სურვილები და სიამოვნებანი

 

  1. ადამიანი სხეულებრივად ტკბება როცა პურმარილს შეექცევა, მაგრამ ამ სხეულებრივ ტკბობას ემატება ესთეტური ტკბობა იმისდამიხედვით, თუ როგორია თვით ეს პურმარილი და როგორი გემოვნებითაა სუფრა გაშლილი.
  2. ესთეტური ტკბობა ისევე, როგორც ყოველი ტკბობა საერთოდ, პროცესია და, მაშასადამე, დროში მიმდინარეობს. ადამიანს ტანჯავს უმოქმედობა, ცარიელი დრო. თუ სხვა საშუალება არაა, იგი მიმართავს რაიმე მექანიკურ მოქმედებას, კუნთების მოძრაობას, ბოლთას ცემას.
  3. კაცობრიობა დასაბამიდანვე იღწვის და ჯერ კიდევ ხმამაღლა და გარკვევით არ უთქვამს, თუ რისთვის იღწვის, რა მიზანი ამოძრავებს, საით მიისწრაფის. ცხოველი უფრო ხშირად არის კმაყოფილი, ვიდრე ადამიანი; ანუ უფრო ზოგადად თუ ვიტყვით: ცხოველი მუდამ კმაყოფილია, ადამიანი კი – არასოდეს. ცხოველი მოკლებულია ყოველგვარ იდეალსა და მისწრაფებას, შესაბამისად მოკლებულია ბედნიერებასაც.
  4. ღორისათვის იმაზე მეტი კეთილდღეობა არაფერია, როგორც მაძღარზე ტალახში გორაობა. იგი არ იქნებოდა კეთილდღეობაში, მას რომ გააჩნდეს მენიუს გამრავალფეროვნებისა და მარმარილოს აბაზანაში განცხრომის პრეტენზია.
  5. როცა ადამიანი წყურვილის გრძნობას იკლავს, ეს მასში იწვევს სრულიად თავისებურ სიამოვნებას, რომელიც განსხვავადება, მაგალთად, დანაყრების სიამოვნებისაგან. თუ ადამიანს ძალიან სწურია, მაშინ წყალი მეტ სიამოვნებას მიანიჭებს, ვიდრე მაშინ, როცა ნაკლებად სწყურია. ან, თუ ადამიანს მინერალური წყალი ურჩევნია, მაშინ ეს უფრო მეტ სიამოვნებას მიანიჭებს, ვიდრე უბრალო წყალი. თუ წყალი ტექნიკურად ძნელი დასალევია, ეს ამცირებს სიამოვნებას.
  6. სიამოვნება რომ მხოლოდ მას შემდეგ იწყებოდეს, რაც ესა თუ ის მოთხოვნილება დაიკმაყოფილე, ასეთ შემთხვევაში მიზანი იქნებოდა, რაც შეიძლება მალე, მოკლე დროში დაიკმაყოფილო მოთხოვნილება, რომ მალე დაიწყოს სიამოვნება. მაგრამ, საკმარისია შევამციროთ სიამოვნებისთვის აუცილებელი მინიმალური დრო, რომ ამით შევამციროთ თვით სიამოვნებაც. ზოგჯრ დროის შემცირებამ შეიძლება უსიამოვნებაც კი გამოიწვიოს. ნაკლებ სიამოვნებას მიიღებთ, თუ ერთ ჭიქა წყალს დალევთ უცბად, ზომაზე ნაკლებ დროში.
  7. სიამოვნება იწყება მოთხოვნილების დაკმაყოფილების დასაწყისიდანვე და გრძელდება მოთხოვნილების დაკმაყოფილების დამთავრებამდე. ადამიანი სიამოვნებას განიცდის არა სადილის შემდეგ, არამედ სადილობის პროცესში. სადილობის შემდეგ სიამოვნებას მხოლოდ ინერციული ხასიათი აქვს, რაც მალე სუსტდება და ქრება. ამ სიამოვნების გაქრობიდან ვახშმობის დაწყებამდე უსიამოვნება კი არაა, არამედ ნეიტრალური მდგომარეობაა.
  8. უსიამოვნება იწყება მხოლოდ შიმშილის გრძნობის გაღვიძების მომენტიდან. რაც უფრო ძლიერია მოსალოდნელი სიამოვნება, მითუფრო დიდია ლოდინის უსიამოვნება.
  9. ცნობილია, რომ ლხინში ადამიანი მეტ სიამოვნებას ნახულობს, ვიდრე ჩვეულებრივი სადილის დროს, რადგან მთავარი ლხინით სიამოვნებაში ადამიანებით და მათი მოლხენით სიამოვნებაა.
  10. სიამოვნებაა თვითონ სიცოცხლე, მაგრამ იგი უჩინარი და უხილავია, სანამ შეფერხდება იგი. მანამდე მთელი ცხოვრების განმავლობაში, ისევე როგორც სუნთქვა, იგი არ განიცდება როგორც სიამოვნება. ადამიანი ცდილობს შეავსოს სიცოცხლე სხვადასხვა სიამოვნებებით. სუნთქვისა და სიცოცხლის სრულ დაპირისპირებას წარმოადგენს სქესობრივი აქტის მოთხოვნილება. სქესობრივი ტკბობა ყველაზე ძლიერი და მაღალი ინტენსიობის სიამოვნებაა.
  11. ყველაზე მეტი, რაც აქ ადამიანს შეუძლია სიამოვნების გაზრდისათვის, – ეს ისაა, რომ შეავსოს სხეულებრივი ტკბობა ესთეტური და ეთიკური ტკბობის ელემენტებით, ანუ აამაღლოს უბრალო ცხოველური აქტი ადამიანური ესთეტური და ეთიკური გრძნობის აქტამდე, სიყვარულამდე.
  12. სხეულებრივი სიამოვნებანი მხოლოდ უმნიშვნელო დროს ავსებენ და რაც არ უნდა ფუფუნებით ცხოვრობდეს ადამიანი, იგი მაინც არ იქნება კმაყოფილი თავისი ცხოვრებით.
  13. ქვეყნად “ჭეშმარიტება“ მეტია, ვიდრე “მშვენიერება“. “ჭეშმარიტება“ ყველაფერია, მაგრამ ყველაფერი არაა “მშვენიერება“. კიდევ უფრო ნაკლები ადგილი უჭირავს ადამიანის ცხოვრებაში, მის სულიერ ტკბობაში ზნეობრივი სიხარულის ანუ სიკეთის განცდას. სიკეთე უფრო ნაკლებია, ვიდრე მშვენიერება. დაგავიწყდება ჭკვიანური აზრი და დამატკბობელი, სასიამოვნო მელოდია, მაგრამ არასოდეს გაქრება შენს მეხსიერებაში თქვენს მიერ ან სხვის მიერ ჩადენილი სიკეთე.
  14. მაშასადამე, გარკვეულია ადამიანის ცხოვრების ძირითადი და არსებითი შინაარსი.
  15. ხსოვნა არ ნიშნავს ტკბობას, მაგრამ სულიერი სიამოვნება არის კვლავგანცდის სიამოვნება. მე რომ გუშინდელ ძვირფას პურმარილს ვიგონებ, ამით მცირე ინერციით კიდევ ვტკბები, მაგრამ მთელი სიამოვნების კვლავ განცდისათვის მისი განმეორებაა საჭირო. ხოლო ამ პურმარილის დროს ცეკვა-სიმღერით და მშვენიერი ხალხით ტკბობას რომ ვიგონებ, ამ ტკბობის ხელახლა განცდა შემიძლია მათი რეალური განმეორების გარეშე.
  16. სულიერი სიამოვების უმაღლესი სახის – ზნეობრივი სიხარულის ხანგრძლიობას განაპირობებს არა უბრალოდ ხსოვნა იმისა, რომ შენ ერთ დროს სიკეთე ჩაიდინე, ან სხვამ სიკეთე ჩაიდინა, არამედ საკუთარი ადამიანური ღირსებისა და თავმოყვარეობის პერმანენტული განცდა. ეს განცდა არასოდეს არ ქრება, არ სუსტდება, არ უფერულდება. უფრო მეტიც, იგი დღითიდღე იზრდება, ვითარდება და ადამიანისაგან მოითხოვს სულო ახალ და ახალ სიკეთეს.
  17. ბოროტებაც, ისევე როგორც სიკეთე, თოვლის გუნდას ჰგავს, თუ მას დროზე არ შეუშალეს ხელი.

