ნიკოლსი ინსტიტუციონალიზებულ სექსიზმს გვიჩვენებს არა როგორც დღეს ჩვევიათ ხოლმე რეჟისორებს, მხოლოდ მასკულინური კულტურის ჭრილში, სადაც ჩაგვრის ეს ფორმა როგორც თავისთავად, ავტონომიურ მოცემულობად მოგვეწოდება, არამედ ყოველგვარი შელამაზების და თავშეკავების გარეშე, მაქსიმალური რეალიზმის გამოყენებით გვიჩვენებს რომ ის კაპიტალისტური ეკონომიკის გვერდითი ეფექტია. ან უფრო რომ დავკონკრეტდეთ და ისტორიული დისკურსით შევხედოთ, კერძო ქონების ფლობის ვნების დანამატი.

ორივე კაცი პერსონაჟი, ქალებს როგორც სამომხმარებლო საგნებს ისე უყურებს, ატრიბუტს, რომელმაც მათი ცხოვრება უნდა აავსოს ენერგიით, ჰარმონიით, სილამაზით და რაც მთავარია ბევრი ვნებიანი სექსით. ქალის სხეულზე საუბრისას, ისინი, განსაკუთრებით კი მიზოგინი მამაკაცის უფრო გამოკვეთილი პორტრეტი, ჯონათანი, ისეთ ფრაზეოლოგიას იყენებენ, როგორსაც ვიყენებთ სუპერმარკეტებსა თუ ტექსტილის მაღაზიებში სასურველი პროდუქციის შეძენის ჟინით ავსილნი.

ჯონათანისთვის მსგავსი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რასაკვირველია ბავშვობის გამოცდილებებიდანაა წარმოქმნილი. მამის ფიგურასთან ტრავმატული ურთიერთობების შედეგად მის ცნობიერში ქალი გარდაქმნილია საყოფაცხოვრებო ნივთად, დეკორაციის ნაწილად, რომელსაც ლამაზი ზედაპირი და კომფორტული სათავსო უნდა გააჩნდეს. მას არ შეუძლია აწარმოოს რომანტიკული ურთიერთობა და პრინციპში არც ნებისმიერი ტიპის თანასწორი ურთიერთობა საპირისპირო სქესთან, რადგან მათ მხოლოდ სექსის ობიექტებად აღიქვამს და მკაცრად სიამოვნების მიმნიჭებელ ფუნქციას აკისრებს. საპირისპიროდ, სენდი სექსუალურად ინერტულია და მისთვის მთავარი ინტელექტუალურ დონეზე კმაყოფილების მიღებაა აუცილებელი, ოღონდ აქაც ირღვევა თანასწორობის პარადიგმა, რადგან ამ ინტელექტუალურ ფლანგზეც ის უნდა იყოს დომინანტი, რომლის გონებრივი შესაძლებლობებით მოხიბლული ქალიც მასში იდეალურ მამაკაცს დაინახავს.

 

 

1 2 3