მინდია ვაჟას პოემების ერთერთი ყველაზე უფრო გამოუცნობი გმირია. ვაჟა-ფშაველას „გველის-მჭამელში“  მინდია მისნურ ნიჭს შეიძენს. ეს ნიჭი მას ქაჯებთან ტყვეობისას გველის ხორცის ჭამის შემდეგ მიეცემა. ეს არის ნიჭი, რომელიც, მითოსური წარმოდგენის  მიხედვით, შეიძლება უეცრად მიეცეს ადამიანს და მერე უეცრადვე წაერთვას. მართლაც, მინდიას ახალი სმენა და ხედვა გაეხსნება, ის სხვა ადამიანად იქცევა. შეიძლება პირდაპირი გაგებით ეს შეძენილი უნარი არ არის ცოდნა, მაგრამ იბადება ახალი იდეა, რომელსაც ახალი მსოფლმხედველობა წარმოშობს. ამ ახალი მსოფლმხედველობის საფუძველზე მინდია სამყაროსადმი მიმართების ახალ წესს წარმოაჩენს. მინდიას ფერისცვალების  მთავარი მომენტი ისაა, რომ იბადება ახალი, ძველისგან განსხვავებული მსოფლმხედველობა.

რას გამოხატავს ახალი მსოფლმხედველობა?

იმისათვის, რომ ეს გავარკვიოთ,  საჭიროა მინდიას ძველი მსოფლმხედველობის წარმოჩენა. ადრინდელი მინდია ისევე ცხოვრობდა, როგორც სხვები. ის საერთო თემის ერთ-ერთი წევრი იყო. ის არ იყო, როგორც ფილოსოფოსები იტყვიან, თავისუფალი რაიმესაგან რაიმესთვის, არ იყო განკერძოებული ინდივიდი, არამედ იყო თემის ერთ -ერთი წევრი. ამიტომ მისი მსოფლმხედველობა ინდივიდუალური პიროვნების მსოფლმხედველობა კი არა, თემის მსოფლმხედველობა იყო, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის იზიარებდა ტრადიციით გადმოცემულ  იმ  წეს-კანონებს და ზნე-ჩვეულებებს, რომელთა მიღებაც აუცილებლობას წარმოადგენდა.
ცხადია, ბუნების წიაღში მცხოვრებ მთიელ კაცს უშუალოდ ბუნების მიმართ გარკვეული დამოკიდებულება ჰქონდა, მხოლოდ ეს დამოკიდებულება არ განსხვავდებოდა თემის წევრების დამოკიდებულებისგან. მინდია ჭრიდა ხეს, იყენებდა საშენ მასალად, გასათბობად ანუ შეშად და სხვ. , კლავდა ნადირს, ატყავებდა მას, ტყავს და ხორცს თავ-თავის ადგილს მიუჩენდა და ა.შ.  მინდია ისე იქცეოდა, როგორც იქცეოდნენ თემის სხვა წევრები, ისინი კი მისდევდნენ ზოგადად ადამიანის ცხოვრების წესს.

 როგორია ზოგადად  ადამიანის ცხოვრების წესი?

