თოკის კიბე

მე ვყვებოდი ამბავს ადამიანზე,
რომელიც თოკის კიბეზე ადიოდა
და ტანს იყრიდა…
ტანს იყრიდა და ძირს
სიტყვებს ყრიდა ქვებივით,
პურის ნამცეცებივით
და, როცა თვალებს
ძირს ხრიდა
ამბობდა –  ამინ …

მე ვყვებოდი ამბავს ადამიანზე,
რომელიც თოკის კიბეზე ადიოდა,
მაგრამ, არავინ იცის:
სად?
რატომ?
რისთვის?

ტანს იყრიდა ადამიანის ცხოვრება
და ცხოვრებისგან დარჩენილი
ნამცეცები
სიკვდილს მიჰქონდა
თავის კარავში,
სადაც ფანარი ისე ბჟუნტავდა,
როგორც ადამიანში ფარისევლობა…

მე ვყვებოდი ამბავს ადამიანზე,
რომელიც სანიშნედ ცხოვრებაში
უმეცრებას დებდა…

მე ვყვებოდი ამბავს ადამიანზე,
რომლის ცხოვრებაც
ხელებს აცეცებდა
და სანამ ადამიანის
წელზე დღეებს ისვრიდა,
უხაროდა, ხან თავდაყირა
ეშვებოდა, მისი ჩრდილიდან…

***
გუშინ, ჩემი მოძღვარი შემხვდა. პალტო შემიქო.
გადავეხვიე. დედა გარდამეცვალა, გუშინ დავკრძალეო.
განვიცადე… მივუსამძიმრე….
გადავეხვიე და ვუთხარი, მამაო – ვმრუშობ,
ვლოთობ, ღმერთს ვერ ვხედავ, ვერ ვპოულობ და,
თუ ვხედავ, თითქოს დავცინი…

გუშინ, ჩემი მოძღვარი შემხვდა. პალტო შემიქო.
ჩემს თითებზე ბევრი ბეჭედი არ მოეწონა…
მას, ჯვარი ისე უხდებოდა…
გადავეხვიე და ვუთხარი, მამაო – სიყვარული არ
შემიძლია… ვფარისევლობ… ლექსებს ვწერ…
საკუთარ სულს ვანგრევ და მტვერს ვინც ყლაპავს,
ჩემი სიკვდილია…
გუშინ, ჩემი მოძღვარი შემხვდა. პალტო შემიქო….
გადავეხვიე. ვკითხე, მამაო – იქ, რა მოხდება?


შეურიგებლობა

ტოტებს ქარისას არ გადაჰყვე –  არც სმას, არც ცხოვრებას,
არც ამ სიცხადეს…
დაიმახსოვრე, თუ გინდა
,,ადამიანს კენწერო, რომ ჰქონდეს,
იქიდანაც პირველი თვითონ ჩამოვარდებოდა,
როგორც ახლა უკენწეროდ მყოფი და მყიფე ვარდება კლდიდან…,,

გადადე ფრენა , მაგრამ სიყვარულს ნუ გადადებ…

არ იხმაურო..
არა იმრუშო..
არა იპარო…

ხიდან ნაყოფი ჩამობერტყე,
დღიდან სიზარმაცე…
ციდან ღრუბლები…
ფოთლიდან მზის სხივი…

შორს გაიხედე…
ფანჯრიდან არა – უიღბლობიდან…

პური გაახმე და დააპურე
მშვენიერება, რომელიც
უშენოდ შრომობს…

პური დაალბე და დააპურე
შიში, რომელიც შენში
გაშენდა, როგორც
ალუბლის ბაღი
სიტყვაში…

ტოტებს ქარისას არ გადაჰყვე…
ალღო აუღე…
პერანგის ღილების შეკვრას
რომ მორჩები ღმერთი ადიდე…
თუ დაიღლები
არ დაამთქნარო…

ტოტებს ქარისას არ გადაჰყვე…
ალღო აუღე…

,,ღვედი შეიკარი
ქარი ჯდება
თვითმფრინავივით…,,


***
დედა, ლოცვისთვის პირი საით ვიბრუნო?
სიტყვა თვალივით, როცა დამეწვება, როგორ
გავიგო?
ამ ცხოვრებას, თუ გამოვეპარები,
საით წავიდე?

პურის ნამცეცის ზომის არის, ჩემში სიყვარული.
როგორ უნდა ვიცხოვრო?
როგორ უნდა მოვკვდე, ასე მშარალი, ასე უსიყვარულო…

დედა, ზამთრისთვის პირი საით ვიბრუნო?
ხელში, როცა ის დღე ჩამაკვდება,
როცა მიყვარდა, როგორ ვიტირო?
საკუთარ სულს რომ გამოვტეხავ
სინამდვილეში, როგორ გავიცნო
ის, ვინც მარტოა ჩემს გულის გულში
და წარსულს ებრძვის…

***
კერუაკის გზაზე მივდიოდი

და ოშო შემხვდა,

ოშომ მდოგვის მარცვალი

ხელის გულზე დამიდო

და გაუჩინარდა.

