***

როგორი იოლია ამ სასტუმროში დაბერება!  და უნდა ვთქვა, რომ იდეალური სტუმრის, როგორც სოციალური ტიპის აღქმა დავიწყე და თანდათან მის როლსა და ხასიათსჩავწვდი. უფრო მეტიც, მისისახის შექმნას შევუდექი, რომელიც, ალბათ არ წარმოადგენს სრულყოფილ ტიპაჟს, რომელსაც სოციუმი წარმოშობს – აშკარაა, რომ მე არც წმინდანი ვარ და არც ბუდა – თუმცა, ის ისეთბრწყინვალებას ანიჭებს, ზედაპირზე რომ ჩნდება ხოლმე. საბოლოოდ, შევიყვარე იდეალური სტუმრის როლი, რომელიც შუასაუკუნეების დიდებულს მახსენებდა, ყოველ შემთხვევაში, ეტიკეტითა და საუბრის სტილით, და თავიდან ბოლომდე, ჩემი ჩაცმულობითა და მთელი ცხოვრებით, ამ როლს დავექვემდებარე.

თუ სიტუაცია მოიტანდა, სასტუმროს პერსონალთან უხეშობასაც არ ვერიდებოდი.  ნელ-ნელა ისიც ვისწავლე, რომ, მართალია, დიდგვაროვან ოჯახში არ დავბადებულვარ, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, სათანადო ძალისხმევისა და მეცადინეობის ფასად, კეთილშობილური მიხვრა-მოხვრის გამომუშავება შემეძლო. ასევე,ვერ ვხვდებოდი, რატომ ითვლებოდა მიზანშეწონილად, იდეალური სტუმარი მხოლოდ უსარგებლო დენდის როლში დარჩენილიყო, რომლის ფუნქციას მხოლოდ სათანადო მომსახურების მიღება წარმოადგენდა.ამიტომ,ვცდილობდი, სასტუმროს თანამშრომლებს დავხმარებოდი, ზოგჯერ სასტუმროს მენეჯერივით ვიქცეოდი, როცა სასტუმროში ახალი სტუმრები შემოდიოდნენ. ფინანსურ საკითხებში ბევრი არაფერი მესმოდა, მაგრამ რამდენჯერმე მენეჯერს ყურში სასარგებლო რჩევა ჩავჩურჩულე. იმის გამო, რომ პირად ჰოროსკოპში ძლიერი მერკური მყავს,  მშვენივრად გამომდიოდა სასტუმროში მნიშვნელოვანი და დელიკატური ცნობების გამოცხადება. სამომავლოდ, თავი პოლიტიკოსის და ან სხვა მსხვილი ფიგურის ემისრად წარმომედგინა.

***

როდესაც სასტუმროში ფეხი პირველად შემოვდგი, მიზნად  ჩემი მანერების დემონსტრირება დავისახე, რათა სხვა სტუმრებისთვის მაგალითი მიმეცა, შემეხსენებინა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები საზოგადოებაში, როგორ მოეპყრონ ერთმანეთს. როგორც შემდეგ გავაცნობიერე, იდეალური სტუმრის ფუნქცია არ უნდა იყოს რაღაც დროებითი მოვლენა, რადგან იდეალური სტუმარი ავთენტური უნდა იყოს, მან თავისი სინატიფე არც მაშინ უნდა დაკარგოს, როცა ვერავინ  ხედავს და მხოლოდ სხვებისთვის მისაბაძ მაგალითს კი არ უნდა წარმოადგენდეს,  არამედ, საკუთარი თვისებები თავად მას უნდა აკეთილშობილებდეს.  იდეალური სტუმრის სტატუსი, იდეალურ  შემთხვევაში, უნდა განიხილებოდეს, როგორც  უნიკალური მოვლენა, როგორც გარკვეული სახის ჰერალდიკური პატივი.

 

ასეთ წვრილმანებზე სასტუმროს მენეჯერი დროს არ კარგავს, მას რეალური საქმე ავალია. როდესაც ის თავის ოთახში, მეხუთე სართულზე ბრუნდება, ტანზე იხდის და საღამოს თეთრ მაისურსა და ტრუსებში ატარებს, მაშინ, როცა მე, წელიწადის შედარებით ცივ თვეებში, სპეციალური ლურჯი სატინის მოქარგული საღამურით ვიძინებ. იშვიათად თუ ვინმეს მოუკრავს თვალი ჩემი საღამურისთვის.  სასტუმროს ოთახში ქალი არასოდეს შემიყვანია, რადგან იდეალური სტუმარს კეთილგონიერება მოეთხოვება,  საჭიროა, სასტუმროში ნამდვილი საჭურისივით იქცეოდეს.

