ამ მხრივ „პოლონელთა ბედი კავკასიაში“ ერთი ყველაზე სანდო მხატვრულ-დოკუმენტური წიგნია, გამოვლილი ერთი საუკეთესო მწიგნობრის ანდრო ბედუკაძის ხელში, ისედაც მისი ოჯახური გარემოდან ამოზრდილი, ისეთი ბიბლიოთეკის გარემოცვიდან, ოდესმე იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკასავით რომ შეიძლება შემორჩეს ჩვენი კულტურის ისტორიას და კვლავაც განაგრძოს და განაგრძოს სიცოცხლე.

სამშობლოსათვის, ბატონო!..

პოლონელები ძველთაგანვე სხვადასხვა მიზეზით რომ ხვდებოდნენ კავკასიაში, რაკიღა ბუნებით მკვლევარები და მოგზაურები ჩვენი პლანეტის ყველა სფეროს ათვისებას ცდილობდნენ, სამშობლოში დაბრუნებულნი მოგზაურობის შთაბეჭდილებებზე ჰქმნიდნენ სხვადასხვა ჟანრის თხზულებებს, მრავლად რომ მოიპოვება პოლონურ სიტყვიერებაში.

ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფი კი 1830-40 წლებში უნდა მოხვედრილიყო საქართველოში, ის პოლიტიკური გადმოსახლებულები, რომელთაც დიდი გავლენა უნდა მოეხდინათ მეცნიერების სხვადასხვა დარგსა და კულტურაზე.

და ბოლოსდაბოლოს სრულფასოვნად უნდა გაცნობიერებულიყო:

რას ნიშნავდა კავკასია პოლონეთის ისტორიაში; როგორ მოქმედებდა ის პოლონელთა ბედ-იღბალზე და რა როლს ასრულებდნენ პოლონელები კავკასიაში.

ეს გახლდათ ის თემატიკა, რომლის გარშემოც უნდა შემოქსოვილიყო მარია ფილინასა და დანუტა ოსოვსკას ხანგრძლივი და დამჯაფავი გარჯის ეს თვალსაჩინო მონაპოვარი, რომელიც მოიცავს ამ ლიტერატორთა ბედისა და შემოქმედების ერთიან პანორამას, დახუნძლულს უამრავი დეტალით, რომელთა მოძიებასაც არქივებში ესაჭიროებოდა ოქროსმაძიებლის დაჟინება და თავდადება, მათი მოკრება-გადაბმის მეოხებით სილუეტთა მთელი გალერეა რომ ამომზევებულიყო.

მათი პროზისა და პოეზიის ძირითადი მოტივებიც ხელშესახებად წარმოჩნდებოდა, მაგრამ მკვლევარები არ იკმარებდნენ ანალიტიკურ განსჯას და ტომის მეორე ნაწილად მოამზადებდნენ „კავკასიელ“ პოლონელთა ტექსტების მოკლე ანთოლოგიას: ეპისტოლეებს, ნაწყვეტებს მემუარებიდან და დღიურებიდან, და ლექსებს, რომელთა ერთი წყებაც პირველად გამოქვეყნდებოდა, მათ პოეტურ ვერსიას კი გაამზადებდა რუსუდან ჭანტურიშვილი, ეს თარგმანები მოხდენილად რომ ჩაეწვნოდა წიგნის მთლიანობას.

საჭაშნიკოდ შემოგვთავაზებდნენ ცალკეულ ნიმუშებს თადეუშ ლადა-ზაბლოცკის, ფრანციშეკ ქსავერი პეტრაშკევიჩის, სტანისლავ ვინიცკის, არისტარხ სოსნოვსკისა და იულიუშ მუჩლერისა, რომლის „ცრემლიც“ მართლაც კურცხალივით შეჰკრავდა წიგნის კომპოზიციურ ქარგას, ტირილის სამ სახეობას რომ განარჩევდა: ბროლისმფრქვეველი ქალწულისა – სიყვარულის ცრემლს, სატრფოს რომ სდის; მატრონასი, შვილით ხელში – დედის ცრემლს; ქუჩა-ქუჩა მოარული ბერიკაცისა, ფულს რომ ითხოვს და ძლივსღა დადის – ხმელ ღაწვებზე ცრემლი დასდის სიღატაკის; და მეომრისა, სამშობლოს თუ ულანძღავენ, გული რომ უკვნესის – და მისი ცრემლი სამშობლოა, ის ბედკრული.

ხოლო თადეუშ ლადა-ზაბლოცკის ერთხელ კიდევ რომ წამოაგონდებოდა ბიბლიური იობის გოდება:

– მოსძაგდა ჩემს სულს სიცოცხლე, უნდა ვიგლოვო ჩემი თავი, უნდა ვილაპარაკო სულგამწარებულმა.