ადამიანი განსხვავდება ცხოველისაგან. ცხოველი მრავალრიცხოვანი ინსტინქტის კარნახით იქმნის საარსებო გარემოს. ეს გარემო ბუნებაა. ცხოველი ბუნების პირმშოა. მის წესრიგს და თანხმობას ბუნებასთან ქმნის მისივე ინსტინქტის მრავალრიცხოვნება. ადამიანი ინსტინქტით ღარიბი არსებაა. არარსებული ინსტინქტის ადგილს მასში ცნობიერება იკავებს. ადამიანი საარსებო და სასიცოცხლო გარემოს ცნობიერების კარნახით იქმნის. ცხადია, აქაც პირველწყარო ბუნებაა.  ადამიანი გარდაქმნის ბუნებას, ბუნების ნედლეულს, ვთქვათ, ხის მასალისგან იშენებს სახლს და ამ სახლში ცხოვრობს. ეს  უკვე,  ფართო აზრით, კულტურაა. ადამიანი ბუნებისა და, ამავე დროს, თავისივე ხელით შექმნილი კულტურის სივრცეში ცხოვრობს ცხოველისაგან განსხვავებით, რომელიც მთლიანად ბუნებისეულია.
ადამიანს, როგორც სხეულის ანუ სიცოცხლის მქონე არსებას, მომხმარებლური დამოკიდებულება აქვს ბუნებისადმი. ის, როგორც უკვე ვთქვით, მოიხმარს ბუნებას, გარდაქმნის მის ნედლეულს და ამ გზით იმზადებს თავშესაფარს და საკვებს. ეს რომ არ გააკეთოს, დაკარგავს ვიტალობას, დაკარგავს სიცოცხლეს, დაიღუპება.
ასე ცხოვრობდა მინდიაც, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მას  (გველის-მჭამელს) ახალი ხედვა გაეხსნა, ახალი თვალი აეხილა. ამგვარ სიახლეს შესაბამისი მსოფლმხედველობრივი სიახლეც მოჰყვა.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ მინდიამ გაიაზრა თავისი ახალი მიმართება ბუნებისადმი. ამ ახალი მსოფლმხედველობის მიხედვით, მინდია წარმოჩნდა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანისგან სრულიად განსხვავებული თავისუფალი პიროვნება, თავისუფალი საკუთარ ვიტალობაზე მიჯაჭვულობისგან, საკუთარ კეთილდღეობაზე მუდმივი ზრუნვისაგან, თავისუფალი იმისთვის, რომ ნამდვილ ეთიკურ ღირებულებას  მომსახურებოდა. მინდიას მომხმარებლური დამოკიდებულება ბუნებისადმი უანგარობამ შეცვალა. ის აღარ ჭრის ხეს და აღარ კლავს ნადირს, ბუნებას ესაუბრება და მის თხოვნა-მუდარას შეისმენს („ნუ მომკლავ, ჩემო მინდიავ, ნუ დამიბნელებ მზესაო“). მინდია უანგაროა ბუნებისადმი, ასეთია მისი ეთიკური მრწამსი. მისი ბუნებასთან მიმართების ესთეტიკური მომენტიც უანგარობით  არის აღბეჭდილი: („კლდის  თავზე მოსულ   პირიმზეს გულ-მკერდში ვენაცვალები“).  ესთეტიკური და ეთიკური უანგარობა ყველასგან გამოარჩევს მინდიას. მინდია თავდავიწყებით ეძლევა ბუნების მსახურებას. ის სრული ტრანსცენდენციის უნარს ამჟღავნებს, ივიწყებს თავის ვიტალობას და ბუნების მრავალფეროვან სამყაროში იძირება. მისი დამოკიდებულება უფრო ეთიკურია, ვიდრე ესთეტიკური. ეთიკური ხასიათისაა უკვე გარდაქმნილი მინდიას ღვაწლიც, ის სიკეთის მთესველია, ქაჯებისგან მას ბოროტება არ  გადასდებია:

                                                 

                   მხოლოდ ბოროტმა მის გულში
ვერ მოიკიდა ფეხია,
       სხვა დანარჩენი ქაჯური
      ყველა ისწავლა ხერხია.

 

