ესეც ერთი ტრაგედია ყოფითი სინამდვილისა, როდესაც დამონებული ერის შვილს ძალით გაბრძოლებენ სხვათა დასამონებლად, და შენი ქვეყნის თავისუფლებისათვის თავგანწირულმა – ულმობელი ბედის განჩინებით – სხვას უნდა წაართვა თავისუფლება… და ეს რომ არ მოხდეს, ნებით უნდა შეეგებო სიკვდილს…
გამზადებული ნოველა ჩამალულა ბარათის ამ პასაჟში!..
ამასთან:
იუზეფ იგნაცი კრაშევსკისადმი გაგზავნილი ბარათები ცხადყოფდა გადასახლებულთა კავშირს სამშობლოს ლიტერატურულ ცხოვრებასთან, განსაკუთრებით პოლონეთის განაპირა მხარესთან, სად ასერიგად ტრიალებდა თავისუფლების წყურვილი და საიდან გახლდათ წარმოშობით „კავკასიელთა“ უმრავლესობა.
და სათითაოდ რომ ჩამოჰყვებოდნენ წიგნის ავტორები გადასახლებულ ლიტერატორებსა და მათ მწარე ხვედრს, ჯერ მარტო ჩათვალიერება ამ გალერეისა, ამ გვარ-სახელთა გაცნობა თავისებურ მელოდიადაც ჩაგვესმის, სევდიან და აღმტაც მუსიკად: თადეუშ ლადა-ზაბლოცკი თუ ვლადისლავ სტშელნიცკი, ლეონ იანიშევსკი თუ ქსავერი პეტრაშკევიჩი, მიხალ ანჯეიკოვიჩ-ბუტოვტი თუ ვოიცეხ პოტოცკი, მატეუშ გრალევსკი თუ ვლადისლავ იურკუვსკი, ფლორიან ზელინსკი თუ სტანისლავ ვინიცკი, ჰუგო კორსაკი თუ არისტარქე სოსნოვსკი, იან ზალენსკი თუ იულიუშ მუჩლერი, კონსტანტი ზახი თუ ფრანციშეკ სავიჩი, მარციან შიმანოვსკი თუ იგნაცი ბორსკი, მარცინ (მარიან) ჩიპლინსკი, ლეონ გერშევსკი თუ სტანისლავ პილატი.
მარცვალ-მარცვალ შეგროვებულ ცნობებზე ამოშენებული სილუეტები კოლორიტულ ხასიათებს წარმოგვიდგენს, თან მსგავსი და თანაც განსხვავებული თავგადასავლებით…
და გული გწყდება, ჯოზეფ კონრადი მოთხრობით „პრინცი რომანი“ – ერთი საუკეთესო ნიმუშით ამ ჟანრისა – ციმბირში რომ გაჰყვებოდა გადასახლებულ პოლონელ აჯანყებულთა კვალს და არა კავკასიაში, რომლის პერსონაჟებიც დაუხატავნი დარჩებოდნენ ისეთი დიდი ხელოვანის მიერ, ეს გაინგლისელებული პოლონელი რომ გახლდათ, თვითონაც 1831 წლის ამბოხებულთა ოჯახიდან, ეროვნულ ტრაგედიას პირად ტრაგედიასაც რომ გადააჯაჭვავდა…
თუმც: რაც არ მომხდარა აქამდე, შესაძლოა აღსრულდეს ამის შემდგომ, რაც ასეთი კანთიელობით წარმოსახულა პოლონელ რეპრესირებულთა ქართული ხანა და ასეთი კოლორიტული, მრავალმხრივ საგულისხმო ხასიათები ჩამომწკრივებულან – რომელიმემ როგორ არ უნდა გაიყოლიოს ჯოზეფ კონრადის რანგის მწერალი, ისტორიულ ფონად ქართული სინამდვილე ხელშესახებად რომ გადაიშლება.
ჯერ მარტო თადეუშ ლადა-ზაბლოცკის როლი და თავგადასავალი რად ღირს, თუნდ მისი დაპატიმრების ამბის გახსნას დეტექტიური ჩაძიება რომ დასჭირდებოდა მკვლევართაგან, გადასახლებაში კი სულიერ წინამძღოლად უნდა მოვლენოდა თვისტომთ და კავშირების მთელი სისტემაც შეექმნა კავკასიაში გამოდევნილთა და სამშობლოში დარჩენილებს შორის.