 

2022

 

 

აქ ყვავილები სიყვარულის ემბლემაა

 

შენ ვერ მიყიდი სიყვარულს, მაგრამ ყვავილების შეძენა ყოველთვის შეგიძლია. მხიარული და ინფანტილური კაპრიზი ყოფილა: “მიყიდე სიყვარული”. გამორჩეული ეს კაფე მართლაც ბევრი რამით აღმოჩნდა: ინტერიერის დიზაინი ათასგვარი სახეობის მცენარით არის შედგენილი.

ხის სადა თაროებზე მომცრო ქოთნებში ჩამწკრივებული მცენარეები მყიდველს უცდიან, იქნებ ლანჩის მერე ვინმემ მათი სახლში წაყვანა გადაწყვიტოს. იმდენი სიმწვანეა, რომ შენს გვერდით მდგარი მოზრდილი ხე შეიძლება ვერც კი შეამჩნიო.

ზაფხულში კი სასიამოვნო სიურპრიზი უნდა იყოს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მსუბუქ, ჯანმრთელ და უბრალო საკვებს ანიჭებს უპირატესობას.

ლანჩზე სამი სახეობის სენდვიჩი შეგიძლიათ ამოირჩიოთ: ტრადიციული BLT შესანიშნავი შვეიცარიული ყველით და ლორით, რომელიც საკმაოდ ნოყიერი საკვებია, მაგრამ ორგანული პროდუქტების და ადგილზე გამომცხვარი ფუნთუშის ხარჯზე აქ ის საკმაოდ ჰაეროვანი და გემრიელი გამოდგა. ასევე აქვთ სენდვიჩი შებოლილი ორაგულით და ტოსტი ყველით და ლორით, რომელთაც თეფშზე ზეითუნის ზეთით შემკული ორნაირი სალათის ფოთლები უმშვენებს მხარეს.

ჩაი შეგიძლიათ მოითხოვოთ, როგორც ჩაიდნით, ასევე ფინჯნით. თუ დესერტს გადაწყვეტთ, ეს არჩევანიც მდიდარია: ჩიზქეიკი, ბრაუნი, ვაშლის პეროგი ან სეზონური ხილი და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც საკმაოდ იაფი ღირს და 5 ლარს არ სცილდება.

მუსიკა დაბალ ხმაზე ჩართული მსუბუქი ჯაზია, ერთ-ერთ კედელზე ჟურნალის რამდენიმე შავ-თეთრი ფოტოც არის მიმაგრებული და იქვე სინემატიკის კატალოგიც დევს მაგიდის კუთხეში, როგორც  საპირისპირო დეტალი მთელი ამ არასინთეთიკური მშვენიერების. და აქ ყვავილების თაიგულებიც იყიდება.

2013

 

 

 

1 2 3 4