როგორ შეიძლება დავახასიათოთ კინოთეატრში ფილმის ყურების გამოცდილება? პირადად ჩემთვის, კინოდარბაზში ფილმის ყურების აქტი ყველაზე მეტად სიკვდილს გავს. უფრო სწორად, კინო ის მოცემულობაა, რომელსაც შეუძლია, დაგამეგობროს წარმავლობის მდგომარეობასთან. კინოდარბაზში შენს ირგვლივ ადამიანები სხედან, ნაცნობები თუ უცნობები, ანუ ფიზიკურად მარტო არ ხარ, თუმცა გამოცდილება, რომელსაც სეანსისას იღებ, მარტოსული ბუნებისაა, რადგან მხოლოდ შენ გეკუთვნის, ერთადერთობის განცდას გინერგავს, რადგან ეკრანზე მიმდინარე მოვლენებს ყოველი მაყურებელი განსხვავებული ემოციური სპექტრით და თემატური ინტერპრეტაციით არეგისტრირებს გონებაში. ჰიპოთეტურად რომ მივუდგეთ, გარდაცვალების მდგომარეობაც მსგავსია, შესაძლოა ხალხით იყო გარემოცული, ნაცნობებით თუ უცნობებით, მაგრამ ყოველი მათგანისთვის განსხვავებული გამოცდილება იქნება სიცოცხლის გაქრობის მომენტთან თანაზიარი ყოფნა. პირობითად არ იქნები მარტო, მაგრამ საკუთარ გამოცდილებასთან იქნები სრულ იზოლაციაში, სიკვდილის წინა გონებრივ მდგომარეობას ვერავინ გაიზიარებს. ამ მხრივ, ვთვლი, რომ კინოდარბაზში ფილმის ყურება, სიცოცხლეში სიკვდილის მდგომარეობის გამოცდილებასთან დაახლოების საუკეთესო საშუალებაა.

მეორე მხრივ, ვთვლი, რომ კინოთეატრი ლიტურგიის აღსრულების თანამედროვე სივრცეა. როგორც ეკლესიაში, ღვთისმსახურების დროს, ისე დარბაზში, კინოსეანსის მიმდინარეობისას, ჩვენ წინ ჩნდება ფანტომური ბუნების ხატება, რომლის მიმართ ყველას ინტიმური განწყობა და დამოკიდებულება გვიყალიბდება. როდესაც მაგალითად ბერგმანის „მეშვიდე ბეჭედში“ შავებში გამოწყობილი პერსონაჟი ამბობს, რომ სიკვდილია, ამას უპირობო ჭეშმარიტებად ვიღებთ და მისდამი დამოკიდებულებაც ამ რწმენის მიხედვით გვიყალიბდება. კინოში, ისევე, როგორც ეკლესიაში, გვეძლევა შესაძლებლობა ფანტომებში დავინახოთ ჩვენი სურვილები, შიშები, ფარული ვნებები… მათ დავუტოვოთ, ან მათი ქცევის ინტერპრეტირებით გამოვხატოთ საკუთარი ქცევა რეალურ ცხოვრებაში. კინო გვიყვება ისეთ სიტუაციებზე, გვიჩვენებს ისეთ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და ფიზიკურ კავშირებს, რომელიც შესაძლოა ჯერ არ გამოგვიცდია ან საერთოდ ვერასოდეს გამოვცადოთ, მაგრამ გვაძლევს საშუალებას დავუახლოვდეთ ამ მდგომარეობას.

კინოში, ეკრანზე პროეცირებული გამოსახულების მიმართ რეაქცია კოლექტიურია, აუდიტორია ერთად იცინის, ერთად ითრგუნება, ერთად განიცდის, მაგრამ ამის პარალელურად, კოლექტიურ აქტივობაში ჩაბმის მიუხედავად, ვრჩებით მარტო და ვსწავლობთ მარტოობას, სამყაროზე რეფლექსიას, რასაც ფილმის დასასრულს ერთმანეთს ვუზიარებთ, საერთოობის განზომილებაში ვბრუნდებით. დღეს კინოში სიარული ძირითადად სამომხმარებლო აქტივობადაა გარდაქმნილი. მივდივართ ფილმის დაწყების წინ და დასასრულების შემდეგ ვტოვებთ შენობას. ძველი წერილების კითხვისას ფრანგულ სინემატეკზე თუ მსფოლიოს სხვადასხვა კინო სალონებზე, ყოველთვის მღელვარებით ვივსები ხოლმე, რადგან იმ ჯადოსნურ სივრცეში ვხვდები, რომელიც ჩვენთან გაფერმკრთალებულია, გარემოში, სადაც ადამიანები სეანსის შემდეგ იქვე რჩებიან და ერთმანეთში საუბრებით აგრძელებენ ფილმს, ახალ განზომილებას მატებენ მას, ავტორებს ხვდებიან, რომლებიც საკუთარ დაკვირვებებს და ემოციებს გულუხვად უცვლიან ერთმანეთს.

