კობაიაშიც ალეგორიულ ნარატივს სწორედ ამ მოტივებზე აგებს და უპირისპირდება მანკიერ იერარქიულ სტრუქტურებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იაპონიის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში აღმოცენდა. ფილმის მთავარი გმირი, რონინი ანუ ბატონის გარეშე დარჩენილი სამურაი სახელად ჰანშირო, მოქმედი და შეძლებული კლანის სახლში მიდის და ითხოვს ღირსეული სეპუკუს რიტუალის აღსრულების შესაძლებლობა მისცენ, თუმცა მისი მიზანი არა სიცოცხლესთან გამომშვიდობება, არამედ კლანისფარისევლობაში მხილება და შურისძიება გახლავთ, რომლის მოტივებსაც თანდათანობით გამცნობთ რეჟისორი.

თხრობა არათანმიმდევრული სტრუქტურით მიმდინარეობს და აერთიანებს წარსულის მოგონებებს თუ სხვადასხვა პერსონაჟების პერსპექტივებს. თუმცა მთავარი, რაც ყოველი მათგანის ესენციურ ნაწილს წარმოადგენს, ღირსების თემის ირგვლივ მედიტაციაა. კობაიაში, ისევე როგორც მისი მთავარი პერსონაჟი, თვლის, რომ არსებობს იდეები, რომლის გამოც ღირს სიკვდილი, თუმცა მკვლელობა უღირსი და გაუმართლებელი აქტია. რეჟისორი საოცარი სიმშვიდით და წყნარი ტემპით ანვითარებს ისტორიას, რომელიც სულ უფრო სასოწარკვეთილ და მრისხანებით სავსე ამბად გარდაიქმნება. ტაცუია ნაკადაი ჰანშიროს როლში ზედმიწევნით იმეორებს რეჟისორის მიერ დამკვიდრებულ ტემპს და აზიური კინოს ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ და გამოკვეთილ პერფორმანსს ქმნის იაპონური სამსახიობო სკოლისათვის დამახასიათებელი ექსპრესიულობის ყოველგვარი გამოვლინების გარეშე.

კობაიაში ფართო ლინზებით, შავ-თეთრ ფირზე აღბეჭდავს მოქმედებას და გრანდიოზულ მიზანსცენებს გვთავაზობს, სავსეს მისტიფიკაციით, ელეგანტური სიმეტრიით და შეზღუდული ფერთა პალიტრის მიუხედავად, საოცრად ესთეტური ტონალობებით. მნიშვნელოვანი დიალოგის მომენტებს რეჟისორი მხატვრული ტილოსავით აგებს და სხვადასხვა დისტანციაზე მყოფ ობიექტებს კამერის საერთო ფოკუსში ამყოფებს, რათა ტოტალობა არ დაკარგოს და ხაზი გაუსვას იმ ფაქტს, რომ მომხდარში ინდივიდუალური დანაშული არ ფიგურირებს, ეს სისტემური მანკიერების შედეგია, რომელზეც ყველა მის სამსახურში მდგარი ადამიანი არის პასუხისმგებელი.

 

 

1 2 3