განათების დახმარებით განსაკუთრებული ხატოვანება ენიჭება პერსონაჟბის პორტრეტებს და მსახიობების მიერ გათამაშებულ ემოციებს დამატებითი მეტყველი დეტალები ემატება, იქნება ეს დაცვარული შუბლი თუ ჭუჭყიან სახეზე სინათლისგან დატოვეული თეთრი კვალი. დეკორაციები ავტონომიურ სივრცეებად გარდაიქმნა, რომლებიც გმირების ფსიქოპორტრეტს გამოხატავენ,ხოლოსურათის მთავარი სიმბოლო, სამურაის ეკიპირება,  ღვთაებრივი სხეულივით არის ნაჩვენები და შუქ-ჩრდილების დახმარებით გრძნეულების მატარებელ ძალად წარმოჩინდება.ეს უკანასკნელი შეგვიძლია ავტორიტარიზმის ხატებადაც მივიღოთ, როგორც ფეოდალისტური სტრუქტურის მკვებავი მეტაფორა, რომელიც შემდეგ გიგანტურ კორპორაციებად ტრანსფორმირდა, შეიცვალა სახე, მაგრამ ბუნება უცვლელი დარჩა.

ტრადიციული იაპონური სიმებიანი და დასარტყამი ინსტრუმენტებით შექმნილი მუსიკალური აკომპანიმენტი დაძაბული ატმოსფეროს შექმნას უფრო მეტად უწყობს ხელს, თუმცა მუსიკალურ ნაწილზე მნიშვნელოვანი ფილმში ხმის რეჟისურა გახლავთ, რომლის მეშვეობითაც ქარის შრიალი კლიმატის აღმნიშვნელიდან მოქმედების უშუალო მონაწილედ გადაიქცევა და სანახაობრივ და რეალისტურ ორთაბრძოლის სცენებს საუკეთესო საუნდტრეკად ევლინება. ორთაბრძოლის სცენები არა დეკორატიული, არამედ ნამდვილი კატანებითაა გადაღებული და ხიფათის და საშიშროების განცდა ერთიორად იზრდება, რასაც დაპირისპირებული პერსონაჟების სახეზე, ქორეოგრაფიაზე და სცენებში არსებულ დრამატულ მუხტზეც მარტივად შენიშნავთ.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, „სეპუკუ“ ერთ-ერთი ყველაზე თავბრუდამხვევი, მისტიური, ემოციური და საინტერესო სურათია, რისი ნახვის ბედნიერებაც შეიძლება საკუთარ თავს მიანიჭოთ.

 

 

 

 

 

1 2 3