ისინი ცოცხლობენ

ჯონ კარპენტერის ფილმში „ისინი ცოცხლობენ“ ვაწყდებით სამყაროს, სადაც უცხოპლანეტელებს აქვთ ოკუპირებული დედამიწა და ეს ოკუპაცია ჩვენგან მალულად მიმდინარეობს. ოკუპაციის ფარულ გავრცელებას კი ხელს უწყობს მედია, პოპ კულტურა, სარეკლამო ბიზნესი და ა.შ. ფილმში მთავარი საგანი, რომელიც რეალობას და ჭარბ რეალობას ერთმანეთისგან დაცილებულს გიჩვენებს არის სპეციალური მზის სათვალეები. მხოლოდ მისი გაკეთებისას ხედავ საგნების რეალურ ბუნებას. ეს მეტაფორა რომ ვთარგმნოთ, სათვალე კრიტიკული ტექსტებია, იდეოლოგიის შიფრია, მსგავსი პოლიტიკური და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფილმებია, რომელიც უკეთ გაცნობს და გაახლოვებს საკუთარ რეალობასთან და მისი უკეთესობისკენ გარდაქმნის სურვილს აჩენს. მოულოდნელად „თრეშ“ მგრძნობელობის ნახევრად ფანტასტიკური, ნახევრად ჰორორ ელემენტების მატარებელი სურათი მემარჯვენე იდეოლოგიის და კონსუმერიზმის თანმიმდევრული და ჯანსაღი კრიტიკა გამოდგა ძალიან გასართობი და მხიარული სიუჟეტური განვითარებით.

მატრიცა

მოკლედ და მარტივად რომ ვთქვათ, მატრიცა არის თვალისმომჭრელი მეტაფორა კაპიტალისტურ ეკონომიკაზე. ფილმში, მანქანები დედამიწას იპყრობენ, ადამიანებს კი მხოლოდ ენერგიის წყაროდ იყენებენ, ართმევენ თავისუფალ ნებას და ამყოფებენ ილუზორულ, სიმულატორულ სამყაროში. გარდა მრავალი ფილოსოფიური ტექსტისა, იქნება ეს პლატონის „გამოქვაბულის ალეგორია“, ბოდრიარის „სიმულაკრა თუ სიმულაცია“ თუ სხვა, მთავარ ინსპირაციად მაინც მარქსის კაპიტალიზმის კრიტიკა რჩება. მანქანები რეალურად კაპიტალისტური იდეოლოგიის აგენტები არიან, რომლებიც ეწევიან მშრომელთა ექსპლუატაციას საკუთარი კეთილდღეობის გასაზრდელად, მათ კი უქმნიან ფალსიფიცერებულ წარმოდგენებს და ამყოფებენ დაკმაყოფილებულ, ლიტარგიულ მდგომარეობაში. მატრიცა დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მოულოდნელად საინტერესო ჰოლივუდურ პროდუქტად, რაც ოდესმე გადაღებულა.

1 2