ლექსიც უნდა ამოეხვია მისი შთაგონებით: „აჰ, დროა უკვე, დროა!“ – მიწაზე ყოფნა გაუსაძლისად რომ უჭერდა ყელში და ნუგეშსა და საშველს მარტოდენ მიღმა სამყაროში თუ დაიგულებდა:

გადავაბიჯო უნდა ზღურბლზე, აჰ, დროა, დროა!

დროა, ზღურბლს იქით რომ გადავდგა ნაბიჯი ერთი.

მაშ რატომღა თრთი სულო ჩემო, სიმშვიდე მოვა:

იქ გაფრინდები, სადაც სუფევს მაღალი ღმერთი.

ეს ყოველივე აქამდე არამარტო ჩვენ გვეცოდინებოდა ძალზე ბუნდოვნად და ზოგადად, არამედ პოლონელებსაც, რომელთაც სიამაყით ეამაყებოდათ პოლონური ემიგრაციის ისტორიის ეს მეტად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული ეტაპი, მაგრამ… რეალურად ბევრი არაფერი გამოვლენილიყო „სამხრეთის ციმბირის“ ცხოვრებიდან, გადასახლებულთათვის არანაკლებ მძიმე გადასატანი რომ აღმოჩნდებოდა, ვიდრე ის ნამდვილი ციმბირი.

შესავალში მკვლევარები აღნიშნავდნენ საარქივო და ისტორიული დოკუმენტების, რომლებიც უშუალოდ უკავშირდებოდნენ წიგნის გმირებს, არცთუ ხვავრიელობას, მათი დიდი ნაწილი პოლონეთში რომ შემოინახებოდა, ბევრი ოფიციალური დოკუმენტი რუსეთის სამხედრო არქივებშიც დარჩებოდა, თვითონ საქართველოში კი არანაირი სენსაციური მასალა არ აღმოჩნდებოდა.

ამ გარემოებას იმით ახსნიდნენ, რომ:

საქართველოში იმხანად ჯერ კიდევ არ შემოღებულიყო არქივში მასალის შენახვის ევროპული წესი, დოკუმენტაციის შექმნის სისტემა რუსული წესის კვალობაზე დგებოდა. და თუმც ეს უძველესი დამწერლობის ქვეყანა ისე მდიდარი გახლდათ ძველი მატიანეებით, ბევრი ევროპული ქვეყანა რომ ინატრებდა, მაგრამ ეს სხვა მიდგომა, სხვა დრო გახლდათ და სხვა კულტურული პარადიგმა. ამიტომაც შემოინახავდა პოლონეთიც და აღმოსავლეთის სხვა მიწებიც მეტ დოკუმენტს.

საკმაოდ მწირი იქნებოდა იკონოგრაფიული მასალაც, რის გამოც უცნობი დარჩებოდა XIX საუკუნის I ნახევრის საქართველოში მოღვაწე პოლონელთა უმეტესობის იერი. მათი გამოსახულებანი ან დაკარგულიყო, ანდა საომარ პირობებში მათი პორტრეტების შექმნაზე არც არავინ იზრუნებდა – ან დრო სად ექნებოდათ და ან განწყობილება საამისოდ.

ისედაც ადვილი მისახვედრია, მაგრამ შესავალში ეს გარემოებაც საგანგებოდ უნდა აღნიშნულიყო, რომ:

სამშობლოდან დიდი ხნით განდევნა, ტყვეობაში ყოფნა „კავკასიელებშიც“ წარმოშობდა ერთგვარ მისტიკურ წარმოდგენას სამშობლოზე, თავიანთ განსაკუთრებულ მისიაზე.

და სამშობლოს წინაშე მოვალეობის გრძნობას რაღაც ავადმყოფურად, ეგზალტირებულად ამიტომაც გამოხატავდნენ.

სამშობლოსათვის, ბატონო!..

და მკვლევარები თავიანთი წიგნის პერსონაჟებს მიიჩნევდნენ იმის ღირსად, რომ ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, მაგრამ გულითადი პატივისცემით გაეხსენებინათ მათი ცხოვრება, როგორც განსაკუთრებული მოვლენა პოლონეთის ისტორიაში: ნოემბრის ამბოხების ჩახშობიდან იმპერატორის ამნისტიამდე – 1856 წელს რომ გამოვიდოდა და ნებას დართავდა ზოგიერთ გადასახლებულს შინ დაბრუნებისა.

