###
მინდიას უცებ შეძენილმა რწმენამ, რომელსაც სტიქიური ხასიათი ჰქონდა, დაკარგვისთანავე მსოფლმხედველობის სახე შეიძინა. მინდია მიხვდა, რა დაკარგა.მართალია, მან ვერ შექმნა მწყობრი მსოფლმხედველობა (პერსონაჟისთვის ეს არც იყო საჭირო), მაგრამ გარკვეული ზნეობრივი იდეის და პოზიციის შემუშავება შეძლო.
თავისთავად იდეადქცეული ეს რწმენა (ამის თაობაზე უკვე ვთქვით) ბუნების, როგორც სიცოცხლის გამოხატულების, სიყვარულია. ამ სიყვარულს აქტიური, პრაქტიკული ფორმაც გააჩნია და ეს არის ბუნების გაფრთხილება. ესეც უკვე ითქვა, მაგრამ ხაზგასმულად არ თქმულა ერთი რამ: ეს იდეა თუ პოზიცია (პოემაში და არა რეალობაში) წინააღმდეგობრივია და პარადოქსულ ალოგიკურობას შეიცავს. ამ ალოგიკურობის შინაარსი ასეთია: ადამიანი გონების, ცნობიერების მქონე არსებაა და ამით ის ემიჯნება (კულტურას ქმნის) ბუნებას, მაგრამ, ამავე დროს, სხეულის მქონეა და ამით ბუნების გამგრძელებელია, მის სხეულში ბუნება
„ლაპარაკობს“, ის ბუნების განუყოფელი ნაწილია. ამიტომ ადამიანის ბუნებისაგან მოწყვეტა, მისი ცალკე განხილვა და, მითუმეტეს, ბუნებასთან დაპირისპირება შეცდომაა. არადა, ეს ახალი რწმენა მინდიას ჰკარნახობს, რომ ბუნების სიყვარული და მასზე მზრუნველობა მისგან მოწვდილი სასიცოცხლოდ აუცილებელი, „კუთვნილი“ ნაყოფის მიუღებლობით გამოხატოს. კი, მაგრამ ეს ხომ დაღუპავს მას? ისმის სხვა კითხვაც: თუ ბუნება სიცოცხლის შემცველია და ამიტომ არის ღირებული და შესაბამისად გასაფრთხილებელი, ადამიანის სიცოცხლე არ არის ღირებული და გასაფრთხილებელი? საქმე ასე ეწყობა: ბუნების გაფრთხილება იწვევს ადამიანის დაღუპვას, ანუ მინდია უფრთხილდება ბუნებას და ამით საკუთარ თავს იღუპავს.
რას ნიშნავს ეს?
ამ შეკითხვაზე პოემაში პასუხი არ ჩანს. ამ პარადოქსს სწორედ მისნური ნიჭის თავისებურება ამჟღავნებს. ისღა დაგვრჩენია, ვიაზროთ, რომ ვაჟას ჩანაფიქრის მიხედვით, მინდია არა მარტო მაღლდება თავის ვიტალობაზე, არამედ ბუნების სასიკეთოდ სწირავს თავის სიცოცხლეს, ანუ პოემის გმირი მსხვერპლად ეწირება ბუნების გადარჩენის იდეას. ეს მინდიას ინდივიდუალური არჩევანია.
მინდიას ხანმოკლე ცხოვრება ტრაგიკულია, მაგრამ „მაინც კი ლამაზი არის, მაინც სიტურფით ჰყვავისა“. მისი ყოფნა ცოდვილ მიწაზე მეტეორივით გაიბრწყინებს და გაქრება, მაგრამ ვიდრე გაქრება, ზნეობრივი იმპერატივის განუმეორებელი შუქით გაანათებს ადამიანების გაკვირვებულ სახეებს. მინდიას ირგვლივ შეყრილ ადამიანებს ერთდროულად აშფოთებთ და უკვირთ კიდეც მისი არსებობა, უკვირთ, რადგან ის მათგან განსხვავებულ ცხოვრებისეულ არჩევანს აკეთებს.
ფილოსოფოსი ზურაბ კაკაბაძე წერს: „ადამიანს შეუძლია ამქვეყნად ცოცხალი ბიოლოგიური ორგანიზმის სახით სასრული და დროებითი ყოფნა აირჩიოს, მასზე ზრუნვით განისაზღვროს და არაფერი ეძიოს ამის იქით, ხოლო, მეორეს მხრივ, მას შეუძლია არ დასჯერდეს ამგვარ ყოფნას, არამედ მის იქით გაგრძელება, საბოლოო ანგარიშით, მარად ყოფნა, მარადისობა აირჩიოს და ამქვეყნად მასში გასასვლელი გზა ეძიოს…“
მინდიამ ეს უკანასკნელი გზა აირჩია და, მართალია, ადამიანის ფიზიკურ არსებობასთან შეუთავსებლობის გამო ბოლომდე ვერ განვლო ეს გზა, არჩევანი ისეთი მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი წამიერი გაელვება მკაფიო აზრად იქცა და ცხოვრების ორიენტირად მოევლინა ადამიანებს. ეს აზრი ასე გამოითქმის: ნუ იქნები მხოლოდ ბიოლოგიური ორგანიზმი, იყავი ადამიანი, იყავი თავისუფალი, იცხოვრე ადამიანის საკადრისი ცხოვრებით, იყავი ბუნებისადმი უანგარო და, ვინაიდან ბუნებისაგან სასიცოცხლოდ დავალებულები ხართ შენც და სხვებიც, გაუფრთხილდი ბუნებას.
ამ სიტყვებში ღრმა ცოდნა ძევს.
მინდია მისნური, ერთი ავტორის სიტყვით რომ ვთქვათ, ფაუსტური ნიჭის მძლავრი ზემოქმედების ქვეშ მოექცა, არჩევანი კი მაინც თვითონ გააკეთა უკვე ამ ნიჭის დაკარგვის შემდეგ, ოღონდ ამ ნიჭით მომადლებული ცოდნის სასარგებლოდ. ეს ცოდნა უკვე მისი პიროვნების განუყოფელი ნაწილი იყო.
ბუნების გადარჩენის იდეა, რომელსაც მინდია ეწირება, დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება წინასწარმეტყველურად მოვიჩნიოთ.