ახალი სასტუმრო ქალაქში იქამდე არნახული მომსახურებით გამოირჩეოდა. სასტუმროს მომსახურე პერსონალი მხოლოდ განსაკუთრებული თავაზიანობით კი არ ეგებებოდა სტუმრებს, არამედ, სასტუმროს მეპატრონის კეთილგანწყობა იქამდეც კი მივიდა, რომ გადაწყვეტილება მიიღო, იდეალური სტუმრისთვის უფასოდ კვება და  საცურაო აუზით სარგებლობა შეეთავაზებინა.  ამ განწყობით შემხვდნენ მე სასტუმროში და შემომთავაზეს,  მათი იდეალური სტუმარი გავმხდარიყავი. ამისათვის, გარკვეული დრო უნდა გამეტარებინა ყავახანაში და სასტუმროს თანამშრომლებისა და სტუმრების ყურადღება მიმეპყრო, რასაც, სიმართლე რომ ითქვას, ისედაც მშვენივრად ვახერხებდი. მართალია, ტანსაცმელი თავად არ შეურჩევიათ, მაგრამ მიმანიშნეს, რომ არც გადაჭარბებულად მოდურად ჩამეცვა და არც უღიმღამოდ. ასევე, მითხრეს, რომ უფლება მქონდა, მიმტან გოგონებთან მეფლირტავა, ოღონდ, ზომიერების ფარგლებში, ისე, რომ სხვათათვის  გამაღიზიანებელი არ ყოფილიყო; ფლირტის დროს დაუშვებლად მიიჩნეოდა სექსუალური მინიშნებები,  განსაკუთრებით, თუ მათ კაბებს ვახსენებდი.

 

ბუნებრივია, საკვებში თუ სხვა მომსახურებაში საფასურის გადახდა არ მჭირდებოდა, მაგრამ რეკომენდაცია მქონდა, დახვეწილობის შესანარჩუნებლად, მთელი მენიუ არ შემეკვეთა – მათ უფრო მეტად გაახარებდათ იმის დანახვა, ნება-ნება როგორ ვწრუპავდი დარჯლინგის* ჩაის, ვიდრე, როგორ ვნთქავდი კლუბურ სენდვიჩს. ისინი უპირატესობას ანიჭებდნენ ყელიან ტანისამოსს, სუფთად გაპარსულ სახესა და ოდნავ ჭაღარაშერეულ თმას.

იმ დღეებში, როცა სასტუმრო უმეტესად  ცუდად  ჩაცმულ,  ხეპრე სტუმრებს იღებდა, რაც მაღალი კლასის სასტუმროს ატმოსფეროს უხეშად არღვევდა, მიმღებში მიხმობდნენ,  სტუმრებს რომ ჩემი არსებობა შეემჩნიათ. მე ღიმილით შევცქეროდი მათ შორის შედარებით ზრდილ  ადამიანებს, ხოლო მათ, ვინც უმიზეზოდ  ხმაურობდა, ან სხვებს ეჯახებოდა, ან სკაიპით ელაპარაკებოდა ნათესავებს მაშინ, როცა მე წიგნის წაკითხვას ვცდილობდი, შეშფოთებულ მზერას ვაპყრობდი.  ხშირად მეცვა ცისფერი  ტანსაცმელი, რადგან ცივი ტონებით ყველას თვალში „მაგარი ტიპი“ ვჩანდი. როგორც ამბობდნენ, იდეალური  სტუმარი სასტუმროს გარემოს უნდა შერწყმოდა და მის ბუნებრივ ელემენტად აღქმულიყო. ევალებოდა,  დილით, საუზმეზე გამოჩენა.  დილის გაზეთებთან ერთად, პირველ რიგში, კრუასანსა და ლაფსანის ჩაის მოითხოვდა. მე გაზეთები არ მიყვარს, ამიტომ, რომანს ან საბავშვო წიგნს ვკითხულობ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად ადვილად  ვღიზიანდები,  კედელზე თუ ბავშვურ ნახატებს წავაწყდი. ყურადღების მისაქცევად, სასტუმროში ასამიდან და დარჯლინგიდან ჩაის ფოთლების ნარევს ვუკვეთავდი – ასეთი ნარევი უნიკალურ, მოტკბო გემოს იძენს, და შაქრის დამატება არასოდეს მჭირდება. ხშირად  კაფეს მიმტანები გარს მერტყმოდნენ, თითოეული მათგანი ცდილობდა,  ჩემთვის, მათი იდეალური სტუმრისთვის, როგორმე ესიამოვნებინა. მიუხედავად იმისა, რომ პირობების მიხედვით, ჩაის დალევა მხოლოდ სასტუმროში შემეძლო, სასტუმრო ჩაის ხშირად  სახლშიც მიგზავნიდა.

