ჟანრულ კინოში, მიუზიკლებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ჩემს გულში. 23 ივნისს კინომიუზიკლების ალბათ ყველაზე გამორჩეული ფიგურის, ბობ ფოსის იუბილე გახლდათ, ამიტომ ეს გარემოება საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მიუზიკლის ჟნრის საუკეთესო წარმომადგენელი სურათების ტოპ ხუთეული შემედგინა.

  1. Swing Time / სვინგის დროება

რეჟისორ ჯორჯ სტივენსის ფილმი ალბათ ყველაზე დიდი გავლენის მქონეა ამ ჟანრულ მიმდონარეობაში, რადგან ითავსებს საცეკვაო და სასიმღერო ნომრების იდეალურ სინთეზს. ფრედ ასტერის და ჯინჯერ როჯერსის დუეტი ქმნიან ძალიან სანახაობრივ სცენებს, სადაც აერთიანებენ საკმაოდ რთულ და ელეგანტურ ქორეოგრაფიას და ამას აკეთებენ ძენ ბუდისტური სიმშვიდით, იჩენენ მანქანის სიზუსტეს, მაგრამ ბოლომდე ინარჩუნებენ ბუნებრივ და აუღელვებელ მდგომარეობას. მოკლედ ვისაც მიუზიკლები გიყვართ, დანაშაულია სვინგის დროება რომ არ ნახოთ.

  1. High Society / მაღალი საზოგადოება

მაღალი საზოგადოება ჯორჯ ჩუკორის ფილადელფიური ისტორიის რიმეიქია და თუ შეგვიძლია რომელიმე რიმეიქზე იმის თქმა, რომ უნაკლო პირველწყარო ღირსეულად გარდაქმნაო, სწორედ ეს შემთხვევაა. სიუჟეტური ხაზი კვლავ სასიყვარულო სამკუთხედის ირგვლივ ტრიალებს, ოღონდ ამ შემთხვევაში კოულ პორტერის მათრობელი მუსიკის ფონზე, ვუსმენთ ამერიკის ტრადიციული პოპის ორ საუკეთესო ბარიტონს, ბინგ კროსბის და ფრენკ სინატრას, რომელთა ტანდემიც სიტყვა ელეგანტურს ახალ განზომილებას მატებს. ამას პლუს საოცრად გრაციოზული და მშვენიერი გრეის კელი, რომელიც თავის ყველაზე ლაღ სამსახიობო შესრულებას გვთავაზობს და ლუი არმსტრონგი თავის ბენდთან ერთად, რომლებიც იდეალურ გარნირად ერგებიან მთელ ამ ცხოვრების დღესასწაულს. ამასთან, თითქმის ყველა სიმღერა ფილმში იმდენად მელოდიურია, მარტივად იწვევს აკვიატებას და დიდი ალბათობით თქვენ ფლეილისტებში პირველივე მოსმენაზე დაიმკვიდრებს თავს.

  1. Singin’ in the Rain / წვიმაში მომღერალი

ცალსახად და არაორაზროვნად, საუკეთესო ნაწარმოები, რაც ჯინ კელის შეუქმნია, დაწყებული ფაბულით, რომელიც ჰოლივუდის ყოფიერებას კომედიურ პრიზმაში ატარებს, დამთავრებული გრანდიოზული საცეკვაო ნომრებით და პოპ მგრძნობელობის მშვენიერი სასიმღერო სცენებით. აქ იხილავთ როგორც ეპიკურ სანახაობას, ისე ჯგუფურ სინქრონულ ცეკვებს და კინოს ისტორიაში მიუზიკლების ხატმწერ ეპიზოდს, სადაც ბედნიერების მდგომარეობაში მყოფი ადამიანის განცდები ყველაზე ლამაზად და დასამახსოვრებლადაა აღწერილი.

  1. All That Jazz / მთელი ეს დავიდარაბა

ფოსის ფილმი ალბათ ონტოლოგიური მნიშვნელობით ყველაზე დიადი მიუზიკლია კინოს ისტორიაში. შოუ ბიზნესის რუტინა და მისი სატირისტული ანალიზი, ეგზისტენციალური კითხვების ფერადი ქორეოგრაფიით გამოხატვა და რაც ყველაზე მთავარია, რეჟისორის მცდელობა დაუმეგობრდეს სიკვდილს და მაყურებელიც დაგვაახლოვოს მასთან, შიში გარდაქმნას მგობრულ შეხვედრად. ფილმის საოცრად მაღალ სიუჟეტურ, მეტაფორულ და ტექნიკურ ღირსებებს დავუმატოთ თვალისმომჭრელი ქორეოგრაფია და ბრწყინვალე სასიმღერო ნომრები და შედეგად ვიღებთ, კინემატოგრაფის ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელს.

  1. Love Me Tonight / გიყვარდე ამ ღამით

მამულიანი კინოში ხმის გაჩენას ყველაზე გამოგონებლური და მხიარული ფორმებით იყენებს, ხმის მონტაჟის საშუალებით ქმნის ძალიან ჭკვიანურ კომედიურ ეპიზოდებს, მაგალითად, როდესაც აღშფოთებული დიდგვაროვანი ქალების შეძახილებს პუდელების ყეფის ხმოვანებას შურევს, ქუჩის ხმაურებს მელოდიურ კომპოზიციად აქცევს და ნარატივის ფორმას აძლევს, ხოლო სიმღერას ყველაზე ავთენტურ და ორგანულ საკომუნიკაციო ენად გარდაქმნის და ამ ყველაფერს აკეთებს უდიდესი სინაზით, რომანტიზმით, ლირიკულობით და რაც მთავარია, ახალი და ორიგინალური მიგნებებით. ამ ყველაფრის გამო, მხოლოდ ის ფაქტიც, რომ მამულიანი თბილისშია თაბადებული, განსაკუთრებული სიამოვნების შეგრძნებებს იწვევს.