თეთრი მხარე

 

საით მიდიან მოგონებები,
როცა მათთვის ამოსუნთქვის ადგილი აღარ რჩება,
როცა ისინი იწვევენ მწვავე არითმიას,
როცა ვეღარ ეტევიან ხსოვნის სისხლძარღვებში
და წარმოქმნიან
მომაკვდინებელ თრომბულ უბნებს?

ამ დროს ისინი იქცევიან ზამთრის
გადამფრენ ჩიტებად
და გადაინაცვლებენ თბილ ქვეყნებში –
ცივი ქვეყნებიდან,
რათა გვერდი აუქციონ
მზის უგზოუკვლო გაუჩინარებას.

ცივ ქვეყნებში დარჩენილებსაც აქვთ ერთი გზა:
შეიმეცნონ წარსულის ხვეულები,
კვლავ, ხელთავიდან,
როგორც ამას ინატრებდა
კაცი ვინმე –
განგებისადმი მადლიერი თვალითმზირალი.
ეს გზა უთუოდ იქნებოდა ფიჭვების მწკრივი
და ის სურნელი
(წარსულის ხვეულების შესამეცნებლად) –
ფიჭვისა და ნაძვის სურნელი…
დასავლეთის უცვლელი სახსოვარი.

 

 

 

1 2 3