შორიდან  დავიწყებ: ზაზა ხალვაშს  მხოლოდ ერთხელ შევხვდი. ისიც, კარგა ხნის წინ   (ზუსტად აღარც კი მახსოვს!). მახსოვს მხოლოდ ის, რომ   იმ პერიოდში  პირველად   ვცადე  პიესის  დაწერა, თანაც აბსურდის  ჟანრში.  მეგობარს წავაკითხე, რომელმაც ხელნაწერი აღარ დამიბრუნა (ხო, უჯრებიან  რვეულში  ვწერდი!) და  პირდაპირ  თავის   ლექტორს  წაუღო.  რამდენიმე დღის ( თუ კვირის) შემდეგ  მეგობრის  ლექტორმა   ხელოვნების უნივერსიტეტში  დამიბარა.  მივედი და კაბინეტში  ზაზა დამხვდა (მე მას  მაშინ   მხოლოდ   ,,მგლების ხორუმის’’  ავტორად   ვიცნობდი). მცირე  გასაუბრების  შემდეგ  პირდაპირ  პიესაზე  გადავიდა. გაუკვირდა,  ეგეთ ასაკში  აბსურდს  რომ  მოვკიდე  ხელი. მითხრა:  ღამით ვკითხულობდი,  ცუდი  კალიგრაფიაა, მაგრამ  შემიტყუაო. ბოლოს,  დამშვიდობებისას  კი  ასეთი ( ჩემთვის  ერთ-ერთი ყველაზე  გარდამტეხი)  ფრაზა  თქვა: წერა  გააგრძელე და ბევრი იკითხე. შენი საქმეა  პიესების  წერაო.

 

 

***

ახლა, როცა  ამ  წერილს  ვწერ   ზაზას  მაგნუს  ოპუსიც  ნანახი   მაქვს  და  თან     ,,ინტელექტის’’  მიერ  გამოცემული   ჩანაწერები და  სცენარები  ბიბლიოთეკაში  სხვა დიდი  მწერლების  დღიურების, უბის წიგნაკების და  კინოდრამატურგიის  კრებულების გვერდით  მიდევს.

სხვათა შორის,  კარგი  მწერლის  ჩანაწერი   ყოველთვის   რომანივით  იკითხება ხოლმე. ასეთია, მაგალითად, ოთარ ჭილაძის  ,,ცა მიწიდან  იწყება’’,  ტარიელ  ჭანტურიას  ,,დინოზავრიდან დიზაინამდე’’,   მიხეილ  ჯავახიშვილის  უბის  წიგნაკები,  თამაზ ჭილაძის  ,,ოწინარი’’,  ბაჩანა  ბრეგვაძის ,, ბოლო  წლების  ჩანაწერები’’,  ზურაბ კიკნაძის  ,,სიტყვითა და საქმითა’’, ვახტანგ ჯავახაძის  ,, ლექსიდან  ლექსამდე’’  ( და ,,გალაკტიონის  გარეშე’’),  პოლ ვალერის ,,აზრები’’, ვასილი  როზანოვის ,,დაცვენილი ფოთლები’’,   დავით  წერედიანის ,,თემა და ვარიაციები’’, ვახტანგ  ჭელიძის ,,ტკბილ-მწარე ამბები’’, ემილ ჩორანის  ,,ქვეყნად  მოვლენის  უსიამოვნებაზე’’,  გელა  ჩარკვიანის  ნაგერალების სერია და ა.შ.    გარდა  ამისა,  სწორედ  დღიურებშია ხოლმე  გაბნეული  ავტორის  დამოკიდებულება  (ხშირად  მძაფრიც კი!)  მიმდინარე  პოლიტიკური თუ მენტალური ტრანსფორმაციების  (თუ დეფორმაციების?!)  მიმართ.  გვხვდება  ჩანაწერები  შემოქმედებითი  ( მაგ. მთარგმნელობითი)  ლაბორატორიიდან.  არის  კრიზისული  პერიოდები, ასევე ძიებების,  მარცხების,  ბრაზების,  პესიმიზმის,  სევდის…

ზაზა  ხალვაშის  ,,მუჭში  დამალული  კენჭები’’ ( 2000- 2004), ბევრ  სხვა  ფაქტორთან ერთად, სწორედ  კრიზისის ანატომიის  კვლევითაა  საინტერესო.    კრებულში  წარმოდგენილი ჩანაწერების  მიხედვით  ჩვენ  თავისუფლად შევძლებთ  ოცდამეერთე საუკუნის  დასაწყისში  არსებული  მენტალური ატროფიისა და პოლიტიკური  ქაოსის   სრულ  რეკონსტრუქციას.

