***

უკვე თითქმის სამოცის ვხდებოდი, როცა გაზაფხულზე მოულოდნელად პანდემიამ იფეთქა. ასაკის მიუხედავად, იმ დროს უფრო მხიარული ვიყავი, ვიდრე ახალგაზრდობაში. სასტუმროს მენეჯერი, ჩემზე ორი წლით უფროსი, ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების გართულების შედეგად გარდაიცვალა. მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ის არა მხოლოდ მენეჯერი, არამედ სასტუმროს მფლობელიც ყოფილა. მარტოხელა ადამიანი ძალიან არ ბერდება. თმის გაჭაღარავებასთან ერთად, რაც საკმაოდ მოდური ელემენტია, წონაში საგრძნობლად დავიკელი. წელი უფრო მეტად დამივიწროვდა და ხანშიშესულ ადონისს დავემსგავსე, რის გამოც სასტუმროს მდიდრულ მოჩუქურთმებულ ავეჯს უფრო მეტად შევეფერები.

როგორ  მოიქცეს ან რა სახით გამოჩნდეს სასტუმროში იდეალური სტუმარი პანდემიის პირობებში?  საერთოდ თუ არის მიზანშეწონილი, რომ ჩემი ოთახიდან გამოვიდე? რაღა იდეალური სტუმარი ვიქნები, თუ ოთახში გამოვიკეტები და სრულ იზოლაციაში მოვექცევი?  სასტუმრომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ, სოციალური დისტანცია სხვამ თუ არავინ, იდეალურმა სტუმარმა მაინც უნდა დაიცვას, იდეალური ქცევა ხომ იდეალების  მსახურებაა.  თავდაპირველად, მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ თავის მედია საიტებსა და სასტუმროში განლაგებულ ტელევიზორების მონიტორებზე ჩემი ფოტოები გაევრცელებინა, სადაც ნაჩვენები იქნებოდა, როგორ ვზივარ ჩემს ოთახში იზოლირებული ან როგორ ვამზადებ ყავას ახლადდამონტაჟებული „ნესპრესოს“ აპარატით. მაცივარი გამოტენილია საჭმლითა და სასმელით, რომელსაც ვადა სულ მცირე ერთი წელი აქვს. თუმცა, ფოტოები არც ისე შთამაგონებელი აღმოჩნდა, რადგან სტუმრებმა შენიშნეს, რომ იდეალური სტუმარი ყველა ფოტოზე მარტოა.

 

ამის საპასუხოდ, სასტუმრო იდეალური სტუმრის მარტოობის დადებითად შეფასებასა და რომანტიზირებას შეუდგა.  ამბობდა, რომ თავის ოთახში იზოლაციაში მოქცეული იდეალური სტუმარი თავის ფიქრებსა და ღრმა ფილოსოფიურ განსჯებში იყო ჩაფლული. თანდათანობით, ვიდეო რგოლები, სადაც მე ყავას ვსვამ (ორმოცდაათს რომ გადავცდი, ჩაიდან ყავაზე გადავედი, რაც, ალბათ სიბერის ნიშანი უნდა იყოს), ან ფანჯრიდან ვიხედები, ვირუსივით გავრცელდა და თავადაც ვირუსს დაემსგავსა.  ხორცი შევასხი თუ არა იმ იდეას, რასაც იდეალური სტუმარი გულისხმობს, არ ვიცი;  სტუმარი, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში მივხვდი, არ არის  გამორჩეული ადამიანი. ჩემი სახე თანდათანობით, ასოცირებული გახდა დახვეწილობასთან, მაშინაც,  როცა სასტუმროს ნომერში მარტო მიწევდა დარჩენა.

 

როცა ვირუსმა ნელ-ნელა უკან დაიხია, ყავახანაში ჩამოსვლას მოვუხშირე, მაგრამ ხალხს უწინდებურად აღარ ველაპარაკები. სასტუმროს პერსონალი იმ ავადსახსენებელი წლების შემდეგ შეიცვალა, რის გამოც, ადრინდელი კეთილი ურთიერთობების აღდგენა გამორიცხულია. კარანტინის პერიოდმა დამამუნჯა, თანაც, რადგან მთელი ეს დრო ყველა მხედავდა, ჩემს ოთახში, სრულ მარტოობაში, რამხელა ნეტარებით მივირთმევ  ბელგიურ შოკოლადს ან ვსვამ Perrier -ის წყალს, ალბათ თვლიან, რომ სასტუმროში იდეალური სტუმრის შესანარჩუნებლად, უმჯობესია, ზედმეტად არ შემაწუხონ და ოთახში მარტო დამტოვონ.

 

 


დარჯილინგი — ქალაქი ინდოეთშიდასავლეთ ბენგალის  შტატშის უკიდურეს ჩრდილოეთით, აღმოსავლეთ ჰიმალაის მთებში (დაახლოებით 2185 მსიმაღლეზე). აშენდა ბრიტანელების მიერ, როგორცკოლონიური სამთო სადგური (ინგლ. hill station).[1]

უშტუნები  ან ავღანელები — აღმოსავლეთ ირანული ეთნიკური ჯგუფის ხალხი, რომელიც ცხოვრობს ძირითადად ავღანეთსა და პაკისტანში.

 

 

                                                                                                   თარგმნა  დალილა გოგიამ

 

 

 

 

 

1 2 3