* * *

პოეტისა და იმპერიის, პოეტისა და დიქტატურის დაპირისპირების თემას რამდენიმე ლექსში ჩაუღრმავდებოდა დათო მაღრაძე, თუნდ იმ პოლიტიკურად დამუხტულ ლირიკულ ნიმუშში – „კიდობნის საშვი“ – რომელშიც შეეღიმილებოდა პლატონს, ვინც თავის იდეალურ სახელმწიფოში ვერა ხედავდა ადგილს პოეტისათვის („მაშ მშვიდობაში, ბრძენო პლატონო, ქვეყნად ულექსოდ ყოფნის გულისთვის, ცა ულექსობით უკაბადონო და გალექსილი ავანტიურისტი“), და დაინტერესდებოდა, ბიბლიური ნოე მაინც თუ მიუჩენდა ადგილს იმ კიდობანში, რომელსაც ახალი კაცობრიობისთვის უნდა მიეცა დასაბამი.

და კიდეც უნდა აფორიაქებულიყვნენ ლანდები პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, ფედერიკო გარსია ლორკასი… და ეელვა მათი სისხლით დაწინწკლულ ფოტოებსაც… უშუალო შეხლისას იმპერიულ თუ დიქტატორულ სულს ადვილად რომ უნდა შთაენთქა ისინიც და ყველა პოეტიც, მაგრამ მორალური გამარჯვება იმთავითვე პოეტებისა უნდა ყოფილიყო და მითუმეტეს – შორეული გადმოსახედიდან, როდესაც იმპერიისა თუ დიქტატურისა ნამსხვრევებიღა დარჩებოდა იმ ახალ სინამდვილეში, საიდანაც ასე თვალდათვალ ამოიზიდებოდა ძვირფასი და დაუვიწყარი წიგნები.

და ეს ღვთიური დადგენილებით, იმ გარდუვალობის კარნახით, იმ ბედისწერის განჩინებით:

არ ითარგმნება პოეტის მზერა
საყოველთაო ფოტოენაზე,
რადგან პოეტი გოლგოთას ზვერავს,
როდესაც ადის ავანსცენაზე.

ეს დადგენილებაა, ეს კარნახი, ეს განჩინება, ასერიგად რომ გავსებს რწმენითაც და იმედოვნებითაც:

ლექსის სტრიქონი არის ნაბიჯი,
ერთი ნაბიჯი, –
კადრის მიგნება
და თუ გადადგი, მერე რა გიჭირს,
თუ ნაბიჯია, კვალიც იქნება.

 

ეს ის ნაბიჯია და ის კვალი, რომლის გზაჭრილზეც ძალდაუტანებლად იჭრება შენს თვალთახედვაში გოლგოთური მისტერია, როდესაც ადიხარ ავანსცენაზე.

 

* * *

საგულისხმო დაკვირვებებსა და მოსაზრებებს გამოთქვამდნენ დათო მაღრაძის ამ პოემის ირგვლივ უცხოელი კრიტიკოსები და ლიტერატორები, მაგრამ არის ნიუანსები, რომელთაც ქართველი კრიტიკოსი თუ ჩაწვდება და გამოამზეურებს, მითუმეტეს იმ რანგისა, ლევან ბრეგაძე რომ გახლავთ, რომლის რეცენზიაც – „მიწაზე მაინც ვერ დამაკავებთ“ – თან ესეიც არის და თან ნოველაც, შეფასებით კი მის სტილურ თავისებურებას იმთავითვე ასე შეაფასებდა: „ჯაკომო პონტის“ სახით ჩვენს წინაშეა ერთობ თანამედროვე ფორმის მქონე, მაღალვერსიფიკაციულ დონეზე შესრულებული სახალისო და ამავდროულად ღრმააზროვანი საკითხავიო.

ეს სახალისოობა დიდად უნდა განეპირობებინა უხვად წარმოდგენილ სიტყვათთამაშს, ყოველი პოეტის ნიჭიერების ერთ-ერთ უტყუარ საბუთს, რაც დათო მაღრაძის ძლიერ მხარედ წარმოდგებოდა და მისი მეშვეობითაც მოირგებდა ასე მარჯვედ კომიკურ ნიღაბს ჯაკომო პონტისა.

სიტყვათთამაშის ნიმუშად მოიხმობდა კრიტიკოსი თუნდ ამ სტილური ხერხის იმ სახეობას, ენობრივი პარადოქსი რომ ჰქვია:

და რადგან უკვე მე ვარ საძვალე,
რადგან იღბალი შემხვდა ცბიერი,
რადგანაც შხამი უკვე დავცალე,
სავსე ვარ ჩემი სიცარიელით.

