22 აპრილს ამერიკული კინოს ცოცხალი ლეგენდა, ჯეკ ნიკოლსონი, 84 წლის ხდება. ნიკოლსონს არაერთი დასამახსოვრებელი და საკულტო ეკრანული გმირი შეუქმნია და არაერთ შედევრში მიუღია მონაწილეობა, თუმცა დღეს გადავწყვიტე მისი მონაწილეობით ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობილი და ჯეროვნად არდაფასებული ფილმი გამეხსენებინა, 70-ანი წლების ერთ-ერთ ყველაზე კონტროვერსიული, თამამი, საინტერესო და რაღაც კუთხით, წინასწარმეტყველურ ფილმი, რომელმაც ამერიკელი ფემინისტი ქალები განარისხა, ხოლო კაცები აიძულა უხერხული თავისმართლებით დაკავებულიყვნენ საკუთარი ვნებების შესახებ საუბრისას. ესაა მაიკ ნიკოლსის ანტიეროტიკული მანიფესტი, სახელწოდებით „სხეულის შემეცნება“.

„სხეულის შემეცნება“ მოლეკულურ დონეზეც კი, ადამიანის სექსუალობაზეა. მისი ყოველი კადრი, ყოველი ბგერა, ყოველი სამონტაჟო ჭრა სექსუალობის კვლევას და მის ანალიზს ეძღვნება. ფილმის დასაწყისში, შავ ფონზე ტიტრების მიმდინარეობისას მშვიდი და მომნუსხველი დიალოგი გაისმის, მალევე აღმოვაჩენთ, რომ ხმა ორ მთავარ პერსონაჟს ეკუთვნის და მანამ, სანამ ისინი კადრში გამოჩნდებიან, მათი ფსიქოტიპების შესახებ უკვე რეჟისორს საკმარისი ინფორმაცია აქვს მოწოდებული. სიუჟტის ცენტრში ორი ძმაკაცი, ჯონათანი და სენდი დგანან, ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლის პერიოდში. უახლოესი საათნახევარი მათ ცხოვრების განვითარებას იხილავთ, თუმცა მთავარი აქცენტი მათი სექსუალობის და მისი აღქმის დიაპაზონს დაეთმობა.

 

 

1 2 3