ბნელი კედლები
                                      თენგო თარაევს

შენი ხელები ეძებენ სახეს
და ეხებიან კედლებს ცარიელს,
კედლებზე ხედავ სიბნელის ნახევს-
შენი სიზმრების ცის დასალიერს.

კართან ბავშვების ხმები შეგათრობს,
შენ ჯავრობ, კარი რომ არ იღება.
დიდ გულში მათი სინათლე გათბობს,
გინდა შეხედო მათ გაღიმებას.

როგორ სრულდება შენთვის ეს ღამე,
ეს მოდივილი და მიდივილი,
გინდა, ჭიქაში ღვინოს გისხამდნენ,
ისევ მოგესმას მამლის ყივილი.

უცებ მეზობლებს ამოაქვთ კუბო
და შენი კარი უხმოდ იღება,
თითქოს სხვის, უცხო სახლში შედიხარ.
გიკვირს უშენოდ კედლებს ღებავენ,

უყურებ შვილებს ვერავინ გხედავს
და გიკვირს არვინ არ შემოგხარის,
თან ეჭვის თვალით გახედავ დედას,
აი, მისკენაც გადაიხარე.

მისი თავსაფრის ფერს შეერიე,
ისევ მიდიხარ ხელში შვეულით.
მაღაზიებში უქმად დადიხარ
და ნათელ ფერებს ვეღარ შოულობ.

ებოდიშები სახლის პატრონებს,
დღესაც ფერები რომ ვერ იშოვე…
გაწუხებს მათი ბნელი კედლები,
გინდა დაფარო მათი სიშავე.

 

 

 

ბაბუაწვერა

მალხაზ მაჭავარიანს

გაჰყევ გაფრენილ ბაბუაწვერას,

მოზეიმე და იაფანტია,

იხდენ საფლავის იაფ წარწერას,

გმოსავს დაისის გრძელი მანტია.

აღარ გაქვს შიში გაბმული ხველის,

დიდი წყვდიადის აბრაკადაბრის,

გახსოვს ბილიკი გაშლილი ველის,

სად სინათლეში ბავშვი გადარბის.

მიმქრალ თვალებში დგას უძილობა,

ბავშვმა წყლის ჭიქა შენსკენ მოწია,

ღამე იზრდება შენი ჭრილობა,

გედება ხავსი და ბოწოწია.

 

 

* * *
ასისინდები ლეთით, უნასით,
კრთება ნაფლეთი ბინდის, წრუწუნა.
აქ ვარსკვლავებით ასიათასით,
ბავშვმა სიზმარში დაიწუწუნა.

ქარში ანათებს სიზმრების მარში:
მთვარის არშია და ქრიზანთემა,
ქარი ჩაწყნარდა, ბოლოს სიზმარში,
მზესუმზირების ჩაქრა ნათება.

 

 

 

1 2 3 4