ლეონ იანიშევსკის ცნობებზე დაყრდნობით აღმოჩნდებოდა, რომ:
ზაბლოცკი გახლდათ გამომცემელთა და წიგნის მოვაჭრეთა შორის ერთადერთი შუამავალი. საიდუმლო სკივრებიდან და სხვებისათვის დახშული ქისებიდანაც კი შტურმით ახერხებდა წიგნებისათვის თვითეული მანეთის მოპოვებას. და მის ხელისმომწერთა სიაში ხშირად ირიცხებოდნენ თათრებიც და ლეკებიც, რომელთაც ისიც კი არ იცოდნენ, რომ ამქვეყნად პოლონეთი არსებობდა.
– თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ლადა თავის დანიშნულებას ასრულებდა. ეს მისი მანია იყო, საქმისათვის ნახულობდა დროსაც და ძალებსაც.
ზაბლოცკის დამსახურებათა ნუსხას მზერას რომ გაადევნებდნენ მკვლევარები, საკმაოდ მასშტაბურად გამოიკვეთებოდა ეს ნუსხა, და ამ დამსახურებას დაადასტურებდა მისი ამხანაგების არაერთი აღიარება – ეპიგრაფები, ციტატები, მის თხზულებათა დამოწმებანი, რაც მეტყველებდა როგორც მისი ლიტერატურული ავტორიტეტის რანგზე, ისე კავკასიის პოლონური საზოგადოების კონსოლიდაციაზეც.
ამ ყოველივეს გამო აღიარებდნენ გადასახლებულ პოლონელთა მეთაურად კაცს, რომლისთვისაც პოეზია ოცნების სამყაროში გაქცევა გახლდათ, ერთგვარი თვითგადარჩენა, და ლექსის წერას არც არასოდეს მოჰკიდებდა ხელს, ცხოვრების ეს დრამატული შემობრუნება რომ არა.
ასეთივე გადარჩენად მიიჩნევდა მისი ბედის მოზიარეთა ლიტერატურულ საქმიანობასაც, ოცნების სამყაროში გაქცევას რომ უნდა ეხსნა ისინიც ყოფითი სინამდვილის სიმწრისა და გაუსაძლისობისაგან; და მკვლევარებიც მის კვალობაზე ირწმუნებიან, რომ:
ბიბლიოთეკების გაჩენამდე – რომლებიც პოლონელთა უდიდესი ძალისხმევის ფასად შეიქმნებოდა პოლკებში – იქ, სადაც არ იყო კოსტიოლი, და იქ, სადაც გადასახლებულები დაქსაქსულნი იყვნენ, არსებობდა მხოლოდ პოეზია. და შუაღამით, ზოგჯერ ლაშქრობების დროსაც დანთებულ კოცონთან ჩანაწერების კეთება მხოლოდ შემოქმედებითი მგზნებარების დაკმაყოფილების სურვილით არ აიხსნებოდა: ეს გადარჩენისა და საკუთარი ინდივიდუალობის შენარჩუნების საშუალებაც გახლდათ.
სამშობლოსათვის, ბატონო!..
„მოუთვინიერებელ ტუსაღთა“ პოეზიის რაობასა და პრობლემატიკას რომ ჩაუკვირდებოდნენ მონოგრაფიის ავტორები, ძალდაუტანებლად წამოეჭრებოდათ შეკითხვა:
შეიძლებოდა თუ არა, რომ „კავკასიელთა“ საქმიანობა ლიტერატურული ჯგუფის მოღვაწეობად განგვეხილა?
მკაცრი გაგებით – არა, რადგანაც რაიმე გაერთიანებად არ ჩამოყალიბებულიყვნენ და არც მონაწილეთა სია შეედგინათ.
„კავკასიელი“ ლიტერატორები არც ერთად შეკრებილიყვნენ არასოდეს: სხვადასხვა პოლკში გაფანტულები ან ერთობლივ სამხედრო ლაშქრობებში გადაეყრებოდნენ ერთმანეთს, ანდა თბილისში ხვდებოდნენ, სად ყოფნაც თვითეულ მათგანს ეოცნებებოდა.
მაგრამ თუ შეგვეძლო ტიპოლოგიურად მიგვეჩნია ეს ლიტერატორები ჯგუფად ან გაერთიანებად?
ეს უკვე უდავოდ.