***

ერთხელ სასტუმროს მენეჯერმა მითხრა, რომ ხუმრობის დროს სიფრთხილე გამომეჩინა, რადგან, მართალია, სტუმრებს მოსწონდათ ჩემი ხუმრობები, თუნდაც მათზე მეხუმრა, მაგრამ მოიძებნებოდნენ ისეთებიც, ვინც ჩემი იუმორის გამო თავს დამცირებულად გრძნობდა ან  ჩემი იუმორის გრძნობისა  შურდა.როგორც სასტუმროში ამბობდნენ, იდეალური სტუმრისგან მოელიან სხვა სტუმრებისა და სასტუმროს პერსონალის შეფასებას, მაგრამ იდეალური სტუმარი არამც და არამც სხვათა თვალში მასხარას არ უნდა დაემსგავსოს, თუნდაც, დიდი ინტელექტის მატარებელი იყოს.

 

შესაძლოა, სასტუმრომ მე სხვათაგან გამომარჩია, როგორც მოწესრიგებული და სუფთა კაცი, რომელიც სასმელს არ ეტანება. მათ ცნობილ ასტროლოგს, რომელიც, სხვათაშორის,  ჩვენი მინისტრის მომავალზე აგებს პასუხს, სთხოვეს, ჩემი ასტროლოგიური რუკა შეესწავლა. მოგვიანებით გავარკვიე, რომ მესამე სახლი ძლიერი მაქვს, სასტუმრო კი ეძებდა ადამიანს, ვისაც ურთიერთობები ეხერხებოდა. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ მეხუთე და მეშვიდე სახლები სუსტი მაქვს. იდეალური იქნება, თუ იდეალურ სტუმარს არავინ შეუყვარდება და ცხოვრებას ცოლისა  და შვილების გარეშე გაატარებს. ასტროლოგის თქმით,  ჩემთვის დაოჯახება მარტივი არ იქნებოდა, და სწორედ ამიტომაც გამიადვილდებოდა იდეალური სტუმრის როლი.  სასტუმროში, სადაც ერთდროულად ვარსკვლავიც ვიყავი და მსახურიც, იდეალური სტუმრის ამპლუა ნამდვილად მომწონდა, მაგრამ ზოგჯერ  კლაუსტროფობიული შეგრძნებაც მეუფლებოდა. შიში მიპყრობდა, როცა სასტუმროს მმართველობის ცვლილებას წარმოვიდგენდი, რადგან, ამ შემთხვევაში, ალბათ უკან, ქუჩაში მომისროდნენ და უსახურ დაქირავებულ ბინაში მომიწევდა დაბრუნება, სადაც მოგონებებს დავწერდი იდეალური სტუმრის ცხოვრების შესახებ. სასტუმროს ამჟამინდელი მმართველობა სასტუმროში ჩემს როლს მახსენებს და ნიღბის ტარების აუცილებლობას ხაზს უსვამს. ბოლო დროს სასტუმროში განსაკუთრებით მკაცრად  იცავენ კოდებსა და პროტოკოლებს – გამიჩნდა განცდა, რომ მუდმივად მაკვირდებიან. მე საკმაოდ ახლოს ვიცნობ სასტუმროს მენეჯმენტს, რაც ზოგიერთებში ჩემს მიმართ შურს აღვივებს. ისინი ალბათ საკუთარ თავს ეკითხებიან, რით დავიმსახურე ასეთი პატივი.  სამწუხაროდ, ნიადაგი, რომელზეც იდეალური სტუმარი  დგას, მოდური, მაგრამ სუსტი და არამდგრადია.  აქ ჩემი სტატუსი და პრივილეგია(და არა მხოლოდ აქ, ასეა მთელ მსოფლიოში), ნაკლებადაა დამოკიდებული ჩემს რეზიუმეზე ან  მიღწევებზე. ის  უფრო მეტად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა თვალით მიყურებენ სასტუმროს მენეჯერი და დირექტორთა საბჭოს წევრები. ბუნებრივი იქნება, თუ ჩავთვლით, რომ შედეგად, ჩემი ფასეულობები ნაკლებად  მყარი და საკმაოდ ცვალებადია, რადგან ჩემი წარმატება აქ და, სხვათაშორის, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ბევრწილად ემყარება იმას, თუ რამდენად ვახერხებ ჩემი იმიჯის მართვას მრავალფეროვანი აუდიენციის წინაშე.

