90-იანი წლები ისევ რჩება ტრაგიკული მოქმედებების მთავარ პლატფორმად ეროვნულ კინემატოგრაფში. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ ათწლეულში სულ ერთიდაიმავე ტერიტორიაზე ვბრუნდებით და არასოდეს ვცდილობთ ახალი სივრცეების გამოკვლევას. წარსულზე მონათხრობ ნამუშევრებში არ იქმნება ახალი ნარატივები, მხოლოდ მეორდება ერთიდაიგივე, უკვე დაზეპირებული სენტიმენტები. აი, მაგალითად, ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი ქართული ფილმი მგონია „ლუკა“, რომელიც მდარე თეატრალური წარმოდგენა უფროა, ვიდრე კინომატოგრაფიული ნაწარმოები. ფონად აფხაზეთის ომია, მაგრამ კონფლიქტი მკაცრად ოჯახურია. ამბავი იმის შესახებაა, თუ როგორ გაუმწარეს ცხოვრება ერთმანეთს რძალ-დედამთილმა. მუდმივად ვუტრიალებთ აფხაზეთს, მაგრამ არასოდეს შეგვიცვლია პერსპექტივები, არასოდეს გამოვსულვართ ანტაგონისტის და პროტაგონისტის როლების განაწილების დიქოტომიიდან, არასოდეს დავინტერესებულვართ პრეისტორიით, პოსტ ფაქტუმ რეალობით და ა.შ. არადა, პანაშვიდზე რომ დადგე სადარბაზოში, იმ დროისა და იმ ომების თვითმხილველებისაგან ოთხმოცდაათიანების შესეხებ იმდენ საინტერესო, შემოქმედებითი პოტენციის მქონე ისტორიას მოისმენ, რომ მთელი ანთოლოგიების შექმნა შეიძლება.

“ლუკა”

ანდაც ავიღოთ იგივე ნარკომანია და ქუჩის ინსტიტუტი, სადაც მარტივად ნაწილდება ხოლმე მხარეები – ნარკომანი ცუდია, პოლიციელიც ცუდია, ახალგაზრდები ნადგურდებიან. არასოდეს ხდება სოციალური ფონის კვლევა, სხვა პრიზმიდან ისტორიის მოყოლა, ნაკლები ტრაგიკულობითა და პათოსით. და ეს სულ დამარცხებული გმირები, ქართველ პერსონაჟს არასოდეს აქვს უფლება რომ ცხოვრებაში გამარჯვებას მიაღწიოს, გამოიაროს აფხაზეთიც და ეს 90-იანების უბნებიც და არ გატყდეს, არ მოკვდეს და არ გაისვაროს. მსგავსი კინოგმირი ჯერ არ შეგვიქმნია, რაც, ერთის მხრივ, შეიძლება კოლექტიური უიმედობის გამოძახილი იყოს, მაგრამ მე მაინც მგონია, საქმე რეჟისორულ გადაწყვეტათა სიმარტივეშია, როცა ავტორები დრამატიზმის მისაღწევად მხოლოდ ერთ ნაცად ხერხს მიმართავენ ხოლმე, გვიჩვენებენ მძიმე სიუჟეტურ ტრაგედიას, ფინალში გარდაუვალი სიკვდილით.

“სავარძელი”

მოკლედ, რეჟისორების უმეტესობა ისე იღებს ფილმებს, თითქოს ქვეყანაში არ არსებობდეს მთელი რიგი ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, არ ვითარდებოდეს ყურადღებამისაქცევი პოლიტიკური პროცესები, არ ყალიბდებოდეს ახალი საზოგადოებრივი ნორმები, არ იქმნებოდეს ილუზორული რეალობები და ა.შ. აი, მაგალითად ბოლო წლებში რუსეთში გადაღებული სურათებიდან ყველაზე დიდი ყურადღება იმ ნამუშევრებს მიექცა, რომლებიც თავდაუზოგავად აკრიტიკებდნენ იქაურ ყოფას, გროტესკულად და მეტწილად ფანტასმაგორიულად, მაგრამ მაინც. ჩვენთან ბოლო წლებში მსგავსი სულისკვეთების ფილმი ელდარ შენგელაიამ გადაიღო – „სავარძელი“ – თუმცა, თუ მაგალითად, „ცისფერ მთებზე“ შეგვიძლია, გულიანად ვიცინოთ და თან ის ტრაგიკული მოცემულობაც გავიაზროთ, რასაც ფილმი წარმოგვიდგენს, „სავარძელის“ შემთხვევაში, სიცილზე მეტად მწარე ღიმილს იწვევს ის ფაქტი, რომ უახლეს ქართულ კინოში რეალური პოლიტიკური პროცესების შესახებ მხოლოდ სპეც-ეფექტების საშუალებით ამეტყველებული გორგოლაჭებიანი სკამი გვესაუბრება.

 

 

1 2