დრო

 

თუ მაღალ ნაძვზე ჩიტი გალობს, ხე იზრდის რგოლებს,
ვარდი კი თავის წიაღიდან მოგრაგნის ფურცლებს,
ანათებს ვარდი უცნაურად, თავის ჟამს მოლევს,
იანვარს ხვდება და მის ფიფქებს იმშვენებს, უძლებს.

ნეტარ არს კაცი, ვინც გაბედა, შეერთო უკუნს,
ასვეტილ ნაძვებს, მის ჩიტის ხმებს, სიმშვიდეს სუდრის,
იქ სიზმარიდან გუგულივით იძახის გუგ-გუს,
სადაც ნათელი და უკუნი ერთმანეთს უდრის.

მიმძიმს სახურავ გადახდილი სასახლის სევდა,
ამოვარდნილი ქარი იქაც განაგრძობს წიწინს.
გარეთ ყრუ ქარი ხმაურობდა, ცივ ფოთლებს რევდა,
ვიღაცა მოკვდა და საფლავში ჩასვენდა ციმციმ.

 

 

 

უძილობა
                             შოთა იათაშვილს

ყვავებს მიჰქონდათ სიყრმის სოფელი,
ყვაოდა ვარდი დიდ ხის ნაპობთან,
როგორც სიმღერა შეუწყობელი
დედა სიზმრებში ლაპარაკობდა.

ვიწექი ასე ღამით თვალღია,
მესმოდა ლესვა დანის პირების,
მამა მეძახდა ამ დროს მაღლიდან,
იმედი ჰქონდა გადაბირების.

 

 

ქარი

გარეთ ახლა სხვა მტრედების ღუღუნია,
გარეთ ახლა ქარი გრძელ თმებს გაიშლის,
ხის ტოტები ქარებს გადაუღუნია,
ცას ეტყობა მოლოდინი ქარიშხლის.

ბნელ სიზმარში გაიელვებს გულთან დანა,
ვიღაც დაისს კვლავ მიადებს საფეთქელს.
არ სრულდება უკუნეთის სულთათანა-
სხვა ვარდები იშლებიან აქეთკენ.

 

 

 

1 2 3 4 5