( ჯაკომო პონტის კავკასიური ოდისეა)
არა, მაინცდამაინც იმიტომ არა, რომ ამ სამი წიგნის წარდგინება იორდანიაში მოხდებოდა.
ერთი პოემის სამი თარგმანის: დათო მაღრაძის „ჯაკომო პონტის“.
ისედაც, უიორდანიოდაც შეიძლებოდა წამოგვგონებოდა ამ პოეტის, ამ პერსონაჟის, ამ მხატვრული ქმნილების ხსენებისას ის სადღაც მიკარგული თუ ჩაძირული სამყარო, რომელიც ამგვარ სიმბოლიკაშიც მოექცეოდა და შესაფერის განზოგადებასაც ჰპოვებდა გალაკტიონ ტაბიძის წარმოსახვის წყალობით ლექსში „პოემა ვეფხვისა“:
დავლიოთ, ჩვენ იმ კარგ დროის შესანდობარი,
ოდეს პოეტი იყო არამარტო პოეტი:
პოეტი იყო ბედუინი და მეომარი,
პოეტი იყო მოსამართლე და უფრო მეტი...
სხვა დროს თუ სხვა სიმბოლიკას მიმართავდა განზოგადებისათის, ამ შემთხვევაში გალაკტიონი ამჯობინებდა იმ მოლანდებული არაბული სამყაროს პოეტური სულის წარმოჩენას, თავისებურ იდეალად რომ უნდა აღმართულიყო.
თუკი პოეტი იყავი, გევალებოდა ყოფილიყავი ბედუინიც და მეომარიც, გევალებოდა ყოფილიყავი მოსამართლაც და… უფრო მეტიც!..
და ქართველი პოეტების – თანამედროვეთაც და შთამომავალთაც – მზერას რომ მიმართავდა იმ იდეალისაკენ, განსაკუთრებით ამ იდუმალებაში გახვეული მინიშნებით ააფორიაქებდათ, ამ „უფრო მეტით“.
მაინც რას გულისხმობდა ამ „უფრო მეტში“?
თითქოს იქვე განმარტავდა კიდეც :
იყო გრიგალი, იყო შერყევა,
იყო მსოფლიო ძალა – უგეში.
მისთვის არ იყო რამ შეფერხება –
იგი უყვარდათ, როგორც ნუგეში.
მაგრამ ეს განმარტება მხოლოდ ერთი კუთხე თუ იქნებოდა იმისა, რასაც გალაკტიონი მიგვანიშნებდა.
და ეს იმიტომ, რომ ყველა ნამდვილ პოეტს თვითონვე უნდა ამოეცნო ამ შესიტყვების დაფარული აზრი, თავის მოვალეობადაც გაეხადა და ამ ეთიკურ-სულიერ ემბაზშიც უნდა ამოევლო თავისი ფიქრებიც, ძიებანიც და ამ ფიქრთა და ძიებათა ხელშესახები მონაპოვარიც.
და იორდანიაშიც რომ არ წარმდგარიყო მკითხველის წინაშე „ჯაკომო პონტი“, მისი ეს ახალი, სამენოვანი, გახმოვანება მაინც მოალანდებდა იმ თავყრილობის მონაწილეებს ბედუინსაც, მეომარსაც, მოსამართლესაც და… იმ უფრო მეტსაც!..
სამენოვანი – აფხაზურად, ოსურად, ჩერქეზულად.
კავკასიის სამი ხალხისთვისაც მახლობელი რომ უნდა გამხდარიყო პოემა, რომელსაც საკმაოდ მოევლო მსოფლიო გზები, მოგზაური პერსონაჟი, აღმოსავლეთსა და დასავლეთს მოდებული ჯაკომო პონტი, ყოფით რეალობაშიც მოგზაური უნდა ყოფილიყო და სად და რომელ ენაზე აღარ შეეღწია… და შორეული გზების მოვლის შემდგომ უნდა დაბრუნებოდა იმ მშობლიურ წიაღს, კავკასია რომ ჰქვია და ერთ დიდ, ყველასათვის ანგარიშგასაწევ ძალად უნდა გარდაისახოს, თუ თვითეულ ერს, აქ მცხოვრებს, სურს იგრძნოს თავი სრულფასოვან ერად და ქვეყნად და არ დასჯერდეს რომელიმე სახელმწიფოს კუდიმდევრობას.
