მკვლევარები გამოარჩევდნენ რეპრესირებულთა უზარმაზარ წყურვილს ადამიანებთან ურთიერთობისა, პოეტები ზოგჯერ ძალას გარდაცვლილ მეგობრებთან საუბარში რომ ჰპოვებდნენ, და ტრაგიზმითა და ამავდროულად ნათელი გრძნობით სავსე დიალოგს აბამდნენ მიძღვნებსა და ეპიგრაფებში.

ამ ლიტერატორთა პოეზიაში მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული იდეური და ესთეტიკური კონცეფცია?

მონოგრაფიის ავტორთა დაკვირვებით: სამაგიეროდ ცნაურდებოდა მათი შემოქმედების ესთეტიკური საფუძველი. და ეს გახლდათ: ხსოვნის მოტივი, რომელიც აერთიანებდა ცოცხლებსა და გარდაცვლილებს, სურვილი – გარდაცვლილ მეგობართა ხანმოკლე სიცოცხლე ლექსებში გაეგრძელებინათ, შეურიგებლობა ბრმა ბედისწერასთან, სიმართლე – ამბოხამდე ვერმისული…

და მრავალი პოეტისაგან დატოვებულ ამ მემკვიდრეობას მიიჩნევდნენ ერთგვარ კოლექტიურ პოეტურ კრებულად, რაკიღა ისეთ სიახლოვეს იჩენდა მათი განწყობილებანი თუ მოტივები, მიუხედავად ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებული შეხედულებებისა.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან თვისებად „კავკასიური“ პოეზიისა წარმოდგებოდა მისი ზნეობრივი სისპეტაკე და მიმზიდველი მიამიტობა. და წინამორბედი მკვლევარები რომ აღნიშნავდნენ მასში გახმიანებულ სერიოზულ და ღრმა გრძნობებს და „მორალური შფოთის ძალას“, წიგნის ავტორები მას მონათლავდნენ „ქედუხრელ ტუსაღთა“ პოეზიად და დასძენდნენ:

– მისცეს რა პოლონურ პოეზიას რომანტიკული ხვედრის მქონე გმირის რეალისტური სახე, ამით „კავკასიელებმა“ თავიანთ ბედისწერათა ავტოპორტრეტი შექმნეს და სიახლე შეიტანეს თუ რომანტიზმის ესთეტიკურ ფასეულობებში არა, მისი მსოფლშეგრძნების საფუძველზე მაინც.

მარია ფილინა და დანუტა ოსოვსკა საგანგებოდ უნდა ჩაკვირვებოდნენ ტრადიციებსა და კულტურულ სტერეოტიპებს, უპირველესად კი იმ გარემოებას, რომანტიკოსთათვის კავკასია რომ იქცეოდა „პოეტური მხარის“ განსახიერებად. ამ სტერეოტიპს დიდი ძალა ექნებოდა და ისაზრდოებდა პიროვნების რომანტიკული ფილოსოფიით, ბუნების წიაღში დაბრუნების კონცეფციითა და დაკარგული ჰარმონიის მოპოვებისაკენ ცივილიზებული ადამიანის სწრაფვით.

გაიხსენებდნენ ქრესტომათიულ მოსაზრებებს: თუ როგორ ძლიერდებოდა კავკასიის როლი რუსული რომანტიზმის დიდი ოსტატების – ალექსანდრ პუშკინის, მიხაილ ლერმონტოვისა თუ ალექსანდრ ბესტუჟევ-მარლინსკის – გავლენით, როგორ მოიპოვებდა ეს თემა უპირატესობას რუსულ რომანტიზმში, რადგანაც სწორედ ის იქცეოდა ბევრისათვის ეგზოტიკური შთაგონების ერთადერთ წყაროდ, და როგორ უნდა მოგვექცია ამ გრძნობათა პალიტრაში ახალგაზრდა ლევ ტოლსტოის დამოკიდებულებაც, კავკასიაში პირველად 1851 წელს რომ ჩამოვიდოდა და აქ დაიბადებოდა მწერლად.

