მინდიას მრწამსი, როგორც უკვე ვთქვით, იმ ადამიანების საპირისპიროა, ვინც გამუდმებით ზრუნავს ვიტალობაზე. მინდიასათვის ისე, როგორც ყველა ღირსეული ადამიანისთვის, საკუთარი ვიტალობა, „ხორცის კეთილდღეობა“ საშუალებაა და არა თვითმიზანი. თვითმიზანი რომ იყოს (ესეც კარგად იცის მან)  და ამ დონეს დასჯერდეს, მისი არსებობა ცხოველისას დაემსგავსება. ცხოველს არ ძალუძს ვიტალობაზე მაღლა დადგომა. ის მუდმივად მუცლის ამოყორვასა და „სხეულებრივი კეთილდღეობის“ მიმნიჭებელ სხვა პირობებზე ზრუნავს, ადამიანი კი, როგორც ერთმა მოაზროვნემ თქვა, მუდმივად გზაში უნდა იყოს, ანუ მუდმივად უნდა ფიქრობდეს თავის ეთიკურ და ესთეტიკურ ზესწრაფვასა და სრულქმნაზე. ეს იცის მინდიამ და ამიტომაც უწოდებს თავის ცოლს „ჭკვათხელს“,  „ყბედს“,  „ზეზერე მგრძნობარეს“,  „თავისა სასიამოვნოდ წუთისოფლისა მცნობარეს“.  შეიძლება მზიას ყველაზე ნაკლებად ეკუთვნოდეს ეს საყვედური, ვინაიდან ის შვილებზე ზრუნავს, მაგრამ იმავე ცოლისთვის  „სამაგალითო ადამიანი“  ბერდიაა, რომელზეც მიუთითებს ქმარს და ეუბნება: „ბერდიას რამდენ შეშა აქვს, როგორ ცეცხლს ანთებს, ჰნახოდი“,  და ეს ნათქვამი წონასწორობას აკარგვინებს მინდიას, რადგან მას სხვაგვარი წარმოდგენა აქვს  სამაგალითო  ადამიანზე. მისთვის სამაგალითო თვისება ვიწრო მომხმარებლობა კი არა, უანგარობაა. ცოლისადმი მისი პასუხი მოარულ ფრაზადაც კი არის ქცეული:

       

  „ცხოვრების მაგალითადა
           ბრიყვები დამისახოდი“.

 