და მისი ზოგადი დახასიათებისას მკვლევარები ყურადღებას მიგვაქცევინებდნენ, რომ:
რომანტიზმის ხანის მთელი პოლონური ლიტერატურა, პირველი აჯანყების დროისა, ასევე აჯანყებებს შორის ეპოქის მწერლობა, ძირითადად დამოუკიდებლობისათვის უშედეგოდ მებრძოლი ხალხის ტრაგედიას ეფუძნებოდა. და ლიტერატურა განამტკიცებდა ბრძოლის ამ პათოსს, ხორცს ასხამდა მხატვრულ სახეებში და მისი შთაგონების წყაროდაც გვევლინებოდა:
– პოეზიაში კი, რომელიც კავკასიაში იშვა, თავს იყრიდა იმ ადამიანთა ნაღვაწი, რომლებიც სამშობლოსათვის ეწამებოდნენ, განშორებისათვის იყვნენ განწირულნი, მოწყდნენ ჩვეულ გარემოს. ეს იყო რაღაც ნაგლეჯი ეროვნული ინტელიგენციისა, ნაჭერი, რომელიც, ბუნებრივია, ერთგვაროვანი არ ყოფილა, თუმცა ქვეყნის ორგანულ, განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა, ძირითადად – საუკეთესო ნაწილს, მის სისხლსა და ხორცს. ეს იყო ცოცხალი სხეულის „სისხლიანი“ ნაგლეჯი.
რა გასაკვირია, რომ ცხოვრებისეულ მარცხს განდევნილ-გადასახლებულთა თვითშეგნება განესაზღვრა და – მიუხედავად იმისა, რომ შეძლებდნენ სხვადასხვა სფეროში წარმატებით გამოევლინათ თავი – ამ უიღბლობის დაღს არა მხოლოდ უნდა განემსჭვალა მათი სულიერი მემკვიდრეობა, არამედ ამ მემკვიდრეობის ტიპოლოგიურ საფუძვლად გამოკვეთილიყო.
ისე მკვლევარებს აღტაცება როგორ არ გამოეთქვათ მათი ინტერესების მრავალმხრივობით, მთელს თაობას რომ ახასიათებდა: ეს პოეზიაო, ეს პროზაო, ეს თარგმანებიო, ეს ენების შესწავლაო, ეს ეთნოგრაფიაო, ეს მუსიკაო, ეს ბიოლოგიაო, გამონაკლის შემთხვევებში – სამხედრო კარიერაც.
ყარიბობის, განდევნილობის თემატიკა და პოეტიკა შეივსებოდა სატრფიალო ლირიკითა და ქალის სახებით – შორს მყოფისა და სამუდამოდ დაკარგულის… თუმც სხვაგვარადაც შეიძლებოდა წარმოსახულიყო ქალი – კონკრეტულად, მაგრამ მაინც მიუწვდომლად, როგორც ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა, რომელსაც აღმერთებდა ვოიცეხ პოტოცკი და ლექსებსაც უწერდა ალბომში. ასე რომ, ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიის მუზა უნდა შექმნილიყო მუზა პოლონელი პოეტისაც.
„კავკასიელთა“ პოეზიაში ქალები ოცნებათა სამყაროში რომ სახლობდნენ, ოცნებებისა, რომელთა ახდენის იმედიც თითქმის არ არსებობდა, მკვლევარები ამ მოტივს მოიხსენიებდნენ „ბოლომდე გაუჟღერებელ ხმად“, რომლის მიღმაც პირადი დრამა იმალებოდა და მთელს გადასახლების ლიტერატურას ერთგვარად „დაობლებულის“ ტონს ანიჭებდა.
ამ ფონზე მკვეთრად ჩნდებოდა სახლისა და ოჯახის მოტივებიც და მარია ფილინა და დანუტა ოსოვსკა ამ მოტივთა განსაკუთრებულობას წამოსწევდნენ, რათა გადასახლებულთა ტრაგედია არ აღგვექვა მარტოდენ გამჟღავნებულ შეთქმულებათა მონაწილეების ტრაგედიად, არამედ გაგვეთვალისწინებინა, რომ ეს ტრაგედია მთელს ერს შეეხებოდა – ათასობით საცოლეს, მეგობარ გოგონას, დედას, დას, ათასობით შეუმდგარ პოლონურ ოჯახს, ათასობით დაუბადებელ ბავშვს.
გადასახლების პირველი ტალღის არცერთ „კავკასიელ“ პოეტს არ ეყოლებოდა ოჯახი: სტშელნიკიც, ზაბლოცკიც, ვინიცკიც, სუჩლერიც, ზახიც და შიმანოვსკიც ახალგაზრდები დაიღუპებოდნენ და დატოვებდნენ მხოლოდღა ტრაგიკულ მემკვიდრეობას, ისე, რომ სამყაროს არ შესძენდნენ რეალურ მემკვიდრეებს.
და ეს გარემოებაც განსაზღვრავდა მათი პოეზიის მწუხარე ჟღერადობას. სამშობლოში დაბრუნებას თითოოროლა თუ შეძლებდა და მთელი თაობის დაგვიანებითღა მოაბამდა თავს ოჯახის შექმნას.
სამშობლოსათვის, ბატონო!..