ხმა

 

შენ ხარ ლოტოსი, ქარიშხალი ვერხვის ფთილების,
დიდი ფიფქი ხარ და ვარდივით ვერსად გეცლები,
დილის ცრემლი ხარ, ახლა ვიცი დანამდვილებით
რომ შენს კედელზე ღამესავით ავიქერცლები.

შენს სამოსს უცებ მივამსგავსებ ნეკერჩხლის წითელს,
დაგხატავ სისხლით, მოვალ ახლოს შენი ლანდივით,
ვხედავ შენს სახეს მზის მაგივრად, გრძელ და თლილ თითებს
და ასე ვიგრძნობ რომ გული მაქვს ამოვარდნილი.

შენს დანახვაზე ვარდებივით ვიწყებდი ხასხასს
და მერე შენი ბაგეების წითელს ვიტყობდი.
ჩემი ხმა შენსკენ გადაფარავს ხმას მრავალ ათასს-
სამყაროსხელა აღტაცებით და უსიტყვობით.

 

 

ადრეული ზამთარი

                      მეგობრის ხსოვნას

ზამთრის წინ ვარდი  დაიკოკრება
და ინათებენ ყვითლად გოგრები,
გულში სხივების ცდილობ მოკრებას,
თვალნათელ ბავშვებს ემეგობრები.

სერზე გადიფრენს საფლავის ყვავი,
ენაჭარტალა და მესოფლია.
შენ კი გახარებს სიმინდის ხვავი,
სავსე მტევნებიც შენი ოფლია.

დილით აღარ ჩანს დავითოული,
ბნელ ველზე დგახარ სანთელჩამქრალი,
შენ წინ ყელამდე არის თოული,
ფეხქვეშ ვარდება დიდი ნაპრალი.

შენთვის არასდროს მოვა მაისი,
ვარდებს არავინ აგიბრიალებს,
შენ გიცდის მხარე არარაისი,
იქ სისხლი წვეთავს, დანა პრიალებს.

ქარი ვარდებზე ცდილობს დაშვებას,
ვტირი, ბავშვები რომ არ გამშვენებს,
ჰე, მეგობარო ჩემი ბავშვობის,
შენი ფანჯარაც ამოაშენეს…

 

ქეთი

 

ქეთი, ქარია შორი აქედან,
ქედს რომ გადუფრენს თეთრი ქედანით,
დანისლულ დღეთა ფორიაქიდან
გულს ძირს დახრიან ახალბედანი.

სანამ მზემ, ქეთი, დღე გაანათა
გულანთებული ჩანს ორქიდეა,
არის კრიალი ვერცხლის დანათა,
ჩემი სიცოცხლე ბნელის კიდეა.

შენი მშვენების დანაშაულის
სასწაულია ვარდთა დაცვენა,
მერე შენს თვალებს მზე გადაუვლის,
მზე, ჩვენ რომ ღამით აღმოგვაცენა.

უფალს შეასმენს, როს ღაღადებას
საღამოს ქარის გრილი საყდარი,
მთვარით ვარდების გაღადღადებას
აღარ შეხედავ შენ, გულგამტყდარი.

ჯვარის გზა არის არუნარეკლო,
გულში არეკლე ლია, რახელი,
რა მაღალია, ხედავ, სამრეკლო?!
რა მაღალია უფლის სახელი!

 

 

 

1 2 3 4