და ეს ყოველივე მკვლევარებს დასჭირდებოდათ კონტრასტულ ფონად, თუ როგორ უნდა დაეწყოთ ამ სტერეოტიპის მსხვრევა – პირადი გამოცდილების საფუძველზე – იმ გადმოსახლებულებს, რომელთათვის ეს მხარე წარმოდგებოდა არა იმდენად შთაგონების ადგილად, რამდენადაც რეალურ ცხოვრებად, ზოგჯერ კი მწარე ბედისწერის ნაწილადაც.

საგულისხმოდ წარმოგვიდგება ის ქვეთავიც: „ქართველი და პოლონელი. შენიშვნები პორტრეტისთვის“ – თვალსაჩინოებად, კავკასიაში პოლონელთა ასეთი მრავალრიცხოვანი ჯგუფის ყოფნის შემდგომ პოლონელი და კავკასიელი ხალხების კონტაქტები თვისობრივად ახალ სახეს რომ შეიძენდა.

მოიხსენიებოდა ის რამდენიმე ფაქტი, საკვანძო რომ გახლდათ ქართულ-პოლონური ურთიერთობის შემდგომი განვითარებისათვის, უპირველესად კი – 1832 წლის შეთქმულება, რომელიც არ ყოფილა მარტოდენ ქართველი თავადაზნაურობის ამბოხი რუსული თვითმპყრობელობისაგან თავდასაღწევად, არამედ – ქართველი ერის საერთო სულისკვეთება, საზოგადოების ყველა ფენა რომ მონაწილეობდა მის მზადებაში, ის კი არა, საერთოკავკასიურ აჯანყებადაც განზრახულიყო და შესაფერისი ძაფებიც გაბმულიყო სხვა ხალხებთანაც.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ:

1832 წლის შეთქმულება უწინარესად უკავშირდება არა ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიგოლ ორბელიანისა და სოლომონ რაზმაძის სახელებს, არამედ – სოლომონ დოდაშვილის, ელიზბარ ერისთავისა და ალექსანდრე ორბელიანის, პიროვნების, ვინც ყველაზე მეტად ჩახედულიყო პოლონელთა აჯანყების პერიპეტიებში თავისი მეგობრის, პოლონელი პეტრე ზავილეისკის წყალობით, და თანამზრახველებს სწორედ იგი აცნობდა იმ ჰეროიკულ და დრამატულ მოვლენათა მსვლელობას.

თავთავისი ღირსეული ადგილი აქვთ მიმოხილვისას მიჩენილი გიორგი ერისთავსა და სოლომონ რაზმაძეს, როგორც ადამ მიცკევიჩის ლირიკის მთარგმნელებს: ერთს – „ყირიმული სონეტებისა“ და მეორეს – „ფარისისა“, ერთხანს ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანის“ შთამაგონებლადაც რომ ვარაუდობდნენ ამ პოეტურ ნიმუშს.

წიგნის ავტორების დაკვირვებით:

თითქოს ადამ მიცკევიჩის სული დასტრიალებს ყველაფერს, რასაც კი ამ ორი ხალხის კულტურები შეეხება, მისი ფიგურა იქცევა სულიერი ნათესაობის მაჩვენებლად.

მართალია XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართულ სიტყვიერებაში არ არსებობდა არცერთი კრიტიკული სტატია ამ რჩეულ პოლონელ რომანტიკოსზე, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელიც გახლდათ საგამომცემლო პირობების უქონლობის გამო. და თუ სტატიებიც, კვლევებიც და ბიოგრაფიული მონაცემებიც მოგვიანებით გაჩნდებოდა ქართულ პერიოდიკაში, ჟურნალისტიკისა და სამოციანელთა საგამომცემლო მოღვაწეობის აყვავების ჟამს, დაე ნუ დაგვავიწყდებოდა, რომ:

ორიენტირი უკვე ნაპოვნი იყო!..

ადამ მიცკევიჩი გახდებოდა ამოსავალი პოლონურ ლიტერატურასთან ჩვენი მიახლოებისას.

ხოლო „ფარისი“ – ერთგვარი გასაღები ანალოგიებისათვის, უკუქცევებისა და შეპირისპირებებისათვის.