ამიტომაც მიენიჭებოდა განსაკუთრებული მნიშვნელობა „ჯაკომო პონტის“ ამეტყველებას იმ სამ ენაზე, რომელიც, ბედისწერისა და იმპერიული ძალმომრეობის გამოისობით, ერთიმეორეს უნდა გათიშვოდა და დაშორებოდა… და ისევე ჩატეხილიყო თუ გადამწვარიყო ქართულ, აფხაზურ, ოსურ და ჩერქეზულ ენებს შორის არსებული ხიდები, როგორც ყოფით სინამდვილეში ქართველ, აფხაზ, ოს და ჩერქეზ ხალხებს შორის – ასერიგად რომ დახლეჩილა კავკასიის სხეული და საქართველო სულაც იმპერიულ მავთულხლართებში გამოხვეულა…
სწორედაც განსაკუთრებული მნიშვნელობა: რაკიღა წამხდარი საქმის გამოსწორება თუ ვინმეს, პოეტებს შეუძლიათ, ოღონდ ერთი პირობით – იმ „უფრო მეტის“ განცდა უნდა გქონდეს და მისით მიიკვლევდე გზას დაკარგული მშობლიური სანახებისაკენ.
და კიდევ:
მეგზურებიც შესაფერისნი უნდა მოგევლინონ, თუნდ აგერ ჯაკომო პონტის რომ უნდა გაუკვალონ გზა-ბილიკები აფხაზი, ოსი და ჩერქეზი მკითხველის გულისაკენ და მიახვედრონ, რამდენი რამ გვაკავშირებს კავკასიელ ხალხებს და უერთმანეთოდ არ გაგვეძლება, თუკი გვსურს საკაცობრიო ცხოვრების უშუალო მონაწილენი ვიყოთ და არა თეთრი დათვის წიაღში ვბრუნავდეთ გაუთავებლად და მის თათებქვეშ ვიჭყლიტებოდეთ.
მეგზურებიც შესაფერისი უნდა მოგევლინონო…
აფხაზურად: ირმა ოსია-კინწურაშვილი და მინაზ ლასბა;
ოსურად: ნაირა ბეპითი და მერი ცუხურბათი;
ჩერქეზულად: ლარისა ტუპწაყვა.
იგრძნობდა, როგორ არ იგრძნობდა იმპერიული სული ყოველი ამგვარი მცდელობის პოლიტიკურ მიზანსწრაფვას, არცთუ შეფარულს, და ამჯერადაც ამიტომ შეეცდებოდნენ იმ თავყრილობის ჩაშლას იორდანიაში, გარედან პროტესტით რომ მიადგებოდნენ.
და ამ შემთხვევაშიც ერთმანეთის წინაშე უნდა წარმდგარიყვნენ:
პოეტი და იმპერია… იმპერიული სული და პოეტური სიტყვა – აღბეჭდილი იმ „უფრო მეტით“ ანუ იმ ბაირონული სულისკვეთებით, „ჯაკომო პონტი“ „ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობას“ ისედაც რომ ეხმიანება, როგორც მისი ნაჟური.