შეძენილი ნიჭის კეთილმყოფელობაზე მეტყველებს ისიც, რომ მინდია მკურნალად იქცა. მას ყვავილები წამალს სთავაზობენ და ის კურნავს ომში დაჭრილ მეომრებს; მინდიას ძალ-ღონეც მოემატა, მოხერხებულობაც და სიჩაუქეც. მომხდურ მტერთან გამკლავება იგივე ბოროტებასთან შებრძოლებაა. მას ესეც ხელეწიფება… მაგრამ მინდიას სულიერი აღზევება არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, ვინაიდან უეცრად დაუფლებული მისნური ნიჭი მას სრულ უანგარობას ანუ ნედლეულის მიუღებლობას ჰკარნახობს, ბუნების ნედლეულის გარეშე კი ადამიანი ვერ იარსებებს. ახლადშეძენილმა ნიჭმა იმთავითვე განსაზღვრა მინდიას საბოლოო ხვედრი.
მაშასადამე, ადამიანი დამოკიდებულია თავის ვიტალობაზე იმ თვალსაზრისით, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მუდმივად ზრუნავს ბუნების ნედლეულის გარდაქმნაზე, საკვების მოპოვება-მიღებაზე, თავშესაფრის მოწყობაზე. ეს გარდაქმნა კულტურაა, კულტურის დამამკვიდრებელი აქტია, ამიტომაც ვამბობთ, რომ ადამიანი „თავისი ხელით“  შექმნილ კულტურის გარემოში ცხოვრობს, მაგრამ ის ბუნების შვილიცაა. ბუნების შვილია მინდიაც და სასიცოცხლო ძარღვით არის გადაბმული ბუნებასთან. ამ ძარღვის გადაჭრა დამღუპველი იქნება მისთვის და სხვებისთვისაც. არ შეიძლება, ამას თუნდაც ქვეშეცნეულად ვერ გრძნობდეს ბუნებისადმი სრული უანგარობის იდეით შეპყრობილი მინდია. მხოლოდ ეს თანდათანობით ხდება. თანდათანობით ხდება ის, რომ მინდია ცდილობს ეს უკიდურესობის შემცველი, „გაუწონასწორებელი“  იდეა რამდენადმე მაინც მოარგოს ყოფით რეალობას. ის ამ იდეის პოზიტიურ მომენტს (ვიტალობაზე ამაღლება) წამოწევს წინ და ცოლთან კამათისას ზნეობრივი პათოსის ფონზე ამხელს მასთან დაპირისპირებულთა ცხოვრების ნეგატიურ მომენტს (ვიტალობაზე მიჯაჭვულობა).
მინდია გვეუბნება, რომ ადამიანმა ბუნებას მხოლოდ მომხმარებლის თვალით არ უნდა უყუროს. რაკი ადამიანი ბუნების განუყოფელი ნაწილია, ის არა მხოლოდ უნდა იღებდეს (თუნდაც მცირედს) მისგან, არამედ უნდა გასცემდეს საიმისოდ რაიმეს. მინდია უკვე მხოლოდ მიმღები კი არ არის, არამედ გულუხვად გამცემიცაა, ან სწორი იქნება, რომ ვთქვათ, მცირედის მიმღები (ის მიიჩნევს, რომ მცირედითაც შეიძლება ვიტალობის შენარჩუნება, რაც საბოლოოდ არ ხერხდება) და მრავლის გამცემია, ის, ფაქტობრივად, ბუნების მესაიდუმლეა, მისი სიყვარულით ანთებული ადამიანია, მასზე მზრუნველი, ცხოველების, ფრინველებისა და ხეების აპოლოგეტია. მინდიას აზრით, ადამიანი მუდმივად საზრდოობს ბუნების ნაყოფით და  მორალური თვალსაზრისით  მისი მოვალეა, რისი დავიწყებაც უმადურობა იქნება:

 

 ამ მიწის ამონაცენი
     ჩემი სესხი და ვალია;
           როგორღა ან პური ვჭამო,
           როგორ დავლიო წყალია.

 

ეს პასუხისმგებლობა ბუნების მიმართ იმავე ზნეობრივმა იმპერატივმა წარმოშვა, რომელმაც ანგარებიანი ურთიერთობის უანგარობით შეცვლა გამოიწვია. ყოველივე ეს არ მომხდარა ხანგრძლივი განსჯისა და დინჯი გააზრების შედეგად. მინდიას არსებაში ახალმა ხედვამ და სმენამ, ახლადშეძენილმა ნიჭმა თვითონ ბუნების წიაღში დაძრულ სტიქიასავით გაიღვიძა. მინდია უფრო პოეტია,  უფრო შთაგონებით შეპყრობილი ხელოვანია, ვიდრე ფხიზელი ანალიტიკოსი. მისი მოულოდნელი ინსპირაციით აღძრული ნატურფილოსოფია უფრო მოქმედებაშია  გამოხატული, ვიდრე თეორიულ განსჯაში. განსჯამ მოგვიანებით იჩინა თავი ცოლთან დიალოგში, როცა უკვე შეძენილი ნიჭის დაკარგვით გამოწვეულმა მწარე სინანულმა შეიპყრო ეს კაცი. ამ განსჯაში თვალნათლივ გამოჩნდა მინდიას მრწამსი, რომ, მისი აზრით, მისივე პიროვნებისეული მეტამორფოზა ზნეობრივი ხასიათის იყო. ვიტალობაზე აღმატე
ბამ და სრული უანგარობისაკენ სწრაფვამ მის არსებაში დაფარული შესაძლებლობები წარმოაჩინა. ეს იყო ღირსეული ადამიანის ცხოვრების წესი, აზროვნების და მოქმედების თავისუფლების გამოხატულება. ასეთი კაცი, რა თქმა უნდა, ღიად უპირისპირდებოდა უტილიტარისტებს და მერკანტილისტებს, ანუ იმათ, ვინც ბუნების ნაყოფს ბოროტად, თავის სასიამოვნოდ ირგებდა და იყენებდა. ის გადარჩენის ინსტინქტით შეპყრობილ მეუღლესაც მათ მიათვლის და მის მიმართ დაუფარავ სიმკაცრეს ამჟღავნებს:

 

    არ იცი, არა, ჭკვათხელო,
ყბედო, ზეზერე მგრძნობარევ,
თავისა სასიამოვნოდ
წუთისოფლისა მცნობარევ!

 

 

1 2 3