მე მდოგვის მარცვალი

ხელში ვათმაშე

მერე, სადღაც ვისროლე

და გზა გავაგრძელე.

მდოგვის მარცვალი

ნელ-ნელა შენს

გულში გაიზარდა…

გზაზე მივდიოდი და ფოლკნერი

შემხვდა, მან მითხრა,

ან იხმაურე,

ან გამძვინვარდი…

მე ვიხმაურე…

გზაზე ჰანს შნირი შემხვდა,

ჰანსმა კლოუნის ნიღაბი

სახეზე მომარგო  და გაუჩინარდა.

მე ნიღაბი მოვირგე, გავიღიმე,

გზა გავაგრძელე და შენ დამეკარგე…

,,შენი სამყარო მოეწყო ჩუმად…,,

გზაზე მივდიოდი და ტრამალის მგელი

შემხვდა,

ტრამალის მგელმა ჩემი სული

ჯიბიდან ამოიღო, შენი ქარიშხლის

ყუთში ჩადო  და მიწაში ჩაფლა…

,,მე და შენ, ჩვენი ჩრდილები ერთმანეთს

შევუნახეთ…,,

გზაზე მივდიოდი და ადამიანი შემხვდა,

ადამიანმა მითხრა:

შენი სიკვდილი, ალუბლის ხის

ერთ ფოთოლზე დევს

და როცა ნიავი დაუბერავს…..

გზაზე მივდიოდი და ადამიანი შემხვდა,

ადამიანმა მითხრა:

შენი სიცოცხლე მის თითებშია მოქცეული

და როცა შენი თითები მისას შეეხება

ერთად მოითმენთ, რასაც იცოცხლებთ….

გზა გავაგრძელე და

დიდი ინკვიზიტორი შემხვდა,

დიდმა ინკვიზიტორმა

საპყრობილეში ჩამსვა.

ახლა საპყრობილეში ვზივარ,

შენს ვარსკვლავებზე

და შენს სიჩუმეზე ვფიქრობ,

თან მცივა და თან პირი მეთუთქება

მარტოობით….

***
მოდი დავიწყოთ ასე…
არის კაცი და არის ქალი…
წვიმიანი დღეა…
ქალს ლამაზი საგაზაფხულო კაბა აცვია.
კაცს გახამებული თეთრი პერანგი.
საღამოა…
ორივე სახლში უნდა წავიდეს
და იმ მარტოობაში უნდა ჩაიკარგონ,
რომელიც დიდიხანია გაუმწვავდათ…
გოგო ჯერ კუთხის წიგნების მაღაზიაში
შედის და სასიყვარულო რომანს არჩევს…
კაცი ვისკის ყიდულობს
და ფიქრობს, რომ დღის მარტოობას
და იმედგაცრუებას სასმლით განიქარვებს…
აქ, ჯონ კოლტრეინის  მუსიკაა
საჭირო…
ვთქვათ In A Sentimental Mood
კაცი გზაჯვარედინზე გადასვლას
ჩქარობს …
ქალი შუქნიშანთან დგას…
ისინი ერთმანეთს ვერ ხედავენ…
ვიღაც ყვირის:
,,მოდით იმედგაცრუებულო ადამაიანებო,,

პადრე გვისმინე

,,ჩვენ არ გვქონდა ფრთები, არც ამბავი,
არც მიზანი, აღარც ოცნება…
ჩვენ გვქონდა სახლი – მასტიკის სუნით გაჟღენთილი,
თითქმის ცარიელი,
მხოლოდ რადიო შხრიალებდა…,,

იატაკზე ვისხედით და პურის
გულში ცრემლებს ვამლაშებდით…
გამომწვევად ჩაცმულ დუმილს
ვერ ვხედავით და წინაგანგებულების
ქინძისთავით  დაჩხვლეტილ
თითებს,
ქვის ქვეშ ამოდებული წერილებით
ვითბობდით,
რომლებსაც წაკითხვის
შემდეგ, მალევე ვწვავდით
და წყალსაც ვათბობდით…
ვინ გვწერდა წერილებს?
არც არავინ,
ან ის, ვინც გრძნობდა,
რომ
განსაცდელი არის პური
და პურის ჭამა არის ცხოვრება….
გახსოვს,
აწონილ მიწას
ლექსებს რომ  ვაწერდით…?!
ჩვენ დღეებს ასე ვაყალბებდით…
პადრე, ხომ გვისმენ?!
პადრე, ხომ გესმის?!  …
ფრთები გვინდოდა…
თვითმფრინავი…
პარაშუტი…
ღრუბლის არეში…
მზის არეში…