გასულ წელს დაახლოებით 15-მდე ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი ვნახე. მათი სრული უმეტესობა, იწყება თითქმის იდენტური მახასიათებლებით: შავი ეკრანი, ფონად ხმაური, ტიტრები, შემდეგ მოქმედება. რაიმე ხელშესახებ კონცეფციაზე ლაპარაკი ზედმეტია. თითქოს მთავარია – მარტივი ბმული მოიძებნოს პირველ აკორდთან. აი, როგორც სიზმარში, როდესაც არ იცი საიდან იწყება ზმანება, ანალოგიურად, ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმებში, ვერ გაარჩევ, რა ხდება და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, რატომ ხდება. როგორც ჩანს, ახალგაზდა რეჟისორებისათვის პირველი სცენა და საფინალო კადრი განსაკუთრებულად პრობლემურ საგანს წარმოადგენს, რადგან თავიდან ხშირად ისე იწყება მოქმედება, შეიძლება გეგონოს, რომ ფილმს ჯერ რეკლამა უძღვის წინ. ჯერ სპონსორის ვიდეორგოლს გვიჩვენებენ და ამის შემდეგ უნდა დაიწყოს ამბის თხრობა. მეორე შემთხვევაში კი, ფინალისკენ, როდესაც კლიმაქსურ მომენტამდე უნდა მივყავდეთ რეჟისორს, წერტილი არ დაისმის, გვტოვებენ ღია მოქმედებასთან. თან ეს არც ანტიკლიმაქსია და არც შემოქმედის სტილური განაცხადი, სამწუხაროდ, წერტილის დასმა ფიზიკურად ვერ ხერხდება, რაც მაფიქრებინებს, რომ წინასწარ მოცემულობაშივეა ეს დისპოზიცია, რადგან ავტორებს მაყურებელთან კომუნიკაციის არც სურვილი და არც მისი წარმოების ხერხები არ გააჩნიათ. ამის ერთერთ მიზეზად შეგვიძლია ისიც დავასახელოთ, რომ ახალგაზრდა რეჟისორები ფილმებს ძირითადად დედლაინების წნეხის ქვეშ იღებენ, რათა სადიმპლომოს ვადებში ჩაეტიონ, ან დაქირავებული აპარატურის დაბრუნების ვადებს არ გაცდნენ და ა.შ. ყველაზე მნიშვნელოვანი და უფრო აშკარა მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ეს არ არის ავთენტური პროცესი, ნარატივი თითქმის არასოდესაა რეფლექსია სოციალურზე თუ პირადზე, სამწუხაროდ, იმის შეგრძნება, რომ რეჟისორი ცდილობს სიუჟეტურად თუ ვიზუალურად რაიმე მიიტანოს მაყურებელთან, უიშვიათეს შემთხვევაში გიჩნდება.

“8 წუთი”

