სიმშვიდის შიში

 

თავს ვურიგდები,

უსიტყვოდ და დიდხანს

იოლად რომ ვერ გავალ.

წარმოვიდგენ,

როგორ გამოდის ტექსტიდან სიტყვა

და დარჩენილი მკვეთრი არყოფნით

წინადადებაც ჩერდება, მიცდის,

ისე, რომ შინაარსებს აჩუმებს გაუგებრობის,

კავშირებს კი, ზედმეტად ბევრის გაგების გამო.

 

თუ ყველაფერი უნდა დამთავრდეს,

მას არ უნდა უსწრებდეს დავიწყების

სწრაფი მორევი, ვინაიდან დავიწყებას

ვებრძვით თანდათან და დაწყებას

ფონეტიკური სიმცირით ვხვდებით.

 

ყველაფრის თავიდან დაწყება ნიშნავს,

წარმოვიდგინო სამყაროც,

მხოლოდ, უეცარი ერთი შეხედვით.

ეს იგივეა, მოვუდუნდე დღის ემოციურ სიმძიმეს,

ანდა, პირიქით,

ინტელექტუალურმა სილაღემ ამიტაცოს

და არ შემრცხვეს თვალის გახელის,

თვალის გასწორების,

თვალში ჩახედვის …

 

რად მინდა მუდამ თეთრი ფურცელი,

თუ ვერაფერს მიამბობს,

თვალს ისევ თუ ვერ მომჭრის,

აი, იმ დღესავით,

სინათლის გარეშე რომ ვერ მოდის და

ვაფორმებ დივერსიად გათენებისთვის.

 

მე კი მინდა,

ვინმე ისე იგვიანებდეს,

თითქოს ცხრა მთის და

ზღვის გზა ჰქონდეს გამოსავლელი.

ხმა იყოს დუმილის მსგავსი,

სიმართლის გამო და სწორედ ამიტომ

მკვეთრად მესმოდეს –

,,ჩვენ გვაქვს ტკივილი დედამიწაზე!”

და ვინაიდან არ იყოს მეტი გამოსავალი,

ერთმანეთის შეგრძნებას ვიწყებდეთ აბზაცით,

თითქოს შესამზადებელი სიფრთხილით.

და როდისღაც მივხვდეთ ამ სიფრთხილის ამაოებას.

და როდისღაც ისე ვიწამოთ ღმერთის –

“ღმერთი რომ დიდ ტანჯვას არ მიაყენებს,

მას, ვისაც მცირე ელდა ჰყოფნის, რათა დაფეთდეს”-

მე სწორედ ამ დროს მეშინია ჩემი სიმშვიდის.

 

 

 

1 2 3