სხვადასხვა სიტუაციაში, გამომდინარე იქიდან თუ სად ვიმყოფებით და ვისთან ერთად, ვირგებთ სოციალურ ნიღბებს და ვმოქმედებთ მათი ნარატივებით. სამსახურში სხვა ტიპის იდენტობას ვატარებთ, მეგობრებთან სხვა, მშობლებთან კიდევ სხვა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, თუ როდის ვართ ყველაზე ახლოს საკუთარ ავთენტურ მე-სთან, როდის ვიხსნით სოციალურ ნიღბებს და ვიწყებთ სიმართლის ლაპარაკს.

თუ გადავხედავთ სტენლი კუბრიკის ფილმოგრაფიას, დავინახავთ, რომ მისთვის ადგილი, სადაც ადამიანები ყველაზე გულახდილები, გულწრფელნი და საკუთარ რეალურ სურვილებთან დაახლოებულნი არიან, გახლავთ ტუალეტი. „მექანიკურ ფორთოხალში“ ალექს დელარჯი წარსულში მისივე ძალადობის მსხვერპლის სახლის აბაზანაში გაამხელს საკუთარ ვინაობას, როდესაც Singin’ in the Rain-ის მელოდიის მოტივის სტვენას დაიწყებს.

„ფართოდ დახუჭულ თვალებში“ დასაწყისშივე ვაწყდებით ტუალეტის სცენას, სადაც მარტივი ინტერაქციით ვხვდებით თუ რა მდგომარეობაშია მთავარი პერსონაჟების, ბილის და ელისის ქორწინება, რომ ის გარდაქმნილია ავტომატური ინტერაქციების კასკადად. მოგვიანებით, კიდევ ერთ სცენაში, რომელიც აგრეთვე საპირფარეშოში ვითარდება, ვხედავთ ბილის მეგობრის, ვიქტორ ზიგლერის რეალურ სახეს, რომელიც სექსმუშაკის ზედოზირების ფაქტის გადამალვისთვის (საკუთარი ავტორიტეტი რომ საჯარო თვალში არ შებღალოს) ყველანაირ მზაობას აცხადებს.

Full Metal Jacket-ში გარდამტეხი სცენა რასაკვირველია ისევ ტუალეტში თამაშდება, როდესაც რიგითი გომერ პაილი, რომელიც მუდმივი დამცირების და ბულინგის მსხვერპლი იყო საჯარო ნაწილში, ცივილური ადამიანის პალტოს გაიხდის და ინსტინქტების კარნახით დაიწყებს საკუთარი სურვილების განხორციელებას, გამოააშკარავებს დაგროვილ ბრაზს და რეპრესირებული ადამიანიდან იქცევა ოპრესორად, რომელიც თავის მჩაგვრელზე აღმართავს იარაღს.

და ნუ რა თქმა უნდა „ნათება“, სადაც ფილმის ყველა მნიშვნელოვანი ეპიზოდი ტუალეტში ვითარდება და რომელიც ალბათ ყველაზე ცნობილი და დასამახსოვრებელი სცენაა, რაც ოდესმე საპირფარეშოში გადაღებულა. მთავარი პერსონაჟის, ჯეკ ტორენსის ცნობიერების ანატომიას სწორედ ამ სივრცეში ვაკვირდებით, იქ ვიგებთ სასტუმროს წარსულზე, მისი მობინადრეების დანაშულებრივ ქმედებებზე და ტორენსის ფარულ ვნებებზე. ერთი სიტყვით, კუბრიკისთვის ტუალეტი არის სივრცე, სადაც საკმარისად უსაფრთხოდ ვგრძნობთ თავს იმისთვის, რომ საკუთარი რეალური მოტივაციები წარმოვაჩინოთ. თუმცა ჩემთვის ანალოგიური სივრცე კინოთეატრია. კინოდარბაზში, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ყურება კოლექტიურ აქტს უფრო ჰგავს, შეკრებილი ადამიანების სიმრავლის გამო, საბოლოოდ სწორედ ის ადგილია, სადაც რჩები მარტო შენთვის უცნობ გარემოებებთან. როდესაც შუქები ქრება და ეკრანზე ფანტომები ცოცხლდებიან, აღარ არსებობს სხვა, ხარ მხოლოდ შენ და ფილმი. რასაკვირველია საუბარი არაა პოპულისტურ კინოზე და ისეთ სეანსზე, რომელზეც შეყვარებულთან ერთად მიდიხარ ან მეგობართან, რომელთანაც საუბარს არ წყვეტ.

კარგი ფილმი გვაყენებს ისეთი სიტუაციების წინაშე, რომლებიც შესაძლოა არასოდეს გამოგვიცდია და არ ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ ცივილურად მსგავსი მოვლენის დროს. ფილმში არ ვიცით როგორ მოიქცევიან მოქმედი პირები, როგორ განვითარდება ისტორია და რა ნოტაზე დაასრულებს მას რეჟისორი. ამიტომ, გამოწვეული რეაქციები მაქსიმალურად ახლოსაა ჩვენს ავთენტურ ფსიქოპორტრეტთან. წიგნის კითხვის დროს იგივე კონდიციაში ვერ ვექცევით, რადგან ავტორის აღწერილი გარემოებები საკუთარი გონებით უნდა გავაცოცხლოთ და ასეთ დროს, ჩვენთვის უფრო მაამებლური შეგვიძლია გავხადოთ წაკითხულის ვიზუალური რეპრეზენტაცია.

თუმცა საპირისპიროა კინო, სადაც მოყოლის ნაცვლად, გვიჩვენებენ და მხოლოდ პირდაპირი რეფლექსიის შესაძლებლობა გვრჩება. რაზე გვეცინება, რას განვიცდით, როგორ პეროსნაჟს ვუთანაგრძნობთ, როგორი სიტუაციების მიმართ ვართ გულგრილი ან ემოციური, ამ ყველაფრის პოსტფაქტუმ დაკვირვება საკმარის ინფორმაციას გვაძლევს საკუთარი ფსიქოპორტრეტის შესახებ. კინოთეატრის ინტიმს, პლუს ფილმის ფსიქოლოგია, უდრის თვითგამორკვევის მეცნიერებას. ამიტომ, კარგი იქნება თუ ხშირად ივლით კინოში და ამას გააკეთებთ არა სოციალიზაციის, არამედ საკუთარ თავთან დაახლოების მიზნით.