ფიქრი

 

რაზე ჰყვებიან ცის ენძელები გამთენიისას?
როცა ყვავილობს ღამეული დასალიერი,
ვერცხლის ღრუბლები იფერფლებიან
და გულის თაღზე ჩნდება მშვიდი დანაშაული –
დავიწყებისა, ვერშეხსენების.

თოვლის ბორცვები ხიდებია სინანულისკენ,
ზამთარი ხმელი ყვავილებით
ამკობს გრილ კედლებს,
მიწა კი ისევ სველია და ალბათ,
ვინ უწყის,
შენც ნატრობ,
ისევ გახსენებით შეთბეს ცხრა მხარე,
ცხრავე ზღუდეში ამოივსოს
ნაპრალი სევდით,
მზის მარცვლოვანი ნაწილებით,
ციური თვლებით.

…და გულიც შეთბეს:
მოგვაგონდე
და
გაგიხსენოთ.

 

 

 

ბეღურები თოვლში

 

მას შემდეგ, რაც უსიტყვობა ამოვირჩიე
(უტყვი შეიქნა არა ბაგე, არამედ – გული),
ბავშვურად წრფელი გულისყურით და გაკვირვებით
მივაყურადებ ფრინველთა მბობას:
ეს ხან მღერაა და ხანაც – ხმობა,
გამთენიისას წართქმას მიაგავს,
ხოლო, მწუხრისპირს – ზარად მოისმის, კაეშნისად.

აი, ხმელ ტოტზე, ჩიტი-ბეღურა,
მზის ფარდაგებში გახვეული სხვაგვარად გალობს –
გალობს იისფრად.
თავსხმის შემდეგ კი, ღრუბლიანი თვალითმზირალი,
გასტირის შორეთს.

მას შემდეგ, რაც უსიტყვობამ ამომირჩია,
ალაპარაკდა ირგვლივ ყოველი
და ბეღურები
ამჟღავნებენ ზამთრის მიმწუხრებს:
თოვლიან მწკრივში, ყვებიან ამბავს –
მზემივიწყებულს.

მას შემდეგ, რაც უსიტყვობა ამოვირჩიე…

 

 

1 2 3