* * *

 

შენ ალბათ გინდოდა შემმჩნეოდა მეტი სიცოცხლე,

მე კი, სულგანაბული ვიმახსოვრებდი თითოეულ კადრს,

შეხებას, სიტყვას,

რადგან სადაც სუნთქვა დაითვლება,

სადაც სისხლის მოძრაობაა,

სისხლის მოძრაობა სიცოცხლეს ნიშნავს სხეულში და

სიცოცხლეს კი თავისთავად სიკვდილი ებრძვის.

მითხარი, როგორ გავიბნეთ დროში,

რომ დროსვე გაუჭირდეს ჩვენი ერთად შეკოწიწება,

რომ მხოლოდ კოცნის ადგილას გვაგროვებდეს,

წარმოიდგინე, მხოლოდ ეს იყოს გადასალახი…

რომლის გავლის შემდეგ,

ისე მარტივია და ახალი –

უხმოდ გვიყვარდეს ერთმანეთი, ვიყუჩებთ.

მხოლოდ ქარმა იდარდოს

ჩვენი სივრცეში განაწილება,

შემოდგომის ქარმა იდარდოს,

მარადისობას რომ უხდება მწველი სიჩუმე.

და მეც, მერე cc-ში ღრუბლებს ვაგდებ

ყოველი შემთხვევისთვის,

რამეთუ წვიმით,

რამეთუ ქარით,

რამეთუ სპამით წერილი სადმე რომ დაიკარგოს,

ვიცი,

იქ,

ზემოთ,

ვინმე მაინც გადაიკითხავს.

კაცი, რომელმაც ჩემი ღიმილში შეყვანა შეძლო,

ხმოვნებზე ჩამოთვლილი გეგმებით

ღმერთს როგორ ვერ გააცინებს.

 

ამიტომ, ზოგჯერ სიცხადეში კინემატოგრაფია მეტია –

ჩვენს შორის მანძილზე მეტად,

დუბლების დგება პრიორიტეტი.

თუ შენი ბოჰემის ამპლიტუდა ტემპერამენტზე ადის?

კრიტიკულ მომენტებს,

რომელთაც ჩვენი საერთო დილის სუსხი აქვთ,

შეგნებულად შორს ვტოვებ

(ჟრუანტელი შორიდანაა მიმზიდველი).

და მერე, ასეა: ურთიერთობის ლირიკა კადრებზე მუშაობს,

მაშინ როდესაც ბევრი რამ უსცენაროდ,

უეცრად ხდება.

და მერე გიბარებ:

ვიდრე სულში შრიალს დაიწყებს

შენი ვიწრო სისხლძარღვებიდან წამსკდარი სიყვარული,

მე უხმოდ მოვალ.

 

 

1 2 3