება ასე შეცვალა და მერე ჩამეძინა. მესმის – ცეფერ! ცეფერ! თვალი გავახილე. დილაა. ეზოში გავედი. დამდგარა, ვაციკს ცეფერის სახელს აჩვევს ეს თახსირი! – არ გაბედო – მეთქი, არა! – შევუკივლე. – მშია, რამე მაჭამეო! – სახლში შეაბიჯა. – მამაჩემს ვეტყვი, როგორც იქცევი, ელიშგუდს ხომ იცნობ, ის მოგივლის-მეთქი! – დავემუქრე, – გლოვის დღეებმა ჩაიარა, შენ ისევ გლოვობ, მე რას მემართლებიო? – მითხრა. – ვაციკას ცეფერს ნუ ეძახი – მეთქი! – აი, ხომ ხედავ, ჩემს ძმაზე დარდში ხარ, მგლოვიარე ქალთან რა დამაწვენსო?!- თუ არ დაწვები, ძმას თესლს როგორ აღუდგენ – მეთქი?! – როცა ცეფერზე გლოვას მოილევ, ამაზე მერე ვილაპარაკოთო, – ამ ნეხვის ჭიამ, რჯულწაწყმედილმა ამან. ვიფიქრე – „ვაციკს ჩემი ხელით დავკლავ და ამასაც ზედ მივაყოლებ!“ მესმის: – ცოლო, რამეს მაჭმევ? – ჰო – მეთქი, ჰო, ჰო, ჰო, ჰო – მეთქი! ჩახეთქა, მერე მეკითხება: – რჯულია ადამიანისთვის თუ ადამიანია რჯულისათვის, როგორ გგონიაო? – ხომ არ შეშლილხარ – მეთქი, რას მეკითხები?! – უმთავრეს რამეს გეკითხები, გლოვის დღეებში ამაზე ბევრს ვფიქრობდიო. – ელიშგუდის შვილი ვარ, ჩვენს ოჯახში რჯულზე მაღლა არაფერი მდგარა – მეთქი. – კარგი, სხვაგვარად გკითხავ, – რჯულის წესი რომ არა, ჩემს ცოლობას ოდესმე დათანხმდებოდიო? მინდოდა შემეკივლა – არა – მეთქი, არა! თავი მოვითოკე, გაჩუმება ვარჩიე; გავხედე, თავი ჩაუხრია, ქვემოდან მიცქერს, პასუხს ელის. – მამაჩემი თუ ასე გადაწყვეტდა, ჰო – მეთქი. – მამაშენი დროებით დაივიწყე, გული რას გეუბნებაო? – არ ვიცი -მეთქი. – ცრუობო, – მითხრა და მერე მითხრა: – არასდროს მეცრუო, ჩემს ახალ რჯულში სიცრუე დიდი ცოდვააო. – რომელ ახალ რჯულზე მელაპარაკები, რას მიედმოედები, რას ბოდავ-მეთქი?! – გულწრფელთა რჯულზე გელაპარაკებიო. – თუ ასეა, გულწრფელად გეტყვი, რჯულის წესი რომ არა, შენი ცოლი არსდროს გავხდებოდი – მეთქი! – მივახალე. – ჭეშმარიტების გზაზე შედგომას გილოცავო, – მითხრა; გაყუჩდა, მერე მითხრა: – ჩვენი საუბრები დაგეხმარებაო. – რაში დამეხმარება – მეთქი? – გლოვის დღეებს შეგიმსუბუქებსო, – თქვა, აიკრიფა, სახლიდან გააბიჯა. ეზოდან სტვენა მომესმა, და ისევ – ცეფერ! ცეფერ! – ვაციკს უხმობს. ეზოში გავედი, ვხედავ – ვაციკი მიჰყვება. – სად მიბრძანდები? – გავძახე; – ველზეო! – ჩემკენ არ გამოუხედავს, წავიდა. შინ დავბრუნდი. რა კარგი იყო ცეფერთან და რა დამღლელია ამ უჟმურთან. ჩემთან დაწოლაც არ იკადრა ვაჟბატონმა. გლოვის დღეებში თავს ვიმზადებდი, ცეფერისთვის – მეთქი, ცეფერისთვის, როგორმე – მეთქი, როგორმე, თვალებს დავხუჭავ და იმ დროს ცეფერზე ვიფიქრებ – მეთქი, რათა