წიგნის ავტორები შეგვპირდებოდნენ, რომ: ადამ მიცკევიჩისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ ქართველ კრიტიკოსთა მრავალრიცხოვან ნაშრომებს მეორე ტომში განიხილავდნენ, რაკიღა ისინი XIX საუკუნის მიწურულს მიეკუთვნება, მაგრამ აქ მაინც გამოთქვამდნენ ზოგიერთ დაკვირვებასა თუ ჰიპოთეზას:

ქართველი რომანტიკოსი პოეტი შესაძლოა შეხვედროდა გადმოსახლებულ პოლონელებს. ისიც და „კავკასიელებიც“ ერთ წრეში ტრიალებდენ. თადეუშ ლადა-ზაბლოცკის მიმოწერა ჰქონდა ბარათაშვილის მეგობართან – მიხეილ თუმანიშვილთან, აგრეთვე იცნობდა ეკატერინე ჭავჭავაძესაც, რომელიც ასე უიმედოდ უყვარდა ბარათაშვილს.

ამგვარად: მათი ნაცნობობა არა მხოლოდ ლიტერატორთა სასურველ ვარაუდად უნდა მიგვეჩნია, არამედ სავსებით შესაძლებელ ცხოვრებისეულ სიტუაციადაც.

ეს ყოველივე გამჭვირვალე მინიშნებაა, თუ რას ფიქრობენ ავტორები მსოფლიო ლირიკის ამ ორი შედევრის თაობაზე, თუმც უშუალოდ რაიმეს თქმას ჯერჯერობით ერიდებიან და ღიად ტოვებენ შეკითხვას:

იცნობდა თუ არა ბაარათაშვილი „ფარისის“ ტექსტს, თუ ამ ორი პოეტური ნიმუშის გადაკვეთა ეპოქის წამყვანი იდეების გავლენის ნაყოფი გახლდათ?

საერთოდაც არაერთი თემა თუ მოტივია წამოჭრილი ამ წიგნში, გაშლა-გაღრმავებას მომდევნო ტომში რომ გვპირდებიან მკვლევარები, ამავე განზრახვით ჩაფიქრებულში: ისიც აქტუალური იყოს არამარტო ლიტერატურის ისტორიკოსთათვის, არამედ სხვა ბევრისთვისაც, რომელთაც სურთ გაიფართოვონ წარმოდგენა მშობლიური სიტყვიერებისა და იმ მრავალმხრივი სამყაროს შესახებ, კავკასია რომ წარმოადგენს. და ჟურნალისტებიც და მოგზაურებიც უკეთ გაერკვნენ ქართულ რეალიებში და გაერიდონ ზედაპირულ ცნობებს, შეცდომებს, უზუსტობებს, სტერეოტიპებსა და პოლიტიკურ მიკერძოებებს.

***

მდინარესა ზედა მტკვრისასა ვისხედით და ვტიროდით და გიგონებდით შენ, ვარშავა…

ეს ცრემლები უნდა მიგნებულიყო და შემონახულიყო კურცხალ-კურცხალ, წლების დაუღალავი ჯაფა და გარჯა მხოლოდ ნელ-ნელა რომ შეგავსებინებდა სურათებს, ძნელად და ძალზე ძნელადაც რომ იკვროდა პანორამა, ხან ლამის ხელსაც რომ ჩაგაქნევინებდა წამოწყებაზე გულისგამაწვრილებელი ძებნა-ჩხრეკა არქივებში… მაგრამ პოლონელ გადასახლებულ პოეტთა თბილისური ჯგუფი არაფრისდიდებით არ უნდა ჩაძირულიყო ბუნდოვანებაში და არც ცალკეულ ფრაგმენტთა იმედად დარჩენილიყო, ერთ წიგნს მეორეც უსათუოდ რომ ამოუდგება გვერდით… და ეგებ მესამე ტომიც ილანდებოდეს თვალსაწიერზე.

რისთვის ეს უჯიათი შრომა?

რისთვის ეს შეუპოვარი ძიება?

სამშობლოსათვის… სამშობლოსათვის, ბატონო!..

 

 

 

 

 

1 2 3 4