ხომ გაგიგიათ, მთვრალი კაცი, კარგი კაციო, ეს ხალხური გამოთქმა იმ ჰიპოთეზას ეყრდნობა, რომ სიმთვრალის პერიოდში ადამიანს ემოციური ფილტრი უბლაგვდება და მარტივად და ღიად აფიქსირებს ისეთ მოსაზრებებს და ჩადის ისეთ ქცევებს, რომელსაც ფხიზლად ყოფნისას საკუთარ თავს დაუშლიდა. ამის გამო, კარგ კაცობაზე მეტად, არაეთიკურობა უფრო ხშირი თანმდევია მაღალი ალკოჰოლური თრობის. სწორედ ამიტომ, ჩემთვის ნაბახუსევის პერიოდი უფრო მეტადაა კეთილშობილური მდგომარეობა, ვიდრე მისი გამომწვევი აქტი.

ნაბახუსევზე ორგანიზმის ინტოქსიკაციის შედეგად, მატულობს შფოთვები, თავს იჩენს დანაშულის გრძნობა, რომ რაღაც არარეპრეზენტაბელური ჩაიდინე წინა ღამით, გული აჩქარებულია, სხეული დასუსტებული და ძალაუნებურად განიცდი სიკვდილთან ფიქსაციას. პირი გიშრება, წყალს მოიყუდებ, მაგრამ მერე გახსენდება, რომ ნაცნობის მამას ასეთ დროს გულმა დაარტყა და პარანოია იჩენს თავს რომ შეიძლება იგივე დაგემართოს. ასეთ დროს გულახდილად ფიქრობ, რომ წვეთს აღარ გაეკარები და ასეთ მდგომარეობაში თავს აღარ ჩაიგდებ. თრობის მეორე დილას უფრო მეტად სენსიტიური და მოწყვლადი ხდები, აქედან გამომდინარე, ნაბახუსევი შეგვიძლია ტოქსიკური გაკეთილშობილების გზად მივიჩნიოთ.

 

რეალურად ნაბახუსევიდან გამოსვლა, უკეთურების მდგომარეობიდან სიცოცხლეში დაბრუნების აქტია. ასე თუ შევხედავთ საგნებს, უკვე თრობა პერიფერიული საკითხი ხდება და მიზნიდან საშუალების კატეგორიაში გადადის, იმ საშუალების, რომ მოიპოვო მხნედ ყოფნის, სიცოცხლის შესაძლებლობა, შეძლო მისი უკეთ დაფასება. მას შემდეგ, რაც პანდემიასთან გვიწევს ბრძოლა და კომენდანტის საათზე ადაპტირება, მეგობრებთან შეკრება და დალევა ნოსტალგიურ ქცევად იქცა, თუმცა ამაზე მეტად, პირადად მე, მეგობრებთან ნაბახუსევზე გამოსვლის რიტუალი უფრო მომენატრა. ნაბახუსევზე ფიქრი ამძაფრებს დალევის პროცესისადმი ვნებას,რომ მეორე დღეს, როდესაც ბოროტი თავისტკივილი და ტყვიამფრქვევივით ახმაურებული გულისცემა გაგაღვიძებს, ამ კონდიციიდან გამოსვლა განსაკუთრებული შვება და ბედნიერება იქნება.

პოპ კულტურაშიც ნაბახუსევის აღწერას თუ ვაწყდებით სადმე, კინო იქნება თუ სერიალები, ის ყველგან ნეგატიური კონტექსტით მოგვეწოდება. თავად ალკოჰოლის მოხმარების დრო არის რომანტიზებული და მეორე დღე მხოლოდ ტანჯვითი პროცესია. მხატვრულ ლიტერატურაშიც ექსკლუზიურად თრობას ეთმობა ყურადღება, მას ახლავს სიბრძნე, მეგობრობა, თავგადასავლები და გლამური, ფიცჯერალდთან, ჰემინგუეისთან, ბუკოვსკისთან, ჰომეროსთან, ღვინო იქნება ეს, შამპანური თუ ვისკი. ისე არ გამიგოთ, რომ ალკოჰოლს რამეს ვერჩი, მასთან ურთიერთობაც თუ პასუხისმგებლობით მოიხმარ, მუდამ საინტერესო კომბინაციებს იძლევა. თინეიჯერობაში ვნებების დიზელად გამოიყენება, გასართობად, ფლირტისთვის, გულგატეხილობასთან საბრძოლველად, საკუთარი თავისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ უკვე ზრდასრული ხარ. თუმცა მოგვიანებით კომუნიკაციის ატრიბუტად ყალიბდება, მოგონებების, ემოციების, პოეზიის გაზიარების სივრცეს წარმოქმნის.

 

სიმთვრალე მივიწყების, ნოსტალგიის, კატეგორიაა, ნაბახუსევი კი ეგზისტენციალური ფილოსოფიაა, რუსული ლიტერატურაა, ივან ილიჩის სარეცელია, რომელიც მეტს გაფიქრებს მოკვდავობაზე და ამის დახმარებით, შესაძლებლობას გაძლევს, რომ საკუთარი თავისიცოცხლეში უფრო მკვეთრად დააფიქსირო.

პრინციპში ამაზე ამდენი იმიტომ ვისაუბრე, რომ ნაბახუსევის რომანტიზება მომეხდინა, ლინგვისტურ მანიპულაციად რომ შევხედოთ, კითხვა როდის დავლიოთ, სიცოცხლისგან გასარიდებელი მიპატიჟებაა, ხოლო კითხვა ნაბახუსევიდან როდის გამოვიდეთ, სიცოცხლეში დარჩენის გამოძახილია. ხოდა თუ ასეთი განლაგებით შევხედავთ, მეორე პირველს ნამდვილად აღემატება. ამიტომ, თუ აქამდე ნაბახუსევს სიმთვრალის სასჯელად აღიქვამდით, ეცადეთ პირიქით, მნიშვნელოვან ბონუსად მიუდგეთ და მისი მომხიბვლელობა დაინახოთ. ხოლო როდესაც პანდემიას დავამარცხებთ და ერთმანეთისგან დისტანცირების ბარიერების გადალახვა შესაძლებელი გახდება, ნაბახუსევზე მეგობრებთან ერთად გამოსვლა, კიდევ უფრო განსაკუთრებული მგზნებარების გამომწვევი იქნება.