ცეფერის თესლი აღდგეს, ეს კი რაღაცას მიეთმოეთობს; რა უნდა, რა და რატომ ასე? ისევ მარტო, ისევ, ისევ, ისევ მარტო და ისევ ცეფერზე მოგონებები და ისევ მარტო მოგონებებთან. ამეტირა. ვიტირე. ცოტა მომეშვა. ჩავფიქრდი. „რაღაც უნდა შევცვალო“, – ვფიქრობ, – „სიმართლე თქვა, ჯერ მართლაც გლოვაში ვარ და თავს უნდა ვაჯობო, როგორმე მოვიწვინო; ვაციკისთვის ცეფერი რომ არ დაერქვა, ამისთვის მზად ვიყავი კიდეც, მაგრამ ცეფერი რატომ დაარქვა?“ – ვფიქრობ, – „თუ მეთამაშება, მეც ვითამაშებ, არაფერს შევიმჩნევ. ვითომც არაფერიო, ვითომც არაფერიო; მთავარია, თესლი გამოვტყუო, დავფეხმძიმდე, მერე ჯანდაბამდე გზა ჰქონია,“ – ვფიქრობ. ხაშონის კურდღლისტუჩა გოგონამ მომაკითხა. საბრალო თური, ჩემი საბრალო, პატარა თური. – ხმიადებს დაგიცხობ, – ვეუბნები, – თუ გინდა, ერთად დავაცხოთ, – ვეუბნები. ხმიადები დავაცხვეთ, მაგიდას მივუსხედით.ღია კარიდან ვხედავ – ბინძურ თოხანთან ერთად მიაბიჯებს, ვაციკი ასდევნებიათ. „ცეფერს ძაღლივით წვრთნის – მეთქი ეს რჯულძაღლი“ – ვიფიქრე და შემრცხვა, ვაციკს ცეფერი რომ დავარქვი ფიქრში. ეზოში არ შემოსულან, ჩაიარეს, სახლისკენ არ გამოუხედავს. „ჭკუასუსტ, ბინძურ თოხანთან რაღა უნდა?“ –„ვფიქრობ, – ხალხის მაინც არ რცხვენია?“ – ვფიქრობ, თური მეკითხება: – მამიდა, რაღაც გადარდებსო? – არაფერია, პატარავ, არაფერია, თური! – ვეუბნები და უცებ ცრემლმა ყელი გამიგუდა და ვიტირე; თურის ვეხუტები და ვტირი, თურიც ატირდა  და ერთად ვტირით; – შენ რაღა გატირებს – მეთქი? – ვეკითხები. – შენ რომ ტირი, მეც მეტირებაო, – და მერე ერთად ვიცინეთ, ოღონდ არ ვიცი – რაზე ვიცინოდით. თური წავიდა. საქმე მოვიგონე, დალაგებული სახლი ისევ დავალაგე, ეზოსაც დავუარე, ვიფიქრე, – ნეშამესთან წავალ-მეთქი, მაგრამ გულმა არ გამიწია; რაღაც გაუგებარი ხდება ჩემს თავს და ამაში თვითონ უნდა გავერკვე. ჩავფიქრდი: პირველივე დღეს რატომ არ მექმრო? – ვფიქრობ, -ისიც ხომ აშკარაა, რომ ვაციკს ცეფერი ტყუილად არ დაარქვა? – ვფიქრობ, – გამომცადა? – ვფიქრობ, – ჰო, გამომცადა და ჭრილობაც განმიახლა, მერე კი აქეთ დამაბრალა, ჯერ კიდევ გლოვობ, ასეთ ქალთან რა დამაწვენსო. რატომ? რატომ? აქ რაღაც სხვა მიზეზი უნდა იყოს; იფიქრე, ლაჰიმა, რატომ?! მოთქმა – ვაებით არ შევგებებივარ; როგორც ცოლი ქმარს ისე შევხვდი; მე მზად ვიყავი; მგონი, ვიყავი, ჰო, მზად ვიყავი, თუნდაც ცეფერისთვის ვიყავი მზად, რადგან მისი თესლი ჩემთვის ცეფერის თესლს ნიშნავს, მისგან შვილი ჩემთვის ცეფერის შვილს ნიშნავს და მზად ვიყავი, მან კი ჭრილობაზე მარილი მომაყარა და ისევ გლოვაში დამაბრუნა, რატომ? რატომ?  