 

სასტუმროს ადმინისტრატორმა ერთხელ ისიც მითხრა,  იდეალური სტუმარი მარტივი ამოსაცნობი არ არის, პირიქით, ეს საკმაოდ ჩახლართული ამბავიაო. რაც გინდა თქვით და, როცა მხოლოდ მწერალი, მასწავლებელი, არშემდგარი გამომცემელი ხარ, შენი დანახარჯები ვერ შეედრება მათსას, ვისაც რეალური ფული აქვს. იდეალური სტუმრის კრიტერიუმები ვიზიტის სიხშირეს კი არ ემყარება –  მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი რა სიხშირით დადის სასტუმროში – არამედ იმას, თუ რამდენად კომფორტულად გრძნობს  თავს,სასტუმროს პერსონალის შეფასებით. ადმინისტრატორმა ასევე დაამატა, რომ ერთ-ერთი თვალშისაცემი თვისება, რითაც მე  გამომარჩიეს, იყო ის, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი ჩაცმულობას. მათ შეამჩნიეს, რომ მუდამ ერთმანეთთან იდეალურად  შეხამებული ტანსაცმელი მეცვა.

 

მათ ასევე შეუმჩნევიათ, და ადმინისტრატორმაც აღნიშნა, რომ ჩემს სუნამოს ბუნებრივი ტყავის სურნელი დაჰკრავდა, რაც ჩემს მამაკაცურობას ხაზგასმით გამოკვეთდა ხოლმე,თუმცა, ამავდროულად, უხეშობისგან ძალიან შორს ვიყავი. სასტუმროს პერსონალის დაკვირვებით, მე არავისთან მოვქცეულვარ უცერემონიოდ. მიუხედავად იმისა, რომ  ცნობილი მწერალი არ ვარ,  ჩემი წიგნი თაროზე მოათავსეს ყავახანაში, სადაც თავისუფალ დროს შევდიოდი ხოლმე. არაფერი შეედრება ბრწყინვალე სასტუმროს კომფორტს და ვერაფერი მოგანიჭებს მხნეობას ისე, როგორც ამ სასტუმროში იდეალური სტუმრის სტატუსი. მე უბრალოდ, ის მაწუხებს, რა ბედი ეწევა იდეალურ სტუმარს სიბერეში? მაინც იდეალურად ჩაითვლება, როცა იერი შეეცვლება? როგორ მიიღებს სასტუმრო მისი სიბერის პირველ ნიშნებს?  ნუთუ, იდეალური სტუმარი სულს სასტუმროს ყავახანაში დალევს მორიგი ვიზიტის დროს?

***

ზოგჯერ, სასტუმროში დედასთან ერთად მივდიოდი, რომელიც, იმ ქალაქში რომ ეცხოვრა, ჩემზე გაცილებით ღირსეული იდეალური სტუმარი იქნებოდა. მართალია, მისგან მომხიბლაობა და  კერვის ნიჭი გადმომეცა, მაგრამ ის ჩემზე ბევრად დახვეწილია და მყარი ხასიათი აქვს, მე კი შეიძლება, მოულოდნელად გავჭირვეულდე და მოთმინება დავკარგო. როცა დედასთან ერთად მაგიდასთან ვიჯექი, ხალხს სასტუმროს მფლობელებიც  კი  ვეგონეთ. რაც მე და დედას რეალურად საერთო გვაქვს, არის  ჭეშმარიტი აღტაცება და სიხარული, რომელიც მაშინ გვეუფლება, როცა ხელში  ფული ჩაგვივარდება. ასეთ შემთხვევებში,  ერთმანეთს საჩუქრად ტანსაცმელსა და ტკბილეულობას ვჩუქნით. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ქცევებითა და საუბრის სტილით მართლაც სასტუმროს მფლობელებს ვგავართ,როგორც წესი, ფული თითქმის არასოდეს გვქონდა.

ერთხელ სასტუმროს მენეჯერმა მკითხა, მოდის შესახებ ჩემს ახალ წიგნს ახალაშენებული სასტუმროს ლაუნჯში ხომ არ წარვადგენდი. მისი თქმით, მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ სასტუმროს გახსნის დღეს ყურადღების ცენტრში იდეალური სტუმარი მოექცეოდა. მთელი იმ წლების განმავლობაში, რაც მე სასტუმროში დავდიოდი, თითქმის ყველა თანამშრომელი გავიცანი. ვიცოდი მათი ცოლების, საყვარლებისა და შვილების სახელები. ისინი ხშირად აღნიშნავდნენ,რომ მანამდე ჩემნაირი სტუმარი არ ენახათ.  სასტუმრო სულიერი ორდენის  წმინდათა წმინდა ტაძრად გადაიქცა. შენობა, რომელზეც ის იყო განლაგებული, ერთ დროს ბუდისტური მონასტერი იყო, სწორედ ამიტომ ჰქონდა სასტუმროს უჩვეულოდ გრძელი დერეფნები, სადაც წარმოუდგენელი სიმშვიდე სუფევდა. საცურაო აუზსა და სპა-აბაზანებში ქაფურისა და ლავანდას სურნელი იდგა, რაც ნერვებს მიწყნარებდა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ორიოდე გამონაკლისის გარდა,  თავისი  ესთეტიკით, სასტუმრო გრძნობის ყველა ორგანოზე, რომელთა შორის აუცილებლად უნდა ვახსენო შეხებაც, დადებითად  მოქმედებდა.

***

როგორც იდეალური სტუმარი, ალბათ ვალდებული ვარ, ჩემი ცხოვრების იმ დეტალებზეც ვილაპარაკო, რომელთაც არაფერი აქვს საერთო იდეალური სტუმრის სტატუსთან.  მგონი, არ არის საჭირო იმის შეხსენება, რომ საკმაოდ ხელმოკლედ ვცხოვრობდი – მთელ ჩემს დანაზოგს  ტანსაცმელსა და სუნამოზე ვხარჯავდი, და სხვა სტუმრებისგან განსხვავებით, სასტუმროში ფეხით ან რიქშათი დავდიოდი.

სასტუმროს პერსონალისთვის არასოდეს დამიმალია ჩემი მოკრძალებული ცხოვრების წესი. მიმაჩნია, რომ ჩემი დახვეწილობის შესახებ დასკვნა  მათ იმ ფაქტიდან გამოიტანეს, რომ რამდენიმე ენა ვიცი, და ხშირად  არისტოკრატული მანერით  ვესაუბრები, ისე, როგორც კეთილშობილი წარმოშობის ადამიანი, რომელმაც მდიდარი მემკვიდრეობა კი დაკარგა,  მაგრამ სამყაროს მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება შეინარჩუნა.

სიმართლე კი ისაა, რომ უფულო არისტოკრატის იმიჯი თავად შევიქმენი და  ოჯახური ქონებისა და მაღალი სოციალური მდგომარეობის დაკარგვის არავითარი ისტორია არ გამაჩნია.  უცხო ენები ენების სკოლაში შევისწავლე, სამოგზაუროდ სახსრები არასოდეს მქონია, და საკმაოდ დიდი არტისტული გამოცდილების წყალობით, სასტუმროს სტუმრებს ინგლისურად, გერმანულად, ურდუზე და იტალიურადაც  უზადოდ,  უაქცენტოდ ველაპარაკებოდი.

***

„იდეალურ სტუმარს არ მოეთხოვება ფილოსოფოსივით ერუდიტი იყოს“ – ამბობს სასტუმროს მენეჯერი – „მას უფრო გონებამახვილური რიტორიკა, ან ბოხი, ჟღერადი ხმით ორატორობა ევალება; თუმცა, უმჯობესია, თუ ის მწერალი იქნება და სუფთა ფურცლების ლინგვისტური ნიშნებებით შევსება ისე ძლიერ ეყვარება, როგორც ლამაზად ჩაცმა უყვარს.“  ისტორიაში რაღაც ნამდვილად გამეგება და ვიცი, როგორ ვახსენო სახელები ისე, რომ ჩემმა იქ ყოფნამ დიდი ეფექტი მოახდინოს. თუმცა,  შორს ვარ სიყალბისგან და ვგრძნობ, რომ შინაგანად საკმაოდ დიდი ემოციები მამოძრავებს. სწორედ ამიტომაა, რომ გული  ფუფუნებისკენ და მდიდრული სასტუმროსკენ მიმიწევს, სადაც გაუთვალისწინებელი თითქმის არაფერი ხდება. მაღალი კლასის სასტუმრო ისეთი ადგილია, სადაც მუდამ ამაღლებულ განწყობაზე დგები. იქნებ ერთ დღეს  მუდმივ მაცხოვრებლადაც მიმიწვიონ! რა დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი გრანდ-ოტელის კედლებში!  დროდადრო სულ მცირე ხნით გავემგზავრებოდი კიდეც, მხოლოდ  იმისათვის, რომ უკან დაბრუნების სიხარული განმეცადა. ასეთ სასტუმროში ტემპერატურაც იდეალურია და ამის გათვალისწინებითაც, აბა, ვინ მოინდომებს გარეთ, ბინძურ ქუჩებში სიარულს.