ყველაზე ახლოს და ყველაზე დამაჯერებლად მეტაფიზიკურ მდგომარეობასთან, იმის შეგრძნებასთან, რომ რაღაც დიადის, საკუთარ თავზე მნიშვნელოვანის ნაწილი ხარ, კინოს მივყავართ. მაგალითად, რელიგიას შეუძლია ნუგეშის მოცემა: არსებულზე უკეთესი ცხოვრების დაპირება და კომუნალურობის შეგრძნების მონიჭება, რომ ყველანი არა განსხვავებულები და უცხონი, არამედ მსგავსნი და ახლონი ვართ – ეს პარადიგმა რელიგიაში ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. კაპიტალიზმს არ უწარმოებია მსგავსი რამ, არ შეუქმნია არაფერი, რაც რელიგიას ჩაანაცვლებდა, რის ირგვლივაც ხალხს გააერთიანებდა და იმედის, სიმშვიდის პერსპექტივას შეუქმნიდა. ამის ალტერნატივა ვერც ფილოსოფიამ შექმნა, მიუხედავად მრავალი მცდელობისა. არც ლიტერატურა გამოდგა ამისათვის თვითკმარი მედიუმი. თუმცა შეიქმნა კინო, პასუხი ადამიანის იმ მოთხოვნაზე, რასაც ფანტომებთან კომუნიკაცია შეგვიძლია ვუწოდოთ. ადამიანს მისტიურობის ბუნება დასაბამიდან უდიდეს ინტერესს უჩენდა, საკუთარი ეგზისტენციის გამართლების თუ მისი მნიშვნელობის გაზრდისათვის საჭირო და აუცილებელ მედიუმად ევლინებოდა. კინოზე მისტიური კი ჯერ-ჯერობით სამყაროში არაფერი გამოჩენილა, ის ერთბაშად არის ფიზიკური და ტრანსცენდენტალური მოგზაურობა, მრავალფეროვანი გამოცდილებების შეძენის წყარო, განზომილება, სადაც ყოველგვარი ფანტაზია ცოცხლდება, ადგილი და მდგომარეობა, სადაც საერთოობის განცდა მარტოობაში გამოიცდება.

კიდევ დიდხანს შემიძლია აღმატებული ფორმით ვისაუბრო კინემატოგრაფზე, თუმცა დღევანდელი ჩემი სათქმელი მაინც ერთ კონკრეტულ დებულებამდე დაიყვანება. ნუ გავცვლით სახლის მოჩვენებით კომფორტზე კინოდარბაზებს, რომლის კედლებშიც შესაძლებლობა გვეძლევა საკუთარი თავი უკეთ გავიცნოთ, გართობის ახალი ნარატივი შევქმნათ, რომელიც ყოფიერებაზე დაკვირვებით და ამ დაკვირვების ინტერაქციაში გადატანით, უფრო მეტ საერთოს გაგვიჩენს ნაცნობ-მეგობრებთან, ძალდაუტანებელი კომუნიკაციის საშუალებას შექმნის უცხო ადამიანებთან და გაგვაერთიანებს პოზიტიური გამოცდილების, კინემატოგრაფის ირგვლივ. ხოლო როდესაც დარბაზში კინოსეანსზე თუ ფოიეში ფილმზე საუბრისას ერთმანეთს გადავეყრებით, რამდენადაც მრავალი განმასხვავებელი ნიშანი არ უნდა არსებობდეს, საერთოობის განცდას ის მაინც შეგვივსებს, რომ კინემატოგრაფთან ამურული გრძნობები გვაკავშირებს.