გასულ ზამთარს, ერთ-ერთ პატარა ფესტივალზე, სადაც ახალი ქართული მოკლე თუ სრულმეტრაჟიანი ფილმების ჩვენება მოეწყო, მორიგი მოკლემეტრაჟიანი ფილმის დასასრულს, როდესაც შუქები აანთეს და რეჟისორი კითხვებზე პასუხის გასაცემად სცენაზე გამოიხმეს, თავად გაუკვირდა – უი, უკვე მორჩა ფილმიო?! ამ შეუმდგარი ფილმების სახელწოდებებს აღარ ჩამოვთვლი, რადგან ერთი აბზაცის მხოლოდ ამაში მთელი აბზაცის „დაკარგვა“ მომიწევს. უმეტესობის სათაური კი, სიმართლე რომ ვთქვა, არც მახსოვს. სამაგიეროდ, ყველაზე ნათელ წერტილს გაგაცნობთ, რაც ბოლო ხანებში მოკლემეტრაჟიან ქართულ კინოში გამოჩენილა. ეს სურათია – „8 წუთი“, რომელშიც წარმოუდგენელი გლობალური კატასტროფაა აღწერილი. არც მეტი და არც ნაკლები, მზის ჩაქრობაზეა საუბარი. ფაბულა ასეთია: მზის ბირთვი ენერგიას კარგავს და მისი განახლება ვერ ხერხდება, ამიტომ მეცნიერები აანონსებენ ზუსტ თარიღს, როდესაც მზე ჩაქრება. ამ რეფრენის ირგვლივ იგება სიუჟეტი, მაგრამ როგორც ყველა მნიშვნელოვან ფილმში აპოკალიფსზე, აქაც ოჯახური ურთიერთობებია მთავარი, ოჯახია მოქმედების ასპარეზი და მოცემული ფანტასმაგორიული სცენარი მთავარი პერსონაჟებისთვის ერთმანეთის საპოვნელ ერთგვარ ემოციურ გზამკვლევად გარდაიქმნება. ეს ნამდვილად ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ქართული ფილმი რეალურად არის ამბიციური, საინტერესო, მხიარული და ყვება ერთ კონკრეტულ ისტორიას (და არ წარმოადგენს აბსტრაქტული ჩანახატების ნაკრებს, გაუანალიზებელ სოციალურ ტრაგიზმებს ან ქსენოფობურ-კულტურულ შეპირისპირებებს), რომელიც ერთდროულად მასშტაბური და ზოგადსაკაცობრიოცაა და ამასთან, ძალიან ინტიმური და ლოკალურია. და პლიუს ამას, როგორც გვჩვევია ხოლმე, „რვა წუთი“ კარგი ფილმი „ქართული პროდუქციის“ კვალობაზე კი არ არის, არამედ ზოგადადაა კარგი, ნებისმიერი გეოგრაფიული თუ კინომატოგრაფიული მდებარეობისათვის.

რაც შეეხება სრულმეტრაჟიან ფილმებს, რეჟისორების უმეტესობა კვლავ ერთ ყალიბზე ჭრის ნამუშევრებს. ტრაგედიის იქით ნარატივი არ ვითარდება, თითქმის ყველა ქართული ნამუშევარი გვიყვება ადგილობრივ ტრაგიზმებზე, რომლებიც სამწუხაროდ დაცლილია გააზრებული იდეოლოგიური პასაჟებისგან და ხშირად მავნებლური უფროა, ვიდრე შემრიგებლური (განსაკუთრებით კონფლიქტური კერების წარმოჩენისას). მათ არ გააჩნიათ პოლიტიკური საზრისი და რაც ჩემთვის განსაკუთრებით დამამწუხრებელი გარემოებაა, მათში არ იკითხება ვიზუალური ნარატივი. ჩვენთან კამერა ემსახურება მარტო იმ ფუნქციას, რომ აჩვენოს სცენა, ფურცელზე დაწერილი გადაიტანოს ეკრანზე – მხოლოდ ამას. არ ხდება პერსონაჟებსა და გარემოებაზე დაკვირვება, არც კადრს გარეთ, არც კადრს შიგნით. მიმდინარე მოქმედების იქით სივრცე არ ჩნდება, თითქოს შემქმნელებისთვის მხოლოდ ისაა მთავარი, რომ სცენარში დაწერილი გაცოცხლდეს აქ მთავრდება ყველაფერი .ასეთი მოცემულობით რეჟისორის არსებობა სრულად კარგავს ფუნქციას და სანახაობა ხდება მექანიკური, ასე ვთქვათ, ლიტერატურა ზარმაცებისათვის, როდესაც წაკითხვა გეზარება და შენი ფანტაზიის ნაცვლად სხვები ახდენენ ნაწერის ვიზუალურ რეკონსტრუქციას, თან პრიმიტიულად – ზედმეტი ჩარევის, საავტორო ხმის თვითმყოფადობის თუ გამორჩეულობის, მგრძნობელობის, ზოგადად სტილის შემოტანის გარეშე.

 

1 2