 

ერთ-ერთმა მიმტანმა ჩემთან საუბარში შენიშნა, რომ სავსებით შესაძლებელია, იდეალურ სტუმრად საკუთარი თავის მიმართ გამორჩეული დამოკიდებულების გამოც კი ამირჩიეს. მისი თქმით, ისეთი ადამიანის შთაბეჭდილებას ვტოვებ, რომელიც თეთრეულის ფერსაც  კი ყურადღებით ეკიდება და ელეგანტურობას საკუთარ საძინებელშიც კი ინარჩუნებს, როცა მარტოა და შემფასებლური თვალით არავინ უყურებს. მიმტანმა ნათქვამს დაამატა,  მე ალბათ საკუთარი თავით  ვამაყობ და ამის გამოა, რომ თავდაჯერებას ვასხივებო. ის დაინტერესდა, მხოლოდ გარედან ვბრწყინავდი, თუ ტანსაცმლის ქვეშაც უზადოდ მეცვა. სიმართლე რომ ითქვას, მე არ მჯერა ასეთი დიქოტომიების. ამ კუთხით თუ ვიმსჯელებთ,  იდეალური სტუმარი აჩრდილი ან მოჩვენება გამოდის.

***

სასტუმროს ახალ მენეჯერს, სიმპათიურ ულვაშიან კაცს  უკვე ველაპარაკე. ის დუბაიდან დაბრუნდა და როგორც მითხრა, იქ მისი ერთ-ერთი მიზანი იდეალურ სტუმართან შეხვედრა იყო. მას სასტუმროს გამოცოცხლება აქვს დაგეგმილი და ლანჩზე მეპატიჟება. ლანჩზე ორივეს პირბადე და ერთჯერადი ხელთათმანი გვიკეთია, რაღაც ახალი ეპიდემიის გამო, რაც ორივეს ხუმრობად მიგვაჩნია.  მენეჯერმა მაცნობა, რომ უმჯობესია, მე, იდეალური სტუმარი, მეტად  ჩავერთო სასტუმროს ცხოვრებაში. ახალ ლაუნჯს, შესაძლოა, ბიბლიოთეკის ფუნქციაც დაემატოს, რომელსაც მთლიანად მე ჩამაბარებენ და არაჩვეულებრივ ხელფასსაც დამინიშნავენ. მისი თქმით, ხასიათის ერთ-ერთი ნიშანი, რომელიც ბიბლიოთეკარს უნდა ჰქონდეს, გულკეთილობაა, რაც, იდეალურ სტუმარს, იმის გამო რომ ის იდეალური სტუმარია, ისედაც ახასიათებს. ლანჩის დასასრულს ის მთხოვს, მის შვილს   დროდადრო წიგნები ვუკითხო და ამის გამო,  სასტუმროში მუდმივად გადმოსვლას მთავაზობს.

უფულო, უბინაო, ქალაქის გარეუბნის დაქირავებული ბინიდან, მოულოდნელად ფეშენებელურ სასტუმროში აღმოვჩნდი. მართალია, ბევრს არ ვჭამ, მაგრამ მაინც მიხაროდა, რომ საჭმელსა  და ბინაზე ზრუნვა აღარ მომიწევდა. მე ნამდვილი სიცოცხლე ჩავბერე ლაუნჯს, სადაც ბიბლიოთეკა ყველა გემოვნების მკითხველისთვის  მიმზიდველი წიგნებით ავავსე, ჰამაკები დავაკიდინე,  ოფისის რბილი სავარძლები შემოვატანინე, და ფაფუკი ტახტები და პუფები დავადგმევინე.  ახლო მეგობრებს, რომლებიც რეგულარულად მოდიოდნენ ჩემს მოსანახულებლად, ან ყავახანაში ვუმასპინძლდებოდი, ან იტალიური რესტორანში, სახელად „ტინელოში“, ან ზუსტად ლაუნჯის მომიჯნავედ გახსნილ იაპონურ რესტორანში, რომლის სახელსაც ვეღარ ვიხსენებ.  მე და სასტუმროს მენეჯერი ძალიან დავმეგობრდით. რეალურად, ჩვენ სასტუმროს ყავახანა ფეშენებელურ საჩაიედ გადავაქციეთ. მეტი ეფექტისთვის,  ოთახის ცენტრში, საკმაოდ მაღალ ჭერიდან  ჩაიდანი და თიხის ფინჯნები ეშვებოდა.

 

 

 

1 2 3