 

***

,, კალმისტრის შეცვლაც  კი  ასხვაფერებს აზრებს.  ბურთულიანი  წვერი სწრაფად  გარბის  ფურცელზე.  მელნის  კალამი იფხაჭნება-აზრი ებღაუჭება ქაღალდს.  როცა  ფიქრი მიმაქანებს, არ მინდა შებოჭილი ვიყო.  ვფიქრობ  ფიქრების  გადმოღვრას- ვერ ვითმენ  შეკავებას.’’ –  წერს  ზაზა  ხალვაში.    პრაქტიკულად,  კრებულში   დაბეჭდილ ყოველ  ჩანაწერს  (გასათვალისწინებელია ისიც, რომ  ზოგიერთი  მათგანი  ესეისტურია)  დამოუკიდებელი  ლიტერატურული  ღირებულება აქვს.    ერთი შეხედვით უბანალურესად ყოფითი რეპლიკაც  კი  ჰაიკუსთვის დამახასიათებელი  ტევადობითა და  შესაშური  ლაპიდარულობით გამოირჩევა.

თავად  ნახეთ:

,, დამძიმებული მაქვს  გუნება, პერსპექტივას ვერ ვხედავ. მოქმედების სურვილი მაქვს დაკარგული. ისიც კი, სხვადასხვა  კალმისტარს რომ ვიყენებ ჩასაწერად, ჩემს არასრულფასოვნებაზე მეტყველებს’’

,, საკუთარი ფიქრის  კითხვა  მინდა  ვისწავლო- მინდა  გავიგო,  რას ვფიქრობ.’’

 

,,ადამიანი  ჩაძირულია  საკუთარი  ყოფის  კონკრეტულობაში’’.

 

,,საინტერესო  წერის  მანერა მაქვს- როცა  ვწერ  დახრილად,  აზრები  წყალივით მიედინება- სხვა საქმეა, როგორია ეს აზრები- მაგრამ,   საკმარისია ასოები ფეხზე წამოვაყენო და აღარ  დავაწვინო, რომ  წყლის დინება  იკლებს, აზრი  ბუქსაობს, გაჭირვებით-  შეიძლება ითქვას, ტაატით მიიწევს წინ’’…

 

,,დაუწერელი ქაღალდის  სივრცეზე

სიტყვები ისე სხდებიან-

როგორც ფერები ტილოზე

ისინი აზრებს  არ გამოსცემენ

ერთმანეთში  მონაცვლეობით  ხატავენ  ბედისწერის მუსიკას…’’

 

,,მუჭში  დამალული კენჭები’’   ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე  სევდიანი წიგნია. სწორედ სევდაა  ზაზა  ხალვაშის   სიტყვის  ბედისწერის მუსიკა.   მეტიც, წიგნის ყოველი ფურცელი სწორედ   სევდის ფარული ვიბრაციებითაა  ,,დაქსელილი’’.

 

 

***

ზაზა ხალვაშის მზერის  ფოკუსი, მისი  ხედვის  პერსპექტივა  ,,ყოფის  კონკრეტულობიდან’’   შიგნით, საკუთარი  არსებისკენაა  მიმართული.  მისი ჩანაწერები  ხასიათდებიან ჩაბრუნებული  მზერის  პოეტიკით. ესაა იმ ტიპის  მდგომარეობა, როცა დამკვირვებელი  საკუთარი თავის  ,,დადასტურების’’ და ადგილის  ძიების  პროცესშია  ჩართული.   სწორედ ამიტომაც  აქცევს  მწერალი განსაკუთრებულ ყურადღებას  სტილს, სტილის  შემადგენელ  კომპონენტებს, ნაწერთა ფორმასაც  კი.

ხშირია   დაკვირვებები   ლიტერატურაზე,  სცენარის  წერის სპეციფიკაზე,  ფილმზე, კინემატოგრაფიის  ფენომენზე ზოგადად.    გხვდება უეცრად    შექმნილი დიალოგების  ფრაგმენტები,  დაუწერელი სცენარის  მოკლე  მონახაზი,  ასევე  თავის დროზე  გახმაურებულ  ,,მგლების ხორუმზე’’ მუშაობის ეტაპები, გადაღებების დროს  წარმოქმნილი  პრობლემები, წყენები,  უნიათობისა და  ტოტალური  უენერგიობის  განცდები,   კრიზისის   მეტად დამამძიმებელი და დამთრგუნველი ფაზები…

 

***

,,მუჭში დამალული კენჭების’’ კითხვისას  არ მტოვებდა იმის   შეგრძნება, რომ  სწორედ რეჟისორის   თვალით დანახული და სიტყვებში  განსხეულებული, სიტყვებად  ტრანსფორმირებული  ყოფიერების    ნაფლეთებს ვაკვირდებოდი.   ზაზა ხალვაშის  კინემატოგრაფიული ხედვა, პირველ ყოვლისა, სწორედ   პეიზაჟების აღწერისა და  დიალოგების  აგებისას  ჩანს.

შეიძლება  ითქვას ასეც:  ეს წიგნი,  მისი  ონტოტექსტუალური  თვისებების  გათვალისწინებით,  მწერალ  ზაზა  ხალვაშის    ლიტერატურული  ,,ნამეა’’ ანუ       ცხოვრების მთავარი  წიგნი,   პოსტმოდერნისტული  რომანი,   ეპოქის  მენტალური ენცეფალოგრამა.