4 ოქტომბერს, იაპონური კინოს ერთ-ერთი მონუმენტური რეჟისორის, მასაკი კობაიაშის გარდაცვალებიდნ 25 წელი გავიდა. ამიტომ დღეს გავიხსენებ მისი ფილმოგრაფიის საუკეთესო ნიმუშს და ამასთან იაპონური კინემატოგრაფის ერთ-ერთ თვალსაჩინო კულტურულ ძეგლს, კინოფილმს სახელწოდებით –  „სეპუკუ“, რომელიც საერთაშორისო კინო წრეებში „ჰარაკირის“ სახელით გავრცელდა. ჰარაკირი გახლავთ თვითმკვლელობის ნაჩქარევი ფორმა, როდესაც ინდივიდი ასრულებს სუიციდს მუცლის გამოფატვრით და უაღრეს ტკივილს განიცდის, სანამ სხეული სისხლისგან არ დაეცლება. სეპუკუ უფრო ჰუმანური თვითმკვლელობის ფორმაა, როდესაც რიტუალური მუცლის გაკვეთის შემდეგ, სეკუნდანტი თავს აჭრის ინდივიდს და მომაკვდავის ტანჯვას წერტილს უსვამს. იქიდან გამომდინარე, რომ ჰარაკირი უფრო ფართოდ გავრცელებული ტერმინია, ფილმს დასავლური საზოგადოება ამ სახელით იცნობს.

მიუხედავად იმისა, რომ სამურაის ცხოვრების წესი და კოდექსი მნიშვნელოვან როლს თამაშობს სიუჟეტში, ფილმი სოციალურ უსამართლობაზე, კლასობრივ პრობლემებზე და ფეოდალური წესრიგის გავლით იმ პერიოდის, ანუ ფილმის გამოსვლის, 1962 წლის  იაპონიის უახლესი წარსულის და აწმყოს, მაშინდელი პოლიტიკური ცხოვრების კრიტიკას წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც იაპონიაში ფეოდალიზმი ჩამოინგრა, მისი ადგილი დასავლურმა კაპიტალიზმმა დაიკავა, თუმცა ქვეყანა ორგანულად არ მისულა ამ ეკონომიკურ წესრიგამდე, ეს იყო იმიტაციის მცდელობა, საკუთარი ისტორიული, ტრადიციული, მორალური ფესვების თანდათანობითი უარყოფა და სწრაფი ტემპით ამერიკის მიბაძვა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ როდესაც იაპონიაში კაპიტალიზმის ჩანერგვა მოხდა, მისი ხელშემწყობი და სახელმწიფოსადმი დამყოლი პირები არა ფერმერები, ან მუშები ან ვაჭრები, არამედ სამურაის კლასი გახლდათ.

 

 

1 2 3