ფილმში არაერთი სცენაა, სადაც სქესობრივი კავშირის დემონსტრირება ხდება, თუმცა ყოველი მათგანი სრულადაა დაცლილი ეროტიზმისა და სექსუალურობისგან, ყოველი ნაჩვენები აქტი პერსონაჟების ფსიქოლოგიური მდგომარეობის ექსპოზიციისათვის გამოიყენება. ეს არ არის ფილმი, რომელმაც უნდა მოგხიბლოთ, ესაა ფილმი, რომელმაც საკუთარი რეალური სურვილების და ვნებების ანალიზისკენ უნდა გიბიძგოთ, საკუთარი მიდგომები ინტიმურ ცხოვრებასთან დაკავშირებით გაგააზრებინონ და კითხვის ნიშნები გაგიჩინოთ იმის თაობაზე თუ რა იწვევს ჩვენი ცნობიერების კორუფციას, რატომ ძალადობს კულტურა ჩვენ გონებაზე და გვიშენებს მანკიერ კონსტრუქციებს, რომლის მიხედვითაც თანასწორობის, პატივისცემის, ერთგულების კონცეპტები ირყვნება და შედეგად ვღებულობთ ძალადობრივ ურთიერთობებს.

ნიკოლსის ფილმისათვის იდეალური სლოგანი იქნებოდა ლადო ასათიანის ლექსის, „სალაღობო“-ს პირველივე ფრაზა: „ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა“. ეს მუდმივად მეტის, უკეთესის, უფრო ლამაზის გაუნელებელი სურვილი, კაპიტალისტური დრაივია, რომელიც გვარწმუნებს, რომ რაც გვაქვს, ის არასოდესაა თვითკმარი და რომ მისი გაუმჯობესებული ვერსია გვესაჭიროება. ეს კი სიხარბის გამომუშავებას უწყობს ხელს, ფლობის მავნებლური პრაქტიკის დანერგვას, რომ სურვილის ობიექტი აუცილებლად მოპოვებული უნდა იქნას და მის გარეშე ბედნიერი ვერ იქნები. მაგალითისთვის, სამომხმარებლო პრიზმაში რომ გავატაროთ, არანაირი საჭიროება არ არსებობს, რომ ყოველ წელს ახალი აიფონი შევიძინოთ, მაშინ, როდესაც გაუმჯობესებული ვერსია განსაკუთრებულს არაფერს გვთავაზობს, წინა წლის მოდელი კი ისევ გამართულად ფუნქციონირებს და ყველა საჭირო მოთხოვნას აკმაყოფილებს.

გონება, რომელიც ყალიბდება მსგავსი კონკურენციის, სხვაზე უკეთესის ფლობის სურვილის განზომილებაში, ამას თარგმნის ადამიანურ ურთიერთობებშიც, სადაც უკვე სტატუსის აღმნიშვნელი ისაა თუ როგორი პარტნიორი გყავს, რამდენად ლამაზი, სხვისთვის სასურველი და ა.შ. ჯონათანისთვის ფილმის მსვლელობასთან ერთად, კარგავს მნიშვნელობას ის თუ თავად რას წარმოადგენს რეალურად, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება სხვისი მზერა. საკუთარი მასკულინობის განსამტკიცებლად და ლიბიდური ენერგიის დასაკმაყოფილებლად ჭირდება სხვისი აღმატებული მოსაზრება საკუთარ თავზე, რომელიც იცის, რომ მცდარია, მაგრამ ილუზიებს აქვს უნარი იმაზე ეროტიული იყოს, ვიდრე რეალობა.

ფილმი ტექნიკური თვალსაზრისითაც ისეთივე ინტიმური სანახაობაა, როგორც თემებით, რომელსაც აღწერს. ლეგენდარული ოპერატორი ჯუზეპე როტუნო მჭიდრო და ფიზიკურ ინტერიერზე ორიენტირებულ კადრებს იღებს და ზოგიერთი დიალოგის მომენტებში პერსონაჟის მზერას კამერის ობიექტივად აქცევს, რაც იწვევს უშუალო თანამონაწილეობის შეგრძნებას, რადგან მოულოდნელად ეკრანული სახეები შენ გელაპარაკებიან და ამჩნევენ, რომ მათთან ერთად იმყოფები. არტ გარფანკელი საოცრად ქარიზმატულია სენდის როლში და სრულად გავიწყებს იმ ფაქტს, რომ საიმონი და გარფანკელის დუეტის ნახევარია, რომლის იმიჯიც მისი სიმღერებიდან გამომდინარე მხოლოდ პოზიტიურ შეგრძნებეთანაა დაკავშირებული. ენ მარგარეტი საეტაპო როლს თამაშობს არა მხოლოდ საკუთარი კარიერის, არამედ მთლიანად ამერიკული კინოს ისტორიაში და მასში არსებული ქალის განსაზღვრული იმიჯის დეკონსტრუქციაში უდიდესი წვლილი შეაქ. და რაც შეეხება ჯეკ ნიკოლსონს, ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე ნატურალური, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი პერფორმანსია, სავსე მრისხანებით, ფრუსტრაციებით, სიცოცხლის წყურვილით და უშრეტი ვნებით.

ისევ ფაბულას რომ დავუბრუნდეთ, რასაკვირველია ნიკოლსი მხოლოდ მიზოგინიის პოლიტიკური ანალიზით არაა დაკავებული და მასთან ერთად აწარმოებს ოჯახის ინსტიტუტის, კლასობრივი ურთიერთობების, სექსის ფსიქოლოგიური განზომილები, გენდერულ როლებზე კულტურული წნეხის და სხვა მნიშვნელოვანი ეგზისტენციური საკითხების ირგვლივ მსჯელობას. თუმცა ფილმის ნახვის შემდეგ, ამ ყველაფერზე უკვე თავადაც დამოუკიდებლად დაფიქრდებით.

 

 

 

1 2 3