ბრიყვის  ცხოვრება  ცხოველის  არსებობას  ემსგავსება. მინდია უშუალოდ, პერსონალურად ცოლს და ბერდიას კი არ გმობს, არამედ გმობს ცხოვრების იმ წესს, რომელიც მრავალთათვის მისაღებია, ხოლო მისთვის  მიუღებელი. მინდიას სჯერა ადამიანის მაღალი მოწოდებისა. მან ისიც იცის, რომ უანგარობის გზას ყველა ვერ დაადგება, მაგრამ თემის მოყმეთაგან სრული ვერგაგება აღიზიანებს.
ვაჟა-ფშაველა ცოცხალ, პლასტიკურ ხასიათებს ქმნის და არა მსოფლმხედველობრივ სქემებს. ანტიკურ დრამაში ესქილესთან და სოფოკლესთან პერსონაჟების შინაგანი სამყარო სიუჟეტური განვითარების წიაღ უცვლელი და ერთგვაროვანი იყო. ევრიპიდესთან გმირის ხასიათის ძერწვა განსხვავებულია:  ხასიათი პლასტიკურობას იძენს, ცვალებადია და არაერთგვაროვანი. აღორძინების ხანის შექსპირისეულ დრამაში ხასიათების ცვალებადობას ღრმა ფსიქოლოგიზმი ერწყმის. ეს გამოცდილება გრძელდება მომდევნო ხანაში და რომანტიკული პერიოდის პოემაში. სწორედ ამ გამოცდილებას იზიარებს ვაჟა. მინდია რომ გველის ხორცს გასინჯავს, პირველი მკვეთრი მეტამორფოზის კვალად ის მუდმივ ცვალებადობას განიცდის. ეს ცვალებადობა ფაქიზი ფსიქოლოგიზმით არის აღბეჭდილი.
ბუნების მესაიდუმლედ ქცევის შემდეგ, ანუ მას აქეთ, რაც აღმაფრენის ტალღა დაეუფლება, მინდიას ტვინისგამბურღავი ყოფითი საფიქრალიც უჩნდება. თითქოს  რაღაც უკვეცავს ფრთებს მის აღმაფრენას და მიწისკენ ეზიდება. ეს ცოლის მუდმივი ჩივილია. ამ ჩივილის კვალდაკვალ მინდიას უკომპრომისო ხასიათი თანდათან ირღვევა, ვინაიდან ის ვერ ახერხებს „ოქროს შუალედის“ გამონახვას უანგარობის იდეით ნაკარნახევ სწრაფვასა და ყოფით რეალობას შორის.
მინდიამ იცის, რომ ბუნებასთან კავშირისას სრული უანგარობა ანუ ბუნებისგან ნედლეულის არმიღება სიკვდილის ტოლფასია. ამიტომ ის ანაქორეტივით ცხოვრობს – მხოლოდ მცირედს იღებს, თუმცა ბუნებისადმი მომხმარებლურ დამოკიდებულებაზე ეს ნაწილობრივი უარისთქმა მაინც იწვევს ოჯახის მკვეთრ პროტესტს. მეუღლე შესჩივის მინდიას, „სიცივე ბალღებს მილევსო“  და მეზობლის აბრიალებულ ცეცხლზე მიუთითებს; იმასაც ეუბნება,  უხორცოდ დაზრდილი ყმაწვილები ვაჟკაცებად ვერ გამოდგებიანო. ცხადია, ეს მინდიამ თვითონაც იცის, ამიტომაც ცოლის წარმოთქმულ საყვედურს იმით პასუხობს, რომ კიდევ და კიდევ უშვებს კომპრომისს:

 

                                                                       და მეც დღეს-ხვალეობითა,
                                                                       ცოტ-ცოტად, ნელაობითა
                                                                       დავიწყე თავის რწმენასთან
                                                                       მოქცევა მელაობითა.
                                                                       დღეს მოვჭერ ერთი ჭანდარი,
                                                                       თუმც მემუდარა ბევრია,
                                                                    „ – რად სჩადი მაგას, მინდიავ,
                                                                       ვითომ არ იყავ მტერია?!“

 

