რომანტიკული, მონოგამიური სიყვარული რაღაც მხრივ ტოტალიტარული ურთიერთობის ფორმაა, სადაც პარტნიორები ერთმანეთს აკერებენ მთელ წყება იმიჯებს, რომელსაც ნაკლებად აქვს კავშირი ავთენტურ პიროვნებასთან და შემდეგ აწესებენ დაუწერელ ნორმებს, რომელსაც არ უნდა გადაუხვიო. უსიტყვოდ უნდა გაუგოთ ერთმანეთს, არ გაგექცეს სხვისკენ თვალი, ყოველდღე გინდოდეს და გიხაროდეს ერთმანეთის ნახვა და რაც ყველაზე აბსურდულია, გიყვარდეს ყოველ წუთს. რეალობა კი ასეთია – ექსტრასენსული უნარები არავის აქვს, რომ საუბრის გარეშე გამოიცნოს წყენის მიზეზები, გრძნობის გაჩენისას სექსუალობა არ იზღუდება და ხანგრძლივი ურთიერთობის დროს აუცილებლად დადგება ისეთი მომენტიც, როდესაც სხვასთან ურთიერთობაზე იფიქრებთ, ისეთი დღეებიც აუცილებლად იქნება, როდესაც მარტო ან მხოლოდ მეგობრების წრეში ყოფნა მოგინდებათ, და რასაკვირველია, ისეთი სიტუაციაც შეიქმნება, როდესაც არაფერს არ იგრძნობთ, არც მღელვარებას და არც ლტოლვას. მიუხედავად ამისა, ირაციონალური მოთხოვნა , ყოველთვის შენ იყო მისთვის მთავარი პრივილეგია, არსად ქრება.

როგორც ჟაკ ლაკანი ამბობს, სიყვარული ილუზორული მდგომარეობაა, როდესაც ბავშვობის ტრავმების და წარსული გამოცდილებების მიხედვით ვცდილობთ პარტნიორს დავაკისროთ ჭარბი ვალდებულებები და შევიქმნათ ცრუ მოლოდინები, ერთადერთობის განცდა გავაჩინოთ და თავი მოვიტყუოთ, რომ მარტო აღარ ვართ. სიყვარულს მუდამ ჭირდება დამტკიცება, რადგან გამართული კომუნიკაციები არ არსებობს. სიტყვები ყოველთვის იქცევა ინტერპრეტირებად იმიჯებად, მაგალითად როდესაც შეყვარებულს ეუბნები, რომ შენ ყოფილთან გაქვს საქმიანი შეხვედრა, მის გონებაში ძალაუნებურად ჩნდება პორნოგრაფიული ასოციაციები. იმიტომ, რომ ჩვენ ვახდენთ საკუთარი სურვილების რეპრესიას, საკმარისად არ ვსაუბრობთ იმაზე რაც გულის სიღრმეში გვაღელვებს და ა.შ. მუდამ ველოდებით, რომ საკუთარ ეჭვებს და შიშებს, რამდენადაც ლოგიკური არ უნდა იყოს ისინი, ვერბალურად უარყოფენ და საპირისპიროს გვეტყვიან, რაც ისევ დაგვაბრუნებს მოჩვენებით კომფორტში.

ამაზე მახსენდება მიქელანჯელო ანტონიონის ფილმი „ღამე“, სადაც ცოლ-ქმარის ურთიერთობა ცარიელ ფორმალობადღაა გადაქცეული, მაგრამ მაინც არ წყვეტენ ერთად ყოფნას. მრავალი წლის შემდეგ ვნებები დაშრეტილია და რომანტიკა მოწყენილობითაა ჩანაცვლებული. დასასრულს, როდესაც წყვილისთვისაც და მაყურებლისთვისაც ცხადია, რომ სიყვარული აღარ არსბეობს, ცოლი მაინც ითხოვს ქმრისგან ამის ვერბალურ აღიარებას, თუმცა ყველა ფაქტობრივი მტკიცებულება გააჩნია, რომ ასეა. სიყვარული გრძნობითი და ვიზუალური კატეგორიაა და მუდამ საჭიროებს ორივეს სტიმულაციას. როდესაც ჩვენი ჩართულობის და თვალთახედვის მიღმა ხდება ცვლილებები, ყველაფერი ინგრევა.

ცნობიერში ერთი კონკრტული იმიჯი გვაქვს, რომელსაც ვეტრფით. რასაკვირველია ადამიანი სტატიკური ობიექტი არაა და როგორიც იყო ერთი წლის წინ, ახლაც იგივე ვერ იქნება, მაგრამ როდესაც ამ ტრანსფორმაციას ეთიშები და შენ გარეშე მიმდინარეობს გარდაქმნითი პროცესები, შემდეგ ახალი მოცემულობა ცნობიერში შენახულ იმიჯს აღარ ემთხვევა. შედეგად რჩება სიყვარული იმ წარმოსახვითი იდენტობისადმი, რომელიც აღარ არსებობს, რაც ტრაგიკულს ხდის განშორებას, რადგან ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ დღეს სხვა ადამიანს ვხედავთ და ის იმიჯი, რომელიც გვიყვარდა, გაქრა. ვფიქრობთ იმაზე, რომ შეგვიძლია დავაბრუნოთ ჩვენთვის სასურველი იდენტობა.

ორფეოსის და ევრიდიკეს მითში, შეყვარებულის მიწისქვეშეთიდან ცოცხლების სამყაროში დასაბრუნებლად ორფეოსს ერთი წინაპირობა აქვს შესასრულებელი, მის უკან მომავალ ევრიდიკეს იქამდე არ უნდა გახედოს, სანამ ცოცხალთა სამეფომდე არ გააღწევენ. მაგრამ ორფეოსი ვერ იკავებს თავს და მაინც გახედავს შეყვარებულს, რაც საბოლოოდ დააკარგინებს მას. ამ შემთხვევაში, ორფეოსს უნდა წამდეს, რომ ევრიდიკე უკან მიყვება და ეჭვი არ შეიტანოს მასში. მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, სიყვარული რწმენით კატეგორიაში ვერ რეგისტრირდება, ამიტომ იმისთვის, რომ დაიჯერო, საჭირო ხდება მისი დანახვა.

ანტონიონის კიდევ ერთ ფილმში, „დაბნელება“, გზის პირას მდგარ მონიკა ვიტის ალენ დელონი ეტყვის, გზის მეორე მხარეს რომ გადავალთ, გაკოცებო. შუა გზაზე ვიტი ჩერდება და სცენა მოულოდნელად იძაბება, თუმცა, საბოლოოდ, წყვილი მეორე მხარეს გადადის, მაგრამ მათი კოცნა სრულადაა დაცლილი რომანტიკისგან და დისკომფორტის გამომწვევი უფროა. შესაბამისად, როდესაც შუა გზაზე ვიტი ჩერდება, მან უკვე იცის,  როდესაც გზაზე გადავლენ, არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება, მაქსიმუმ, მორიგი რომანტიკული ურთიერთობის გარდა, რომელიც ტრაგიკული შეგრძნებებით დასრულდება. ხოდა, კარგი იქნება, ამ ყველაფერს მაყურებელიც თუ გაითვალისწინებს. თქვენ ვერ იქნებით პირველი ადამიანები, ვინც მარადიული სიყვარულის ფორმულას აღმოაჩენს, საბოლოოდ მაინც ყველაფერი ცრემლებით დასრულდება. ახლა კი, მოდი მოვიტყუოთ თავი, ვითომ ეს ყველაფერი არ ვიცით და გავაგრძელოთ სიყვარულის სახელით  ერთმანეთის ექსპლუატაცია.