იქ ვერსიფიკაციული ნოველებიც უნდა აღმოეჩინა კრიტიკოსს, თუნდ როდესაც ცნობილ ლათინურ გამოთქმას: ინ ვინო ვერიტას – გაურითმავდა არა გაცვეთილ: ვერ იტანს, – არამედ: ამიერიდან!..

თუმც აქ არ მთავრდებოდა პოეტის მახვილგონიერება: მართალია შტამპადქცეულ რითმაზე ხელს აიღებდა, მაგრამ შეინარჩუნებდა მას ძალზე ოსტატურად და მის ქართულ კომპონენტს მომდევნო სტროფში დაგვახვედრებდა, ოღონდ სულ სხვა სიტყვასთან გარითმულს:

ამორალური ცელქობს ელიტა
ვზივარ და ვდევნი ფიქრებს უამურს,
ერთი ადგილის თამაშს ვერ იტანს
პირბასრი ფიქრი და სამურაი.

და ჩამომწკრივებით ჩამოამწკრივებდა ელვარე ნიმუშებსაც დათო მაღრაძის გამორჩეული უნარისა: აზრის, სათქმელის აფორიზმულად ჩამოსხმისა:

თავად კულტურა ისტორიაა თავშეკავებისო;

გამოპრანჭული სიცარიელე ჩვენი ეპოქის არის აფიშაო;

იქ, სადაც ლაღად ფრიალებს კაბა, ჩასაფრებული არის დუელიო;

თქვენ – დამნაშავეს ეძიებთ ჩემში, მე – ადამიანს დამნაშავეშიო;

მარადიული სიძველე როცა მარადიული განცდაა ახლისო.

საგანგებოდ გამოარჩევდა ერთობ მახვილგონივრულ, ღრმააზროვან და დიდად აქტუალურ პერიფრაზს ფიზიკის საყოველთაოდ ცნობილი კანონისა, მსოფლიო მიზიდულობის ანუ გრავიტაციის კანონის სახელით რომ არის ცნობილი და ისააკ ნიუტონისაგან მომდინარეობს:

და ხან ბოშების ვიყავ ბარონი,
ხან მოპარული მეხურა ბეწვი
და ყველგან ერთი მქონდა პაროლი:
მიზიდულობის კანონი ზეცის!

ეს „მიზიდულობის კანონი ზეცის“ სულაც არ არის მსოფლიო კანონი, განსხვავებით გრავიტაციის კანონისაგან?

ლევან ბრეგაძე განმარტებით რომ განმარტავდა ამ პირადი კანონის არსს: მატერიალურ ინტერესებზე მაღლა სულიერი ინტერესების დაყენებას – საგანგებოდ დაიმოწმებდა მის მომდევნო სტროფს, ხუმრობანარევ გაკამათებას მსოფლიო მიზიდულობის კანონის აღმომჩენთან, ამ ხუმრობანარევი კილოს მიღმა „ჯაკომო პონტის“ მხატვრულ-იდეური მრწამსი რომ უნდა გაცხადებულიყო:

ჯვარცმის ჯვარს თუმცა ფრთები ხისა აქვს,
და ნიუტონმაც მომდო სადავე,
რომც გული დასწყდეს ბატონ ისააკს,
მიწაზე მაინც ვერ დამაკავებთ.

ჩაილდ ჰაროლდის რომანტიკული სული – ღმერთსმოკლებული დროის კვალობაზე – ჯაკომო პონტის კომიკურ ნიღბად უნდა გარდასახულიყო, თუმც ძარღვი რომანტიკული შეენარჩუნებინა და ეს სწრაფვა და აღმაფრენა უნდა გამჟღავნებულიყო სწორედ დედამიწის მიზიდულობის კანონის დარღვევაში უფრო მაღალი სულიერი საფეხურის მოსაპოვებლად, გოლგოთის მისტერიის დასაზვერად, როდესაც ადიხარ ავანსცენაზე!..

მიზიდულობის კანონი ზეცისო…

ესეც ის – გალაკტიონური უფრო მეტი!..

სევდით მოსაგონებელი?

მხოლოდღა შესანდობრისათვის განწირული?

მაგრამ რა შეაკავებს პოეტურ სიტყვას, რა შებორკავს პოეზიის ტალღებს, და იმ ძველ და კარგ დროს რომ მოვიგონებთ, შესანდობარს ბარემ სადღეგრძელოც მოვადევნოთ, სადღეგრძელო იმ ახალი და კარგი დროისაც, ოდეს პოეტი არის არამარტო პოეტი, პოეტი არის ბედუინი და მეომარი, პოეტი არის მოსამართლე და უფრო მეტი…

 

 

 

 

1 2