იფიქრე, ლაჰიმა, რატომ?! ვერ წარმოიდგენ, როგორ მიყვარხარო, – მითხრა; სიზმრიდან შემიყვარდიო, – მითხრა; რატომ მითხრა? ანდა, ამით რა მითხრა? ცეფერის ცოლი რომ იყავი, მაშინაც მიყვარდიო, – მიმანიშნა და სიყვარულის გამო? ჰო, ალბათ, ჰო, უეჭველად, ჰო, ჰო, ასეა, – თავისი სიყვარულის გამო ცეფერისთვის თესლი არ გაიმეტა; ვუყვარდი, ვსურდი, ამას ადრეც ვგრძნობდი; მზერას რომ მარიდებდა, თვალებს რომ მიმალავდა, ვგრძნობდი და იფიქრე, ლაჰიმა, იფიქრე, რა მოვუხერხოთ ამ წითურ უჟმურს?! ქალი თუ გქვია, ლაჰიმა, ამას მოახერხებ, რადგან უყვარხარ, სურხარ, შენ კი ცეფერს მაშინ გადაიგლოვებ, როცა ცეფერის თესლს აღადგენ და თესლი უნდა გამოსტყუო როგორმე, თუ ქალი გქვია, ამას მოახერხებ, ლაჰიმა, – ვფიქრობ, – სწორედ მისგან უნდა აღდგეს ცეფერის მოდგმა; მას, მას, სწორედ მას უნდა გამოსტყუო ცეფერის ახალი სიცოცხლე, ლაჰიმა, – ვფიქრობ და ეს ფიქრი ცნობისწადილს აღმიძრავს, თავად მე მიბრუნებს სიცოცხლეს, ჭინკებს მიღვიძებს და მსიამოვნებს ჭინკების ორომტრიალი ჩემს ტვინში, სისხლში, ძარღვებში, – ვაჯობებ, ჭკუით ვაჯობებ, – ვფიქრობ, – რადგან მისი საქციელის მიზეზი შეიცანი, სასურველ შედეგამდე უთუოდ მიხვალ, ლაჰიმა, – ვფიქრობ, – ახალ რჯულზე ბოდავდა რაღაცას, გულწრფელთა რჯულიო, გულწრფელთა რჯულიო, თუ ქალი ხარ, შენს სიცრუეს ყველაზე დიდ გულწრფელობად შეასაღებ, ლაჰიმა, – ვფიქრობ, – თავის რჯულზე იყბედებს და იყბედოს – ავყვები; ვაციკს ცეფერი დაარქვა და დაარქვას – დიდი არაფერი მომხდარა, საქმეს თუ წაადგება, ვაციკს ცეფერს მეც დავუძახებ, – ერქვას ცეფერი, თავად ახალი რჯულის მამამთავარი ერქვას; მთავარია, მოვიწვინო, მისგან მისაღები მივიღო და მერე ჯანდაბამდე გზა ჰქონია, – ვფიქრობ, – ჭკუით ვერ მაჯობებს, წარმოდგენა არა აქვს ქალზე, – ვფიქრობ და რადგან დასაგეგმი დავგეგმე, რადგან ვიცი, როგორ მოვიქცე, ვმშვიდდები და ნეშამე მახსენდება. დასთან გულდამშვიდებული გავეშურე. ეზოში დამიხვდა, ეშმაკურად შემომცინა, – თავს როგორ გრძნობო?-კარგად – მეთქი, -და მეც შევცინე. – ესე იგი, წუხანდელი ღამის კმაყოფილი ხარო? – ჰო – მეთქი, ჰო, – და ისევ შევცინე. „ჩემი თამაში დაიწყო“, – ვფიქრობ და თვალებს ბედნიერების სხივით ვიშუქებ. სახლიდან ნეშამეს შვილები გამოცვივდნენ, შემომეჯარნენ; იქ კი შემეშინდა, ბავშვების ალერსში არ ამეტიროს, თავი არ გავამჟღავნო – მეთქი, მაგრამ, მგონი, თამაში მომიხერხდა. ნეშამესთან შევრჩი, საქმეში ხელი წავუკარი, ვილაქლაქეთ, მერე ვივახშმეთ. ვახშმის შემდეგ ვითომ შევწუხდი, – უიმე, ქმარი არ გამიწყრეს – მეთქი და შინისაკენ გამოვეჩქარე. შინ არ დამიხვდა, ჩამოვჯექი, ველოდები. სიმარტოვეში ცეფერზე მოგონებები მაკითხავენ, მისი ალერსი მახსენდება. ცეფერზე ფიქრს ვდევნი ჩემგან, რადგან მასუსტებს ცეფერზე ფიქრი, ახლა სხვა მიზანი მაქვს და მიზანს მაშორებს ცეფერზე ფიქრი და ვდევნი ჩემგან, მაგრამ მაინც მეფიქრება – რა მოხდებოდა, ცეფერის ნაყოფს ეხარა ჩემს წიაღში და რატომ, რატომ მერგო ეს მწარე ხვედრი, რატომ ეს წითური უჟმური ქმრად?! – ვფიქრობ და რჯულის წესზეც ვფიქრობ, რომელიც თამაშს მაიძულებს. ონანი იქნებ მართალიცაა, – ვფიქრობ, – რჯულია ადამიანისთვის თუ ადამიანია რჯულისათვისო? – ონანმა; – არ ვიცი, ამაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი რჯული თამაშს მაიძულებს, ონანმა კი გულწრფელობაო, გულწრფელთა რჯულიო, ნეტა რას ნიშნავს გულწრფელთა რჯული? – ვფიქრობ, – ალბათ იმ რჯულს, სადაც თავად რჯული გაიძულებს გულწრფელობას, ანდა – არა, სადაც გულწრფელი ადამიანია მთავარი, – ვფიქრობ, – გულწრფელი ადამიანი, გულწრფელი ადამიანი, არსებობს კი ასეთი? გულწრფელობა საშიშიცაა, – ვფიქრობ, – მაშინებს გულწრფელობა, ისეთ რამეზე მიფიქრია, გულ-გვამში ისეთი ჭინკები წამომჯაგვრიან, მათთვის რომ გასაქანი მიმეცა შეშლილად შემრაცხავდნენ. ონანიც შეშლილია? – ვფიქრობ, – არ ვიცი, არა და ვინ იცის, იქნებ ონანი იმ რჯულის მამათავარიცაა, სადაც ადამიანი თავს ლაღად იგრძნობს. მამაჩემის ოჯახში გავიზარდე და არ მესწავლება, რას ნიშნავს ელიშგუდის წესით ცხოვრება; ბავშვობიდან ჩამესმოდა – ეს არ შეიძლება, უწმინდურობაა – რჯულს ბღალავს! ის სიბილწეა იმის თვალში, ვისი სახელიც კრძალვით თუ წარმოითქმის, და მეც რჯულის წესით ვცხოვრობდი, თუმცა ხშირად არ მესმოდა, რატომ და რისთვის ვცხოვრობდი ასე და ეს მღლიდა, მაგრამ რჯულის წესს არ გადავდიოდი და ჰა, რჯულის წესით ახლა ონანის ცოლი ვარ და რჯულის წესით ონანის თესლმა უნდა აღადგინოს ცეფერის თესლი, მაგრამ ონანი არ მექმრობა და ამიტომაც ჩემი ჭინკები უნდა წამოვშალო, ჭინკების წესით უნდა ვიცხოვრო თუნდაც იმისთვის, ვინც მიყვარდა და აღარა მყავს, – ცეფერისთვის, ცეფერისთვის, ჩემთვისაც. ჩემთვისაც, რადგან ჩემს ძუძუებს მშიერი ჩვილის ღრძილები შიათ, ჩემს სიამაყეს ჩემი წამობურცული მუცელი სჭირდება, რომელშიც ცეფერის ნაშიერი ჩამყუდროვდება, რძეს მომიმწიფებს ძუძუებში და ამას რომ მივაღწიო, ჭინკების წესს მივყვები, სხვა წესს არცა ვცნობ, რადგან მამაჩემის რჯული თუ მღლის, ონანის რჯული გულწრფელობას მთხოვს. სად გულწრფელობა, სად ჭინკები, ვის გაუგია?! ვნახოთ, ვინ ვის? ვნახოთ, ვნახოთ, – ვფიქრობ. გავშიშვლდი, სახეზე ფერ-უმარილი გადავისვი, ნელსუნელება ვიკმიე. დავწექი.

 

 

 

1 2