 

მიუხედავად იმისა, რომ დროსთან ერთად, დიზაინერული გემოვნება და კარგი მანერები  მეტად  განმივითარდა, ფიზიკურ ძალასთან და გამბედაობასთან დაკავშირებული ახალი პრობლემები  არა მხოლოდ ჩემს მომავალს, არამედ, სასტუმროს სხვა თანამშრომლების ყოფნა-არყოფნასაც დაემუქრა. არა მგონია, გამომადგეს სინატიფე, რომელიც იდეალური სტუმრის რანგში გამოვიმუშავე,  როცა გარეთ სიღატაკეს, ეპიდემიასა და ომს შევეჯახები. სასტუმროს მენეჯერის გოგონა უკვე გაიზარდა და ახლა უკვე კოლეჯში მიდის, ხოლო თავად სასტუმროს მენეჯერი კი ხუმრობით ყოველდღე პენსიაში გასვლით იმუქრება. ის მამშვიდებს და მარწმუნებს, რომ მე სანერვიულო არაფერი მაქვს. „არამგონია, ისევ ძველ ცხოვრებასთან დაბრუნებამ მოგიწიოს“ – მეუბნება ის, „სასტუმროს მენეჯერის გარდაცვალების ან პენსიაში გასვლის შემდეგ, წესით, იდეალურმა სტუმარმა მემკვიდრეობად მისი გვირგვინი უნდა მიიღოს.“ ამასთან,  მარწმუნებს, რომ სიკვდილამდე სამსახურისთვის თავის დანებებას არ აპირებს.

 

***

სასტუმროში ცხოვრების  წლები „პატანის“ ხალათებში გავატარე. ცისარტყელას ყველა ფერის ხალათი ისე მეცვა, როგორც ჩვეულებრივი ტანსაცმელი. მათში თავს ისე მოხერხებულად ვგრძნობდი, რომ სულ გადამავიწყდა, თუ ოდესმე ჯინსი ან შარვალი მცმია.  სამკერვალო იმავე ქუჩაზე მდებარეობს, რომელზეც სასტუმრო დგას. სასტუმროს თანამშრომლები, საბოლოოდ, ჩემი სამოსის, არწივისებრი სახის,  წვეტიანი ცხვირისა და თხელი აღნაგობის გამო, პაკისტანური წარმოშობის ადამიანად მიმიჩნევენ. მე ამ აზრს ვეწინააღმდეგები. იდეალური სტუმარი უნდა შეეცადოს, რეალური ნიღაბი ატაროს, ნიღაბი, რომელსაც არაფრის ფასად არ მოიხსნის. სასტუმროს თანამშრომლებს აღაფრთოვანებს ის ფაქტი, რომ ჩემს ურდუს ენაზე სრულყოფილად ვსაუბრობ, განსაკუთრებულად მაქებენ გამოთქმებისა და დიქციის გამო. ისინი ვერ ხვდებიან, რომ იდეალური სტუმარს არ აქვს ხილული წარსული, რომ მან ახალი სახე უნდა შექმნას  ლტოლვილივით, რომელსაც ქვეყნის საზღვრის გადალახვა უწევს. მე მათ ვუამბე, რომ ჩემი წინაპრები პეშავარიდან და ჯალალაბადიდან არიან, რომ ჩემი დიდი ბებია დედის მხრიდან, პატანი იყო და პუშტუს ენაზე ლაპარაკობდა. სიმართლე კი ისაა, რომ ურდუ ძალიან გვიან ვისწავლე, რადგან ვიცოდი – ის იყო მიმოწერისა და პატივისცემის გამოხატვის ენა, ენა, რომელიც დიდ მოგოლთა იმპერიის სამეფო კარზე აღზევდა.სწორედ იგი  შეეფერებოდა დიდგვაროვან ადამიანებსა და იდეალურ სტუმარს. რადგან სასტუმრო გუჯარათის შტატში მდებარეობს, მე არომატული, ეგზოტიკური ხილს უნდა ვგავდე. თუმცა, ამ ბოლო დროს, სასტუმროს რამდენიმე ვიზიტორმა მენეჯერთან იჩივლა. მათი თქმით, აშკარა ისლამური ჩაცმულობა და საუბრის მანერა არ უნდა იყოს იდეალური სტუმრის იდეალური გამოხატულება.

***

მე სასტუმროში ნელა დავბერდი და ბოლო-ბოლო დავეუფლე სინატიფის ხელოვნებას.ვისწავლე, როგორ შევინარჩუნო კეთილგონიერება და არავინ დავამცირო. „პატანის“ ხალათები უსიცოცხლოდ კიდია კარადაში. მათ მხოლოდ  გვიან საღამოს ვიცვამ, როცა ყავახანა თითქმის დაცლილია. საუბრის ტონიც შევარბილე, განსაკუთრებით, ხორხისმიერი ბგერები, რადგან ხალხი მათ არაბული ენის დამახასიათებლად მიიჩნევს. ახალ ამბებს ჰინდის ენაზე ვუყურებ, და ვუსმენ პრემიერ მინისტრის გამოსვლას მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ვერ ვიგებ.

 

 

 

1 2 3