ლორდ ბაირონი დაშლიდა ეპიკურ სიუჟეტს ამ პოემაში, თუმც სიუჟეტის აგება როგორი ხელოვნებით შეეძლო, „დონ ჟუანიც“ ადასტურებს და დრამატულ პოემათა სერიაც, ის „კაენიც“, ის „მანფრედიც“, ის „აბიდოსელი საცოლეც“, ის „სარდანაპალიც“…
მაგრამ „ჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობაში“ ერთიანად მიენდობოდა განწყობილებებს და… კიდეც სათავეს დაუდებდა ახალი ყაიდის ეპოსს, მოგვიანებით ცოტა არ იყოს პარადოქსული სახელი რომ შეერქმეოდა: ლირიკული პოემა… თუმც პარადოქსულობით აღსავსე ეპოქა მხატვრულ ჟანრსაც პარადოქსულს მოიყოლებდა…
„ჯაკომო პონტი“ ამ წიაღიდან უნდა ამოზრდილიყო, ამ ტრაგიზმიდან და პარადოქსულობიდან, და ისევე გაიგივებოდა ჯაკომო პონტი დათო მაღრაძეს, როგორც ჩაილზ ჰაროლდი არ განსხვავდება ლორდ ბაირონისაგან.
გადაძახილი სხვაც არაერთი შეიმჩნევა დათო მაღრაძის თუნდ ამ პოემაში, მისთვის ყველაზე ძვირფასი მაინც დავით გურამიშვილის ლანდის გამოხმობა რომ არის, გამჭვირვალედ მინიშნებული „წინასიტყვაობაში“ პირველივე სტრიქონით: ეს კაცი ეგრე ლაპარაკობსო, – წიგნიერ მკითხველს ძალდაუტანებლად რომ წამოუტივტივდება „დავითიანის“ დასაწყისი, წარწერა დავით გურამიშვილის „ავტოპორტრეტზე“: ეს კაცი ასე ილოცავსო.
დავით გურამიშვილსაც მოეშალა ეპოსის კლასიკური აღნაგობა, მანამდე დამკვიდრებული ყველა ქვეყანაში, სადაც ეს ჟანრი განმტკიცებულიყო,თუმც ეპიკური ნაკადი მთლად არ უარეყო და პოემები და ლირიკული ლექსები შეერია ერთიმეორისათვის. და მთავარი პერსონაჟი თვითონვე ყოფილიყო „დავითიანისა“.
ოდეს პოეტი იყო არამარტო პოეტი…
ანუ – არამარტო ზეპირად ან ქაღალდზე რითმებით ან ურითმოდ მოლაპარაკე, მეტაფორებით ან უმეტაფოროდ, რიტმულად ან არიტმულად.
არამედ – აფეთქების ძალის მქონე პოეტურ აღსარებად გადმოღვრილი, სწორედ და ზუსტად ისე, როგორც ტონინო გუერა განსაზღვრავდა „ჯაკომო პონტის“ მხატვრულ ძალმოსილებასა და მისიას, რასაც პოლიტიკური დანიშნულებაც სდევს თან და ამიტომაც უნდა დამკვიდრებულიყო საერთოკავკასიურ სივრცეში, ანდერძად რომ გადმოგვცემია ამ ერთიანობის აუცილებლობა ბაგრატიონთა დინასტიისაგან, და მერე უკვე იმ მწერალთაგანაც, მეფესმოკლებულ სინამდვილეში ეს მოვალეობა რომ უნდა ეტვირთათ: ბედუინის და მეომარის, მოსამართლისა და – რაც მთავარია – იმ უფრო მეტის!..
ყველასათვის მახლობელი გამხდარიყო ჯაკომო პონტი, არაერთი ეროვნების ადამიანისათვის, თავისი სიწრფელით, სიალალით, ეროვნული და საკაცობრიო სატკივარის გაშინაგანებით, იდეალის დაუმცხრალი ძიებითა და ღმერთდაბრუნებული დროისაკენ სწრაფვით?
ეს უნდა დაედასტურებინათ აფხაზებსაც, ოსებსაც, ჩერქეზებსაც.
და ეს – თავისდაუნებურად – უნდა დაედასტურებინა რუსულ შოვინიზმსაც, იმ მცდელობით, წარდგინების გამართვა რომ არ დაენებებინათ იმ „უფრო მეტის“ მაძიებელი და მომლოდინე მკითხველისათვის.
რა ამაოდ გაირჯებოდნენ, რაკიღა ყოველი შეხლა პოეტისა და იმპერიული ჟინისა ყოველთვის პოეტის გამარჯვებით მთავრდება.
1 2