პოლონელთა ასეთი დიდი ჯგუფი, რომელიც უაღრესად გამორჩეულ კვალს დატოვებდა კავკასიის ცხოვრების ყველა სფეროში, შემდგომ აღარც გაჩნდებოდა, და სწორედ ამ პოლონელთა ყოფნა საქართველოში ჩაუყრიდა საფუძველს ქართულ-პოლონურ ურთიერთობათა ტრადიციას; ამიტომაც შეიქნებოდნენ ისინი ფუძემდებელნი ერთ-ერთი უძველესი და ორიგინალური „პოლონიისა“ – პოლონური დიასპორისა – რომელიც დღესაც განაგრძობს არსებობას.

საგანგებოდ მოიხსენიებდნენ ვლადისლავ იურკოვსკის ბარათებს, როგორც მნიშვნელოვან მეგზურსა და შემწეს იმ დროის სიღრმისეულად და მართებულად გააზრებისათვის; რადგანაც ამ წერილების წყალობით „კავკასიელთა“ პოეტური მემკვიდრეობა დრამატიზმის ახალ ექსპრესიასა და მასშტაბს იძენდა.

ესეც ის დოკუმენტი, რომელიც ყველაზე მეტი სისრულით გამოხატავდა კავკასიაში პოლონელთა თვითშეცნობას პირველ და ურთულეს ხანაში: 30-40-იანი წლების მიჯნაზე, როცა განსაკუთრებით არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ პოლონელები მეფის არმიაში, და როცა ყველაზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობდა მთებში. და აგერ ხელთ გეპყრა იმ დროისა და მისი თანმდევი მოვლენების ყველაზე აშკარა წერილობითი მოწმობა – მიუკერძოებელი თვალთახედვით განსჯილ-გააზრებული.

და ეს მაშინ, როდესაც:

– ჩრდილო კავკასიის წარმომადგენლებმა არ დატოვეს წერილობითი საბუთები; რუსი ავტორები, რომელთაგანაც ბევრი თანაუგრძნობდა მთიელებს, მოვლენებს ბარიერის სხვა კუთხიდან აღწერდნენ. ერთი სიტყვით, გაირკვა, რომ ისე რეალისტურად და დეტალურად ვერავინ აღწერა ის ომი, როგორც იმ ფრიად განათლებულმა ჯარისკაცებმა, რომლებიც ძალით იყვნენ ჩაბმულნი იმდროინდელ საომარ მოქმედებებში.

თუნდ 1840 წლის 11 მარტით დათარიღებულ ბარათში რომ ჩავიხედოთ, ანჯეი ცეხანოვსკის მონაწილეობაზე რომ გვამცნობს ჩერქეზებთან ბრძოლებში, ჩრდილო დაღესტანში. მუდამ მგზნებარე, მხურვალე ფიქრითა და გრძნობით სავსე, შეეცდებოდა იქაც რაც შეიძლება მალე შეჰყროდა ულმობელ ბედს. და იმ სამხედრო კამპანიის კაპიტანი არიერგარდში დარჩენას რომ შესთავაზებდა, იმიტომ, რომ მთებში ჩერქეზთა დიდი ბრბოები დაეხეტებოდნენ და მოსალოდნელი იყო საშინელი ბრძოლა:

– მამაცი ჯარიკაცი არ დაემორჩილა კაპიტნის ბრძანებას, შესაძლოა თხოვნასაც, და მაშინვე გაჰყვა უკან, როგორც ჩრდილი – მზეს. მრისხანე ბრძოლა გაიმართა. ასე იცავდნენ ოდესღაც ესპანელები სარაგოსას, მამაცურად და თავგანწირვით, და ძალა არ შესწევდათ, წინააღმდეგობა გაეწიათ ძლიერი მტრისთვის, იარაღს ასხამდნენ შვილებს და ცოლებს… ლაშქარი შეტევაზე გადავიდა, შეებნენ ერთმანეთს, გააფთრებით იბრძოდა ორივე მხარე. კაპიტანი მიწაყრილზე მოკლეს, რომელზე ასვლაც მოესწრო. ცეხანოვსკი მაშინვე უკან მიჰყვა, ცეცხლში შევარდა, ავიდა მთაზე, უფრო სწორად გააზრებულად დადგა სასიკვდილო დარტყმის წინაშე, და ტყვიით განგმირული დაეცა, არ ვიტყვი, დიდების ველზე-მეთქი, – დიდება მას ზიზილპიპილოების ბრჭყვინვად მიაჩნდა, არამედ უბედურების ველზე, უბედურებისა, რომელიც ასე მრავლად არგუნა ბედმა… ო, ღმერთო! აჰ, პანი ცეხანოვსკი აღარაა ცოცხალი. მასთან ერთად ბევრი, ბევრი რამ დავკარგე, ეს ისეთი დარტყმაა, თითქოს ჩემი გული დაქვრივდა, მხოლოდ უკვდავების რწმენა მგვრის ნუგეშს.

 

 

 

 

1 2 3 4