ეს არაერთი კომპრომისი სავალალო შედეგს იწვევს. მინდია კარგავს თავის შეძენილ ბუნების მესაიდუმლის ნიჭს და სასოწარკვეთილებაში ვარდება.
აქ საგულისხმოა ერთი რამ: მინდია კარგავს არამხოლოდ იმ ნიჭს, რომელიც მან შეიძინა და რომელმაც შეცვალა მთელი მისი არსება, არამედ ამ ნიჭთან ერთად კარგავს ყველაფერს – კარგავს ღირსების გრძნობას, ვაჟკაცობას, ცხოვრების საზრისს და ეს ხდება მანამდე, ვიდრე გადაიწურავდეს იმედს. მინდია იბრძვის საიმისოდ, რომ შეძენილი ნიჭი როგორმე დაიბრუნოს, მაგრამ ამას ვერ ახერხებს და თავს იკლავს.
მაშასადამე, მინდიას აღმაფრენას ფრთები ნაადრევად შეეკვეცა, ეს კი იმიტომ მოხდა, რომ ის ადამიანის არსებობის წინასწარგანსაზღვრული, მუდმივი სპეციფიკის ყალიბში ვერ ჩაეტია. ეს მისი ღირსებაც არის და ტრაგედიაც. მინდიამ უანგარო ურთიერთობა დაამყარა ბუნებასთან, რითაც ადამიანის ფიზიკური არსებობის სასიცოცხლო წესს დაუპირისპირდა. მართალია, მან სცადა ნაწილობრივ მაინც დაეშვა მომხმარებლური მიმართება ბუნებისადმი, მაგრამ ახლადშეძენილმა მისნურმა ნიჭმა ვერ იგუა ამგვარი მიმართება და ეს მცდელობა ფუჭი გამოდგა. თვითონ ეს ნიჭი იყო იმგვარი წყობის, რომ მცირე კომპრომისს ვერ ურიგდებოდა და უკიდურეს უანგარობას მოითხოვდა. კომპრომისზე წასულმა მინდიამ ეს ნიჭი დაკარგა. ბუნებისადმი უანგარო დამოკიდებულებამ ვერ შეითავსა ზომიერი მომხმარებლობა. ამ ზომიერი მომხმარებლობის გარეშე ადამიანი დაიღუპება. არაერთხელ გავიმეორეთ და კვლავაც ვიტყვით: ადამიანის ვიტალობას ბუნება კვებავს, რა თქმა უნდა, ადამიანი ვიტალობაზე მაღლა უნდა დადგეს და მინდია  დგება კიდეც, რათა ზნეობრივი ცხოვრებით იცხოვროს, მაგრამ ბუნებასთან დამაკავშირებელი  სასიცოცხლო ძარღვის გაწყვეტა  საბოლოოდ ღუპავს მას.
არადა, მინდიამ მართლაც ზნეობრივ სიმაღლეს მიაღწია. მისთვის საძრახისია და სამარცხვინო მხოლოდ მომხმარებლური თვალით გარესამყაროს ცქერა,  სამარცხვინოა, რადგან მან იცის ადამიანის შესაძლებლობების განუსაზღვრელობა. მინდიას აზრით, ბრიყვია ის, ვისაც არ ძალუძს თავის ვიტალობაზე აღმატება და თავისუფლების მოპოვება. მინდიამ ისიც იცის, რომ მის ირგვლივ თემში გაერთიანებულ ადამიანებს არამხოლოდ არ ძალუძთ, არც სურთ და იქნებ ვერცკი  წარმოუდგენიათ თავიანთ არსებაში დაფარული ზნეობრივი შესაძლებლობების რეალიზება. მათი თვალსაწიერი ვიწროა. ისინი საგნებისადმი სამომხმარებლო და სარგებლიანობა-სიამოვნების მომტანი თვალთახედვისგან ვერ თავისუფლდებიან, თავიანთ სხეულს არიან მიჯაჭვულნი.

 

 

###

ცოლთან კამათში მინდია წარმოაჩენს თავის მსოფლმხედველობას. ის წამოთქვამს ასეთ სიტყვებს:  „ თავისა სასიამოვნოდ წუთისოფლისა მცნობარევ!“  აქ მხოლოდ ბუნებისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება არ არის ხაზგასმული, ზოგადად ცხოვრებისადმი მომხმარებლურ დამოკიდებულებაზეა საუბარი.  მე ვფიქრობ,  ვაჟა აქ გულისხმობს შემდეგს:  ის, ვისაც მხოლოდ მომხმარებლური მიმართება აქვს წუთისოფლისადმი, ცხოვრებისადმი, სხვა ღირებულებითი ორიენტაციის, ზოგადად, მომხმარებლური ფსიქოლოგიის მქონე ადამიანია. ასეთი ადამიანი კი არა მხოლოდ ბუნებას, არამედ სხვა ადამიანსაც გამომყენებლობითი თვალით უყურებს. ცხადია, მისთვის მიუღებელია ერთი ბრძენკაცის აზრი იმის შესახებ, რომ ადამიანი მიზანია და არა საშუალება.

 

 

1 2 3