გასულ წელს, მეინსტრიმულ კინოში არაერთხელ გაისმა მემარჯვენე იდეოლოგიის, მსხვილი კორპორაციების, კლასობრივი სეგრეგაციის, ლიბერალური მედიის, მოკლედ, კაპიტალიზმის კრიტიკის ჰანგები. ზოგი მათგანი კარგი ფილმი იყო, მაგალითად „პარაზიტი“ და „რიჩარდ ჯიუელი“, ზოგი ჩამოუყალიბებელი და პრეტენზიული („ჯოკერი“, “ჩვენ“) ამიტომ გადავწყვიტე დღევანდელი ტოპ ხუთეულიც ისეთი ფილმებით დამეკომპლექტებინა, რომლებიც მსგავს სენტიმენტებს ატარებს, აკრიტიკებს კაპიტალისტურ ეკონომიკას და მემარჯვენე იდეებს, მაგრამ ამას აკეთებს პოპ ენაზე და გასართობ ფორმატში, რათა მასებთან კომუნიკაციის უფრო ფართო სივრცე მოიცვას.

 

ოკჯა

„ოკჯა“ ბონ ჯუნ ჰოს კარიერის ყველაზე მარტივი წარმომდგენელია, ამ სიტყვის კარგი გაგებით. სიუჟეტი საერთაშორისო კონგლომერატის ირგვლივ ვითარდება, რომელიც გენური ინჟინერიით გამოყვანილი “სუპერ ღორების” წარმოებას იწყებს, რათა ხელმისაწვდომი, გემრიელი და მასიური ცხოველები მსოფლიო ბაზარზე წამყვან საკვებ პროდუქტად აქციოს, რომელიც როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, მთელი მსოფლიოს დაპურებას გახდის შესაძლებელს. სამხრეთ კორეელი რეჟისორი ცნობილია კაპიტალისტური წესრიგისადმი კრიტიკული განწყობით და საკუთარ ფილმებში ამის ხაზგასმით აფიშირებით. ის ხშირად რეფლექსირებს  ამერიკულ იმპერიალიზმზე, ბუნებრივი რესურსების შერყვნის და კომერციული მიზნებით ბოროტად გამოყენებაზის საკითხე. “ოკჯაში” ეს ნარატივი კიდევ უფრო გარკვევით და მეტი ინტენსივობითაა მოწოდებული, წარმოჩენილია მსხვილი კორპორაციების ბიზნესის წარმოების ეთიკის მავნებლური მხარეები, საზოგადოებრივი სიკეთის იდეით კაპიტალის გაზრდის და ბაზრის მონოპოლიზების მარგინალური სცენარები და ა.შ.

შეშლილი მაქსი, მრისხანების გზა

Mad Max: Fury Road არის 2 საათიანი სწრაფმავალი კონსტრუქცია, რომელიც თავის მასშტაბებით და გრანდიოზულობით შემაძრწუნებელ ემოციებს იწვევს და სადაც მილერმა ტროას ცხენივით შემოაპარა ფილმში მემარცხენე იდეები და კრიტიკული თეორიები. მაყურებლის თვალწინ ხდება ამერიკული (და არა მხოლოდ) კულტურის ნგრევა და ისტორიის ხელახლა წარმოება. ფილმი ტრიუმფალურად აღწევს ფინიშის ხაზს, სადაც ნადგურდება კერძო სკუთრების ცნება, თანამბრდება გენდერული როლები და სოციალური სტატუსი, მყარდება შორეული წარსულის დავიწყებული ეგალიტარიანიზმი. მჩაგვრელ სისტემას ანაცვლებს თანასწორი, სოლიდარული, ემანსიპირებული საზოგადოება, სადაც ადამიანის სიცოცხლის და პლანეტის დაცვა მთავარ პრიორიტეტად იქცევა. ფილმი აგრეთვე ძალიან მარტივ და უპირობო ჭეშმარიტებას გვამცნობს, რომ ქალთა ემანსიპაციის გარეშე, შეუძლებელია საზოგადოების გათავისუფლება და ჩაგვრის აღმოფხვრა.

ყველაფრის გახსენება

თავისუფლად შეიძლებოდა აქ ვერჰუვენის „ვარსკვლავური დესანტიც“ მოხვედრილიყო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფრის გახსენება რეჟისორის ბევრად ნაკლებ დაფასებული ფილმია, უპირატესობა მას მივანიჭე. ვერჰუვენი აქაც ნაცნობი ფორმულით მოქმედებს, სანსახაობრივი ექშენი, ძალიან სტილური და დასამახსოვრებელი იმიჯები, ძალადობის სრული ბრუტალურობით ჩვენება და რაც მთავარია, კაპიტალისტური ეკონომიკის მიერ დადგენილი დღის წესრიგის დამუნათება. მარსის კოლონიზაციის შემდეგ, იქ პორტირებული სახელმწიფო მოსახლეობას ჰაერის მოხმარებაში კომუნალურ გადასახადს უწესებს, მის წინააღმდეგ ამბოხებულები იბრძვიან, კლასობრივი უფსკრული კიდევ უფრო გაღრმავებულია, ამის საილუსტრაციოდ კი უცხოპლანეტური და დეფორმირებული არსებების სიუჟეტში შემოყვანა იდეალურ მეტაფორად გვევლინება თუ როგორ აღიქვამს კაპიტალისტური მზერა სიღარიბეს.

 

1 2