შეთანხმება

 

,,ღმერთს არ სცალია, საყოველთაო ჰარმონიაზე მუშაობს ..” ლ.სტურუა

 

დღე საერთო პათოსში დგას.

იქნებ ამიტომაა უტანელი

იმ სიყვარულის განზოგადება.

როცა ლოკალურ შესაძლებლობებს ერთ ღმერთს უთანხმებ,

რომელიც ყველასია და რომელიც მოცდას გთხოვს,

მით უფრო მოთმენას,

მოსალოდნელი სიმშვიდე

განსაკუთრებულად შენი ხდება,

რელიეფური,

მაგრამ ისეთი შრომით

და ლამაზად ამოყვანილი უღრანებიდან,

დაგენანება,

თუ საყოველთაო ჰარმონიასთან კონტრასტში მოვიდა,

მაგრამ ესეც არაფერი,

იერი ისეთივე დამაჯერებელია,

როგორც მეგობრის განმარტება,

ამდენი ცა რატომ არ მოსწონს გარეგნობაში –

მკაფიო სიცივისპირულს აგონებს

და შენი ალაგ-ალაგ ნარინჯის სტრიქონები უადრესატოდ,

თითქოს სხვისი შვილები იყვნენ, ისე ებრალება.

ნამდვილი სიყვარულის შვილებს გაუმართლათ,

რომლებსაც ღმერთთან შეთანხმება არ დასჭირდათ,

თანდაყოლილი სითბოთი დაიბადნენ.

 

 

 

 

სიმარტივის მაგალითები

 

ხანდახან უნდა გამოსცადო

შენც სიმარტივის მაგალითები.

ვთქვათ, მარტივია –

ორმარცვლიანმა სახელმა

არითმიამდე მიგიყვანოს,

მერე მიამბობ შენთან

როგორ მოვიდა ღამე?

მოდი, ხმაც გამოვცადოთ,

ბგერებს ჩამოვეკიდოთ

და ვისაუბროთ

სხივების შეზღუდულ ჰარმონიაზე,

რომელსაც მართლა მოჰყავს წყვდიადი,

ხან უადგილო მოწყენილობაც,

თითქოს თვალები დაგეხუჭოს და

სრული სიბნელის საპირისპიროდ,

მაშინვე იხსნებოდეს ყველაფერი,

სადაც ჩვენ ვცდებით

საკუთარ თავს,

სინათლეს,

დროს…

და ვთქვათ, ჩვენს შორის

ნახევარი სამშობლოს ნაცვლად,

იყოს მხოლოდ ერთი ქუჩა გადასავლელი,

სადაც არავინ არ მოძრაობს

და შუქნიშანზე ენთოს ერთი ადამიანი,

და ის იყოს ჩემი მწვანე კაბისფერი,

რომლის ხის ღილები

შენი მარტივი თავსატეხია

და მისი ამოხსნის სიტყვები იქცეს იმ ქუჩის ანიმაციად,

სადაც ერთმანეთისკენ ვდგავართ,

ნაბიჯს ვერ ვბედავთ და ჩვენს შორის

კიდევ მეტი სიმარტივისთვის,

უჩვეულოდ ფერმკრთალდება ალეგორია.

 

 

 

 

1 2 3